ზურაბ ხარატიშვილი - საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოკამერების ყოფნა ამომრჩეველმა შესაძლოა, ზეწოლად განიხილოს

ზურაბ ხარატიშვილი - საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოკამერების ყოფნა ამომრჩეველმა შესაძლოა, ზეწოლად განიხილოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს დღის წესრიგიდან იმ დადგენილების მოხსნის პირობას ვერ აძლევს, რომლითაც შესაძლოა საარჩევნო უბნებზე, ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალოს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოკამერების ყოფნა ამომრჩეველმა შესაძლოა ზეწოლად განიხილოს, რაც საარჩევნო პროცესს და ამომრჩეველთა აქტივობას ხელს შეუშლის.

"ვხედავ რეალურ საშიშროებას, რომ მუდმივი გადაღება საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვნად დააშინებს ამომრჩეველს და აქტივობას შეამცირებს. გარდა ამისა, ამ პუნქტის ამოღებაზე რეკომენდაცია თავის დროზე ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დასკვნებში ჩაიწერა. გარდა ამისა, გეთანხმებით, რომ დაუშვებელია სრულიად აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა მე არ ვარ მინისტრი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, დადგენილების მიღების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, რადგან მოგეხსენებათ კომისია 13 კაცისგან შედგება და გადაწყვეტილებებიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. მისივე თქმით, დადგენილებას ერთი კონკრეტული სახელობითი ინიციატორი არ ჰყავს და იგი ე.წ. ბრეინშტორმინგის (გონებრივი შტორმი) დროს წარმოიშვა.

"ამ დადგენილების პროექტს შეიძლება ხალხური ნაწარმოებიც ვუწოდოთ. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შემიძლია გითხრათ, რომ დღის წესრიგში ეს თემაზე ადრეც იდგა, თუმცა მას ფართო განხილვები არ მოჰყოლია. თუ გადაღება არ იქნება, ეს მონიტორინგის წართმევის უფლებას არ ნიშნავს. მომავალ არჩევენებზე წინა არჩევნებთან შედარებით ორჯერ მეტი დამკვირვებელია აკრედიტებული. გარდა ამისა, შეგახსენებთ, საარჩევნო ადმინისტრაციას აკისრია პასუხისმგებლობა არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი და შემიძლია გითხრათ, რომ დადგენილება იქნება, თუმცა ვეცდებით მივიღოთ კომპრომისული ვარიანტი", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მისივე განმარტებით, რიგითი ადამიანის ქცევასა და გადაწყვეტილების მიღებაზე მისდამი მიშვერილი კამერა დიდ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ხელისშეშლის ფაქტების დაკონკრეტება ამ დადგენილებაში.

"რაც შეეხება პარლამენტთან მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ არასამთავრობოებსა და კანონმდებლებს შორის მიღწეული შეთანხმება, მით უმეტეს საუბარი არ არის საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის გაუქმებაზე და კონკრეტულ აკრძალვაზე, უბრალოდ გვინდა ერთი ჩამოყალიბებული სახე მივცეთ ხელისშეშლის შესაძლო ფაქტებს", - აღნიშნა ზურაბ ხარატიშვილმა.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ და თავიანთ შეხედულებებს დღეს 15:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარმოადგენენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა