"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ახალაია მიმართვაში ამბობს , თუ ირაკლი ალასანია ვერ აღიარებს არჩევნებში დამარცხებას, ეს მისი პრობლემაა.
"მე ვნახე ტელეეთერით ალასანიას ბრიფინგი, სადაც ის აცხადებს, რომ ჩვენ თითქოსდა ჩავიდინეთ სიყალბე და გავაყალბეთ არჩევნები. სინამდვილეში ამის მცდელობა მათ თავად ჰქონდათ და ამის ფაქტიც არსებობს. დაკავებული იქნა პიროვნება, რომელიც 2 პასპორტს ატარებდა და ცდილობდა ხმა მიეცა ქართული ოცნებისთვის. თუ პრეტენზია მას გააჩნია გვიჩივლოს სასამართლოში და ჩვენ წავრსდგებით სასამართლოს წინაშე და არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვექნება, რადგან ჩვენ მოვიგეთ სუფთად ეს არჩევნები. ჩვენი პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნები ყოფილიყო სუფთა, გამჭვირვალე და ეს იცის ზუგდიდის მოსახლეობამ, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქ რომ ყოფილიყო რაიმე საეჭვო, ეს მაინც გავრცელდებოდა და მთავარი ისაა, რომ მოსახლეობამ თავად იცის. მთავარი ისაა, რომ ალასანიამ წააგო და, თუ ვერ აღიარებს წაგებას, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი", - განაცხადა ახალაიამ.
ამასთან, ახალაია მადლობას უხდის საკუთარ ამომრჩეველს და აცხადებს, რომ მიუხედავად მათი დაშინების მცდელობისა, მათ თავინათი ღირსება არ დათმეს.
"მინდა, მადლობა მოვახსენო ჩემს ამომრჩეველს. მიუხედავად იმისა, რომ ტრიალებდა დიდი ფული, ადგილი ჰქონდა შეშინების მცდელობებს, ამომრჩეველმა თავიანთი ღირსება არ გაცვალეს ანგარებაზე და დამიჭირეს მხარი. ამის გამო მათ წინაშე ვიხრი ქედს და ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ გვერდში დავუდგები როგორც ყოველთვის", - აღნიშნა ახალაიამ.