ის ვიდეოკადრები, რომელმაც გლდანის ციხის საიდუმლო გამოამზეურა, ჩვენი სახელმწიფოს სამარცხვინოდ, ქვეყანაში არსებული იმ მმართველი რეჟიმის სიმბოლოა, რომელმაც მართვის ის მიკრომოდელი შექმნა სასჯელაღსრულების სისტემაში, რომლის აშენებასაც ბოლო წლებია, მთელ ქვეყანაში ცდილობს. თავის დროზე გლდანის ციხის შენობა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კომპანიამ ააშენა და სიმბოლურია, რომ 2007 წელს ამ რეჟიმს ემსხვერპლა როგორც ბიზნესმენის, ასევე მისი უცხოელი პარტნიორების ლამის მთელი ქონება, სამშობლოდან წასვლამ მოუწია ბატონ ქიბარ ხალვაშსაც. გვესაუბრება გლდანის ციხის ამშენებელი კომპანია "ინტერნეიშნელ ბილდინგის" მთავარი ინჟინერი მალხაზ ოსაძე:
- ნანახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სადომაზოხიზმითაა დაავადებული. ამიტომ ჩამოჰყავს დოქტორი დოტი. ეს ქალბატონი გახლავთ სექსუალური მაზოხისტი. რა კატეგორია სარგებლობს მაზოხისტის მომსახურებით, ამაზე პასუხი ფსიქოლოგებისთვის დამითმია. ამის ნიშანი იყო ის სისასტიკე, რომელიც 7 ნოემბერს და 26 მაისს ჩაიდინეს. ამ წამების მანქანის შემოქმედნი უმაღლეს ხელისუფლებაში არიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი.
ერთ-ერთი თათბირის მიმდინარეობისას იმჟამინდელმა პროკურორმა ადეიშვილმა (ეს გახლდათ 2006 წლის თებერვალი) გამოგვიცხადა, დღეს ჩვენ გვყავს 12 ათასი პატიმარი, სექტემბერში უნდა გვყავდეს 20 ათასი და წლის ბოლოს 30 ათასიო. არ მეგულება დღეს არც ერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება წინასწარ გეგმავს, რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ წლის განმავლობაში. როდესაც ვუყურებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გასქელებულ შუბლებს, ვისმენ მათ უსირცხვილო განცხადებებს, ვრწმუნდები, რომ მათმა ბელადმა "ნაცმოძრაობაში" თავი მოუყარა ჩვენი გენის ბინძურ ნაწილს.
რა ტვინში უნდა დაბადებულიყო ის, რასაც ეს ნაძირალები ჩვენს ციხეებში აკეთებდნენ?! პრეზიდენტმა დაგვამშვიდა, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდებაო, ვეთანხმები პრეზიდენტს, ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა ლიბიაში, კადაფიც ისე იქცეოდა ლიბიის ციხეებში, როგორც სააკაშვილი იქცევა საქართველოში, როგორ დაასრულა სიცოცხლე კადაფმა, ვნახეთ. ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ხდება სააკაშვილის გარეშე. მოგეხსენებათ, ეს გლდანის ციხე ჩვენმა კომპანიამ ააგო. ბაჩო ახალაიამ ათჯერ მაინც გადაგვაღებინა ციხის ფასადის კედლები, ვიდრე სააკაშვილის საყვარელი ფერთა გამა არ მიიღო. ამის შემდეგ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ სააკაშვილმა არ იცოდა რაც ციხეებში ხდებოდა? იქნებ არც პროკურატურამ და იუსტიციის მინისტრმა იცოდნენ, თუ როგორ "ჩუქნიდა" ციხეში შეყრილი ათასობით ბიზნესმენი თავის ქონებას სახელმწიფოს, ან როგორ იფორმებდნენ "ნაცმოძრაობის" ცნობილი "სახეები" ციხეში ჩაყრილი ბიზნესმენების ქონებას. ეს ხდებოდა მათზე არაადამიანური ზეწოლისა და ტერორის შედეგად. მრავალ ასეთ ადამიანთან მქონია საუბარი და კარგად ვიცი, რა დღეში ყრიდნენ. თუ ბიზნესმენი უარს ამბობდა, ისინი ემუქრებოდნენ ტუბერკულოზითა და შიდსით დაავადებით. თუ მაინც უარობდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა წამება და გაუპატიურების მუქარა. ეს თავისთავზე გადაიტანა ჩვენმა ხუთმა თანამშრომელმა, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ დაიჭირეს და მძევლებად ჰყავდათ. ამგვარი ზეწოლით აიძულეს ქიბარ ხალვაში გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების სანაცვლო გირაო. უპრეცედენტო რამ მოხდა იმხანად, როგორც კი ირაკლი ოქრუაშვილს წამების შედეგად აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს, გამოუშვეს ციხიდან ისე, რომ გირაო არ იყო გადახდილი. მხოლოდ პოსტფაქტუმ გვაიძულეს, გადაგვეხადა გირაოს თანხა.
- ბატონო მალხაზ, იქნებ გაიხსენოთ 2007 წელს როგორ ვითარდებოდა მოვლენები?
