ჩემი მეუღლე გაიტაცეს და ამაში ხელისუფლების ხელი ურევია, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ განაცხადა.
როგორც ლობჟანიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მეუღლის სახელით Youtube-ზე განთავსებული აუდიოჩანაწერები არ შეიძლება სურმავას ატვირთული იყოს, რადგან მას კომპიუტერთან მხოლოდ ზედაპირული შეხება ჰქონდა.
"გამორიცხულია, რომ ეს ჩანაწერები ჩემი მეუღლის ატვირთული იყოს. მას კომპიუტერთან ძალიან ზედაპირული ურთიერთობა ჰქონდა. ჩემი დახმარების გარეშე სკაიპშიც კი ვერ შედიოდა. დარწმუნებული ვარ, ის არ აწარმოებდა ფარულ ჩანაწერებს და ამაზე ხელი არ მიუწვდებოდა იმიტომ, რომ ამის გაკეთება არც იცოდა", - განაცხადა მაკა ლობჟანიძემ. მისივე განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდება.
"ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ჩემი მეუღლე საუბრის დროს არაადეკვატურია. მას ორჯერ ვესაუბრე და აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაშია. თითქოს ყურმილი ხელიდან უვარდება, ვერ აზროვნებს, ვერ ლაპარაკობს, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშაა. ამასთან, ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ მას თვალები გაფართოებული აქვს, პირი გამშრალი. წინ რაღაც ედო და იმას კითხულობდა", - აღნიშნა ლობჟანიძემ.
ამასთან, ლობჟანიძე მეუღლეს მიმართავს და მოუწოდებს "ფსიქოლოგიურად არ გატყდეს". გარდა ამისა, ის სამართალდამცველებსაც მოუწოდებს, მეუღლე უვნებელი დაუბრუნონ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სურმავას ცოლის ძმამაც. ლევან ლობჟანიძის თქმით, ბესო სურმავა ერთგული ადამიანია და მისი მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა.
"შეარჩიეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ერთგული ადამიანი და მისი საშუალებით ცდილობენ დაანახონ საზოგადოებას, თითქოს კოალიციაში განხეთქილებაა. ეს არის სისულელე. კაცი აშკარად ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ არის. ორმეტრიანი ადამიანი ქუჩიდან გაიტაცეს და ამას ჩვენ პირდაპირ მთავრობას ვუკავშირებთ", - დასძინა სურმავას ცოლის ძმამ.