დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"ბატონმა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. მინდა თქვენ მაინც გესმოდეთ - დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციურად არაფერი უშლის ხელს, რომ წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს. ამას მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ, რადგან პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ ველოდებით, რომ ჩვენი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოს და კონსიტუციის მიმართ", - განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძის თქმით, დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემულობა და კონსტიტუციის დარღვევაა.
"ჩვენი განცხადებით ვაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვცეთ პატივი ხალხის აზრს, სახელმწიფოს და დემოკრატიას. ველოდებით რომ ანალოგიურს გააკეთებს "ქართული ოცნებაც". დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა. იმედი მაქვს ეს განცხადება დარჩება ივანიშვილის პოლიტიკური გამოუცდელობით გაკეთებულ განცხადებად", - აღნიშნა მან.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი მისი გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნებოდა.