"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირებული ფაქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამ ფაქტით გამოწვეულ პროტესტს იზიარებს.
"ჩვენ ვწუხვართ იმ საშინელი ფაქტების გამო, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაფიქსირდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია იზიარებს იმ პროტესტს, რომელიც ამ ფაქტმა საზოგადოებაში გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის ღირსება და უფლებები არის დაცული, თუნდაც იმ ადამიანის, რომელიც დანაშაულის გამო სასჯელს ციხეში იხდის. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, მიუღებელია ადამიანის უფლებების დარღვევა. ვუცხადებთ თანადგომას ძალადობის მსხვერპლებს და მათი ოჯახის წევრებს. ამავე დროს, დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ამ დანაშაულში, მისი თანამდებობის მიუხედავად, უმკაცრესად იქნება დასჯილი", - ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მოძრაობის გვერდზე გავრცელდა.
გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი საზარელი ფაქტების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაცია დროებით წყვეტს რეგიონულ წინასაარჩევნო კამპანიას და საზოგადოებრივ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს.