დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს

დედაშვილობა - პატიმარი კიკნაძე დღესაც შველას ითხოვს

საერთოდ, ციხე ადამიანს ყოველთვის მძიმე ხასიათზე აყენებს. თუმცა, თუ ამ დღეებში რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებასთან გაივლით, მართლაც ქვის გული უნდა გქონდეს, რომ გულგრილი დარჩე. ასევე, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ რას ნიშნავს დედაშვილობა.

პატიმარი შვილი ციხეში შიმშილობს, დედა კი საპყრობილის კედლებთან. მერი კიკნაძემ შვილი, გოდერძი კიკნაძე გისოსების გარეშე ბოლოს მაშინ ნახა, როდესაც ის 20 წლის იყო. 2000 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ დედა და შვილი ერთმანეთს ციხეში ხვდებიან.

ალბათ, მტერსაც არ უნდა უსურვო, თუ რა იგრძნეს პატიმრების მშობლებმა, როდესაც ცნობილი საზარელი ვიდეოკადრები იხილეს. გამონაკლისი არც მერი კიკნაძეა. 18 სექტემბრის შემდეგ ის შვილს ციხის კართან დარაჯობს.

გოდერძი კიკნაძე 2000 წლის 12 ოქტომბერს მკვლელობის საქმეზე დააკავეს. მერი კიკნაძის თქმით, მისი შვილი უდანაშაულო იყო. დაკავების შემდეგ კი გოდერძის სხვა მკვლელობის საკუთარ თავზე აღებაც მოსთხოვეს.

"4 დღეში აპირებდნენ ვინმე დიასამიძის მკვლელობას, რომელიც გოდერძის უნდა აეღო საკუთარ თავზე. იმ შემთხვევაში, თუ გოდერძი დიასამიძის მკვლელობას საკუთარ თავზე არ აიღებდა, ორთაჭალის ციხეში შესვლისთანავე მოკვლით ემუქრებოდნენ. მართლაც ზუსტად ოთხ დღეში, ორთაჭალის ციხეში ასლან აბაშიძის სიძე, დიასამიძე მოკლეს, რაც გოდერძიმ ზეწოლითა და წამების შემდეგ საკუთარ თავზე აიღო. ამის გამოც მას მოგვიანებით სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. გოდერძის საქმის საკუთარ თავზე აღებას, მაღალჩინოსნები აიძულებდნენ," - აცხადებს მერი კიკნაძე.

მისი თქმით, გოდერძი უმძიმეს მდგომარეობაშია, მას რამდენიმე დღის წინ ციხის ყოფილი უფროსი დავით მარგებაძე ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა, პატიმარს უჭირს სიარული, აქვს ტვინის შერყევა და კიდურები დასერილი. ოჯახის წევრები დაუყოვნებლივ მოითხოვენ პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ციხესთან მყოფი დედა შვილთან შეხვედრას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კიკნაძის სანახავად სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა, შენობიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ პატიმარმა კიკნაძემ მათთან შეხვედრა არ ისურვა, მასივე თქმით, ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, პატიმრის დედა მერი კიკნაძე განმეორებით მოინახულებდა საკუთარ შვილს. მერი კიკნაძე ციხეში შეუშვეს, თუმცა შვილის ნახვის საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით გოდერძიმ დედასთან კომუნიკაცია საკნის ფანჯრიდან მოახერხა და განაცხადა, რომ მას სახალხო დამცველის წარმომადგენლები საერთოდ არ უნახავს. პატიმარი რამდენიმე წუთის განმავლობაში საკნიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლისა და ცემის ფაქტებზე ყვებოდა და შემზარავი ხმით შველას ითხოვდა.

გამწარებული დედა ამის შემხედვარე კიდევ უფრო გამწარდა. ის შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, სანამდე მისი შვილის საქმეს ხელახლა ობიექტურად არ გამოიძიებენ. დედა დანებებას არ აპირებს და თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, შესაძლოა, ტრაგედია მოხდეს.

თუმცა დედაშვილობის მადლი ისეთია, რომ ალბათ, სამართლიანობა იზეიმებს.

ლექსო დუჩიძე

იხილეთ ვიდეო: "პატიმარი კიკნაძე რუსთავის N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში შველას ითხოვს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