- ამას წინათ მოვისმინე ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას მონოლოგი, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში შესანიშნავი ბიზნესგარემოა. ტყუის ბატონი გეგენავა, ქვეყანაში არ არსებობს ბიზნესგარემო! ყველას კარგად ახსოვს, როგორ გაანადგურა ხელისუფლებამ ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი კომპანიები "არტი" და "ბილდინგ კომპანი", "პრიზა" და "ლილო". ერთ დღეს მოსპეს ხუთი ათასი სამუშაო ადგილი. მახსოვს, დავების საბჭოს სხდომაზე, როცა უსუსურ და ყალბ ბრალდებებს ვუსმენდი, იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურს ვუთხარი, არა გრცხვენიათ, ასეთ საქმეს როგორ აკეთებთ-მეთქი, რა მიპასუხა, იცით? - რა ვქნა, ბატონო, სამსახური მაქვს პროჭული და მეც პროჭივით ვიქცევიო. ძალიან ბევრ ინტერვიუში ვთქვი უკვე, რომ იმ პერიოდში ჩვენთან მოლაპარაკება ხელისუფლების მხრიდან ჯერ დათა ახალაიამ დაიწყო, საერთოდ რა ეკითხებოდა ამ კაცს, არ ვიცი, მერე კი ბაჩო ახალაიამ განაგრძო. ეს ბაჩო მეუბნებოდა, ხელისუფლებას უნდა შერიგება და მოგვეცით "ბილდინგ კომპანი" და დანარჩენ კომპანიებს აღარ წაგართმევთო. არ იცით, როგორ გვევაჭრებოდნენ ჩვენი დაკავებული თანამშრომლებით, ქონების წილებს ითხოვდნენ თითოეული მათგანის გათავისუფლებაში. ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკება შედგა, გაათავისუფლეს მძევლები, "არტს" და "პრიზას" ახსნეს ყადაღა. ცოტა ხანში გამომიძახეს ისევ ბაჩო ახალაიასთან, რომელმაც მთხოვა, ჩამომეყვანა ქვეყანაში ქიბარ ხალვაში. ეტყობოდა, ძალიან სჭირდებოდათ. კატეგორიული უარი ვუთხარი. ბაჩო დამემუქრა, მაშინ ნახავთ, რაც დაგემართებათო. მუქარა მალე აასრულეს - ორი დღის შემდეგ დაწვეს "არტის" საწყობები.
როდესაც ეს ხელისუფლება აქვეყნებს საარჩევნო პროგრამას დასაქმების და ეკონომიკის განვითარების შესახებ, კვლავაც ცრუობს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას, სურვილიც რომ გაუჩნდეს, ვერასოდეს შექმნის ჯანმრთელ ბიზნესგარემოს და ინვესტიციების დამცავ მექანიზმებს. ამისთვის საჭიროა თავისუფალი სასამართლო, დეპოლიტიზებული სამართალდამცავი ორგანოები. არადა, სწორედ ამ სტრუქტურებზე დგას ეს დამნაშავე ხელისუფლება.
- ხელისუფლების უმაღლესი პირები აცხადებენ, რომ ციხეში არსებული ვითარების შესახებ არაფერი იცოდნენ...
- ეს სრული სიცრუეა. სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი "ნაცმოძრაობის" ელიტის ბრძანებით, კუდ-ის ოფიცრებმა გაიტაცეს და სასაფლაოზე აწამეს, გირგვლიანი მოკლეს. ხელისუფლება ხშირად ხელს იშვერს წინა ხელსუფლებისკენ და გვამუნათებს, კარგი იყო, ფანჯრებიდან რომ ცვიოდნენ პატიმრებიო?... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ თქვენ ხომ ფანჯრებამდეც არ მიუშვით ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. ქუჩაში ჩახოცეთ ბუტა რობაქიძე და კიდევ არაერთი ახალგაზრდა. იქნებ იმ ბიჭებს, რომლებსაც ციხეში აუპატიურებდნენ, ერჩივნათ კიდეც ფანჯრიდან გადმოხტომა და სიკვდილი.
ხელისუფლება შოკში ჩააგდო ამ ამბების გამოაშკარავებამ და არა ჩადენილმა საქციელმა. დღეს ცდილობენ ზღაპრები შეთხზან და შემკვეთებად თამაზაშვილი და "ქართული ოცნება" წარმოადგინონ. გასაოცარია, სადამდე მიდის ამ ყალბი ადამიანების ცინიზმი.
ქვეყანაში მოკლეს პრემიერმინისტრი და ამ ამბის გამოუძიებლობით დაამტკიცეს, რომ მკვლელები ხელისუფლებაში არიან. მე ვიცი, რომ ბატონი ზურას ძმამ, გოგა ჟვანიამ და მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ქადაგიძემ იციან, ვინ არის მკვლელი. ქალბატონო ნინო და ბატონო გოგა, დაასახელეთ ზურაბ ჟვანიას მკვლელი. მთელი საქართველო დადგება თქვენი ოჯახის, თქვენი შვილების დასაცავად!
ხელს იშვერენ "ქართული ოცნებისკენ" და გაიძახიან, ამათ უკან უნდათ დაგვაბრუნონო. მე მინდა ვიკითხო, არსებობს ამის უკან კიდევ რაიმე გზა? სააკაშვილმა დაგვაბრუნა ერთპარტიული, ერთი არაჯანსაღი, უწიგნური კაცის ტირანიის ქვეშ, დაგვაბრუნა ქვის სროლის ხანაში.
დღეს ისევ გამოჩნდნენ ნიღბიანი ყაჩაღები (ხელისუფლების რეზერვი) გორში თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და უმოწყალოდ სცემეს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე - ძალადობა, სადიზმი, მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი პოლიცია დამნაშავეებს ვერ დააკავებს. ამბობენ, თავდამსხმელებიდან სამი კაცი ამოიცნეს. ესენი გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური და მიხეილ თავხელიძე არიანო. ახლა ამტკიცონ, რომ არ იყვნენ იმ ნიღბებს ამოფარებული ნაძირალები სწორედ ეგენი.
სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ხელისუფლებისგან ჩამოშორება იქნება ყველაზე მეტი სარგებელი, რომელსაც ქვეყანა და ხალხი მიიღებს პირველ ოქტომბერს.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)