"ერთმა ჩხეიძემ არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, ხოლო მეორემ - არაჩვეულებრივი ბავშვები"

"ერთმა ჩხეიძემ არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, ხოლო მეორემ - არაჩვეულებრივი ბავშვები"

ნანი ჩიქვინიძის ბავშვობა ერთი ლამაზი ზღაპრის გუდასავითაა თავმოკრული. იმ ფილმებმა, რომლებშიც ბაღის პერიოდიდან მოყოლებული იღებდნენ, პატარა ასაკიდანვე გახადა საზოგადოებისთვის ცნობილი. ფილმებმა "მაგდანას ლურჯა", "სხვისი შვილები", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", დიდი სიხარული მოუტანა და იმ პერიოდზე დღემდე დიდი სითბოთი ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობის პროფესიაში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებას არ გეგმავდა, მაგრამ რეზო ჩხეიძის დაჟინებული მოთხოვნით, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. ჯერ ვერაზე ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ვაკეში გადავიდა. ნანი ჩიქვინიძემ 55-ე სკოლა დაამთავრა. მისი კლასიდან უმეტესობა სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, მხოლოდ ორად ორი ადამიანი გაჰყვა ხელოვნების გზას - ერთი მსახიობი ნანი ჩიქვინიძეა და მეორე რეჟისორი ოთარ შამათავა.

დღეს ნანი ჩიქვინიძე მარჯანიშვილის თეატრში ორ სპექტაკლშია დაკავებული. რეპერტუარშია: "სასიყვარულო ბარათები" და "ბრმა მხედველი"...

- დედა პროფესიით ეკონომისტი იყო, ახალგაზრდობის პერიოდში მუშაობდა, მაგრამ მე რომ გავჩნდი, სამსახურს თავი დაანება. მამა სამხედრო პირი გახლდათ, პოლკოვნიკი. მეორე მსოფლიო ომის დროს ხუთი წელი წინა ხაზზე იბრძოდა. ძალიან განათლებული, წიგნიერი ადამიანი იყო. 17 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. ძალიან მწყდება გული, რომ იმ ასაკში დავკარგე მშობელი და იმავდროულად დავკარგე პიროვნება, ვისგანაც უკვე მოწიფულ ასაკში ძალიან ბევრი რამის შეძენა შემეძლო.

- პირველი თქვენთვის მნიშვნელოვანი მოგონება ბავშვობიდან დღემდე რა მოგყვებათ?

- შეიძლება, ეს დღევანდელი თაობისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ძალიან ადრეული ბავშვობიდან მახსოვს ერთი ფაქტი, რამაც ძალიან გამაოცა. დედ-მამა აფორიაქებულები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ და როცა მათ მივუახლოვდი, შემომესმა გვარი "ბერია". ეს ის დრო იყო, როცა ბერია დახვრიტეს და მახსოვს მათი შეშფოთებული, შეშინებული სახეები. ეტყობა, ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, ეს ფაქტი სინამდვილეს შეესაბამებოდა თუ არა და ამ თემის გარშემო ბჭობდნენ. მთელი ჩემი ოჯახი რეპრესირებული იყო, ორივე ბაბუა დახვრიტეს, დედას პირველი ქმარიც. სახლში შიშის დიდი მუხტი სულ იგრძნობოდა. ჩემი ბავშვობიდან მკვეთრად გამოხატული შთაბეჭდილება მშობლების შიში გახლდათ და ეს ჩემთვის საკმაოდ რთულად გადმოსაცემია.

- ქალბატონო ნანი, კინოსტუდიის წარმომადგენლები ბავშვებს ფილმებისთვის სკოლებში არჩევდნენ, თუმცა თქვენ ხუთი წლის ასაკში აღმოჩნდით "მაგდანას ლურჯაში". ეს როგორ მოხდა?

- სრულიად შემთხვევით. მაშინ იმ სახლის მესამე სართულზე ვცხოვრობდით, სადაც ზემელის აფთიაქი იყო. შემდეგ ვაკეში გადავედით, მაგრამ ზემელის ეზოდან ჩემი ბავშვობის მეგობარი მანანა ერისთავი შემომრჩა. აქტიური და მეტიჩარა ბავშვი ვიყავი. ეს მთელმა სანათესავომ და ახლობლებმა იცოდნენ. ერთ ჩემს ნათესავს ამ ფილმის ჯგუფის წევრისთვის ჩემ შესახებ უთქვამს და ზემელზე ჩემს მისამართზეც მიუთითებია, თუმცა იმ დროს ჩემთან არავინ მოსულა. უფრო სწორად, მერე გავიგეთ, რომ მისამართი არევიათ და ვერ მომაგნეს. ეს ამბავი დედას მეზობელთან რეზო თარხან-მოურავს მოუყოლია. იმ ოჯახის წარმომადგენლები კინოსტუდიაში მუშაობდნენ, დამავლეს ხელი და ისე წამიყვანეს, დედა არც გამომყოლია. ოთახში, სადაც შევედით, ბატონი რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე ისხდნენ, მნახეს და როლზეც დამამტკიცეს.

- ბავშვობის მეგობრებს შორის ალბათ ბატონი მიხო ბორაშვილიცაა...

- ჩვენი ოჯახები ძალიან დამეგობრდნენ. ხშირად ვიყავით ერთად. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ვახერხებთ შეხვედრას, როგორც უწინ. სამსახური, შვილები, შვილიშვილები და აქტიურად კონტაქტს ვეღარ ახერხებ, თუმცა, როცა ერთმანეთს ვნახულობთ, ვგრძნობ, რომ ისევ ძალიან ვუყვარვარ, ისევე როგორც მე მიყვარს და მინდა, ბედნიერი იყოს.

- ბავშვობის დასახელებული თვისებებიდან დღემდე რამე შემოგრჩათ?

- მგონი, არაფერი (იღიმის). იცით რა, მკვეთრად შემეცვალა ხასიათი და ეს ზუსტად როდის მოხდა ვერ გეტყვით. რასაკვირველია, ის სილაღე და სრული თავისუფლება ქცევაში, რაც ბავშვს ახასიათებს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ უფროს ასაკშიც გაგყვეს. სხვა ასოციაციას იწვევს, როცა მოზრდილი ადამიანი ხუთი წლის ბავშვივით იქცევა.

- რამე კონკრეტული მოხდა თუ უბრალოდ, წლების განმავლობაში შეგეცვალათ ხასიათი?

- ამის მიზეზი არ ვიცი. ლაღი ცხოვრება მქონდა, მშობლები არაფერში მზღუდავდნენ და ოჯახში ერთმანეთთან ურთიერთობისას არავითარი პრობლემები არ მქონია, მაგრამ ასე მაინც მოხდა. ბუნებით ძალიან ვგავარ მამას და მისგან გენეტიკურად ბევრი თვისება გადმომეცა. ის ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო. ბევრს ფიქრობდა ამა თუ იმ თემაზე, დიდხანს აზროვნებდა და ემოციას ძალიან იშვიათად ავლენდა. ის წყობიდან გამოსული არ მინახავს, ამას მე არ შევსწრებივარ, მაგრამ დედისგან გადმოცემით ვიცი ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ. როგორც წესი, ასე მშვიდ ადამიანებს ემართებათ. როცა წონასწორობას კარგავ, მერე ჩემს მტერს (იღიმის)!

- თქვენც ყოველთვის ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუ შეიძლება გაიხსენოთ, რას გამოუყვანიხართ წყობიდან?

- ასეთი რამ არ მქონია. გავცხარებულვარ, გავბრაზებულვარ, მაგრამ არ ვყვირი. ჩხუბიც არ მიყვარს. კატეგორიული ტონით შეიძლება, ორი-სამი ფრაზა ვთქვა, მაგრამ სხვა არაფერი. საერთოდ, ადამიანი მაშინ ბრაზდება, როცა უსამართლობის შეგრძნება აქვს. როცა მოვლენა ან ადამიანების საქციელი ზღვარს გადადის, ეს მომენტი ჩემთვის ძალიან რთულად აღსაქმელია. არ მიყვარს ტყუილი, თუმცა მითქვამს, ამას არ დავმალავ. ამ ცხოვრებაში ისე ვერ "ივლი", ხანდახან ელემენტარული ტყუილი რომ არ თქვა, მაგრამ როცა ტყუილის თქმა მიწევს, ძალიან არ მსიამოვნებს.

- ქალბატონო ნანი, თქვენს ცხოვრებას თან ჩხეიძის გვარი გასდევს - რეზო ჩხეიძემ თქვენს კარიერაში ითამაშა დიდი როლი, ხოლო თემურ ჩხეიძემ თქვენს პირად ცხოვრებაში. თუ შეიძლება, თქვენს შეხვედრაზე მიამბეთ...

- ერთხელ ბატონი რეზოს საღამოზე ვთქვი და ახლა გავიმეორებ: ერთმა ჩხეიძემ არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქა, ხოლო მეორემ - არაჩვეულებრივი ბავშვები-მეთქი (იღიმის). მე და თემური ერთმანეთს ინსტიტუტში სწავლის პერიოდში შევხვდით. მესამე კურსზე ვიყავი, როცა ის მიშა თუმანიშვილთან ასისტენტად მოვიდა. თემურის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. მისმა აზროვნებამ ძალიან დამაინტერესა. ის რით დაინტერესდა, ვერ გეტყვით (იღიმის). მერე თანდათან გაირკვა, რომ თემურის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მაგრამ ამ ამბავს მხოლოდ ჩემში ვინახავდი. ორი წლის შემდეგ თავად გაამჟღავნა, რომ არც ის იყო ჩემ მიმართ გულგრილი. სანამ დავოჯახდებოდით, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ხუთი წელი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში უნდა მივსულიყავი. იმ დროს თემური იქ უკვე მუშაობდა, მაგრამ იქ აღარ წავედი და მარჯანიშვილის თეატრში მივედი. ამგვარად თითქოს დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ (იღიმის)?! იმ ხნის განმავლობაში სისტემატურად არ ვხვდებოდით, ჩვენ შორის საკმაო დრო "ჩადგებოდა" ხოლმე, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ერთად ყოფნა გვინდოდა და როგორც აღმოჩნდა, მართლები ვყოფილვართ.

- რამდენი წელია ერთად ხართ?

- არ დამითვლია, 1975 წლიდან მოყოლებული, რამდენი გამოდის?!

- თქვენი ურთიერთობიდან მნიშვნელოვანი თარიღები თუ გახსოვთ და აღნიშნავთ?

- რა თქმა უნდა, მახსოვს. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩატარდა, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობიდან ცალკე ერთი და ორი შემთხვევის გამოყოფა ცოტა რთულია. რასაკვირველია, ჩემი ქალიშვილის, დეიკოს გაჩენა სულ სხვა მომენტია. ყველა ქალს შვილის შეძენასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეგრძნება და ემოცია აქვს. სხვა რა ვიცი, ძალიან ბევრი სიხარული მქონია, თავისთავად სირთულეებიც. ყოველთვის ძნელია, როცა ორი შემოქმედი ერთად ცხოვრობს, მაგრამ ალბათ რადგან ერთ საქმეში ვართ ჩართული, მისი კარგად მესმის. ვიცი, რომ როცა თემურმა ახალი სპექტაკლი უნდა გამოუშვას, იმ პერიოდში არ უნდა შევაწუხო. მისი ტვინი და გონება - ყველაფერი იმ საქმითაა დაკავებული. გამოუშვებს სპექტაკლს და მერე რაც გინდა დაავალე და რაც გინდა უთხარი. ასეთი ნიუანსები ყოველთვის გასათვალისწინებელია.

- საინტერესოა, როგორ იცვლება წინასაპრემიერო დღეებში ბატონი თემური?

- კი არ იცვლება, უბრალოდ, არაფერი არ უნდა დაავალო და არ უნდა მოსთხოვო, რადგან ის იმ დროს სხვა სამყაროშია. ალბათ ყველა ასეა, ისევე როგორც მე, როცა პრემიერა უნდა მქონდეს და ეს ბუნებრივია.

- რთულია სპექტაკლზე მუშაობა, როცა მეუღლეა თქვენი რეჟისორი?

- ძალიან რთულია. სიმართლე გითხრათ, თემურთან ბევრი არ მიმუშავია. მთელი ცხოვრება მედეა კუჭუხიძესთან ვმუშაობდი. როდესაც თემური მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი იყო, 12 წლის განმავლობაში მასთან ორი როლი ვითამაშე, დანარჩენი მედეას სპექტაკლები იყო.

- თუმცა ახლა "სასიყვარულო ბარათები" და "ბრმა მხედველი" თქვენი მეუღლის დადგმულია...

- დიახ. საერთოდ, სპექტაკლზე მეუღლე რომ გაკავებს, ასეთ დროს არანაირად არ გაქვს უფლება, ვერ ითამაშო და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ გაიღო. მაპატიეთ, ახლა ამას რომ ვიხსენებ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ გიამბობთ: როდესაც თემურმა "ჯაყოს ხიზნების" დადგმა გადაწყვიტა და როლები გაანაწილა, მე მარგოს როლზე ამიყვანა. თეატრში კინაღამ მინირევოლუცია მოხდა. ქალები კინაღამ გაგიჟდნენ. მსახიობები მიცნობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ეს პერსონაჟი არ მომესადაგებოდა. ყველამ ჩათვალა, რომ თემურმა ეს როლი იმიტომ მომცა, რომ მისი ცოლი ვიყავი, თუმცა სპექტაკლის შემდეგ ჩემი ოთხი კოლეგა სათითაოდ ამოვიდა ჩემს საგრიმიოროში, მომილოცეს და ერთგვარად ბოდიშსაც მიხდიდნენ. თქვეს, რომ შეცდნენ, როცა ფიქრობდნენ, როლს ვერ დავძლევდი.

- ერთმანეთისგან თუ განსხვავდება ის სპექტაკლები, როცა დარბაზში ან კულისებში თქვენი მეუღლეა და იცით, რომ თვალს გადევნებთ?

- არა, არ განსხვავდება, თუმცა ყველა მსახიობი გეტყვით, რომ პრემიერის დღეებში ორმაგად ნერვიულობ, რადგან დარბაზში ოჯახის წევრები, ახლობლები და ის ადამიანები სხედან, რომელთა აზრსაც პატივს სცემ. მახსოვს, თემურს რამდენჯერმე ვთხოვე, რომ არ ეთქვა ჩემთვის, როდის მოვიდოდა სპექტაკლზე ჩემი პედაგოგი მიშა თუმანიშვილი. როცა ბატონი მიშა სპექტაკლს ესწრებოდა, ვკვდებოდი, ისე ვნერვიულობდი. საერთოდ, ჩვენთვის, მსახიობებისთვის, სპექტაკლის და როლის საუკეთესო ვარიანტი მეშვიდე, მერვე სპექტაკლია, როცა შედარებით თავისუფლდები იმ შიშისა და შებოჭილობისგან, რომელიც თან სდევს საპრემიერო დღეებს. რამდენიმე სპექტაკლის წარმოდგენის შემდეგ დამატებითი ნერვიულობა გეხსნება, სცენაზე ფეხს გადადგამ და სხვა გარემოში ხვდები.

- დღესდღეობით თქვენი მეუღლე საქართველოში არ იმყოფება. ალბათ ერთმანეთს დღეში რამდენჯერმე ეხმიანებით...

- დიახ, პეტერბურგშია. ის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ ეტაპზე შენობა რემონტდება და სხვა ადგილას არიან გადასულები. ახლა თემური საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, უნდა, დასი გარემონტებულ შენობაში დააბრუნოს და მერე ალბათ საქართველოში წამოვა. დაბრუნდება, იმიტომ რომ იქ ვეღარ ჩერდება, თავის სახლში უნდა. მასთან მეც დავდივარ ხოლმე, ისიც ჩამოდის, მაგრამ ეს არ კმარა. ისე მოხდა, რომ მისი ბიოგრაფიისა და ცხოვრების მეორე ეტაპი ასე აეწყო. იქ ძალიან სჭირდებათ, თავს კარგად გრძნობს. ვერ ვიტყვი, რომ ის აქაც არ არის საჭირო და ამის განცდა არც მე მაქვს და არც მას, მაგრამ ის იქაც არ არის უცხოდ. ასე იშვიათად ხდება, თემური უცხო თეატრში კარგად აეწყო და თავის გარემოში აღმოჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრშია და გიორგი ტოვსტონოგოვი თავისი მენტალიტეტით, აზროვნებით, ხელწერით ქართველი იყო. შესაბამისად, ქართველი რეჟისორის ხელმძღვანელობის პრინციპი მათთვის უცხო არ ყოფილა. პეტერბურგში ქართველის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული მოკრძალება, მორიდება და სიყვარული ჰქონდათ და აქვთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება