სახალხო დამცველის შეუსმენელი ანგარიშები და პატიმართა ჩვენებები

სახალხო დამცველის შეუსმენელი ანგარიშები და პატიმართა ჩვენებები

მეორე დღეა ტელევიზიებით საპატიმროებში პატიმრების წამების შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება. თანამდებობა დატოვა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ. დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები და რიგითი თანამშრომლები. რამდენიმე მათგანზე გამოცხადებულია ძებნა. ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში დაადასტურა, რომ მოხდა "სისტემური მარცხი". მოვლენები ვითარდება და ის საზოგადოების ყველა ფენას ითრევს. 

საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24 000-ს აჭარბებს, დაახლოებით ამდენივეა პრობაციონერი. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ჩაკეტილია, ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მაინც ვრცელდებოდა ინფორმაცია და ბევრი რამ იყო ცნობილი იმ სისასტიკის შესახებ, რაც ტელეეთერით ვიხილეთ.

”სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები - ცემა, წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ადვოკატებს უფლებას არ აძლევენ შეხვდნენ მათ დაცვის ქვეშ მყოფებს. მონიტორინგის დროს გამოვლენილი წამების ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა", - აცხადებდა სახალხო დამცველის ოფისი ჯერ კიდევ 2006 წელს.

მომდევნო წლებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა, საპყრობილეებში დაავადებულ, ნაცემ და გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ იმატა და პიკს 2011 წელს მიაღწია. შესაბამისად, დამძიმდა სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ ქუთაისის N2 და გლდანის N 8 დაწესებულებების დირექტორებს, დირექტორის მოადგილეებს, რეჟიმის უფროსებს, სოციალური მუშაკებს.

"ერთადერთი დოკუმენტი ჩემთვის პატიმართა დაზიანებებია, რომელიც არაერთ ფაქტზეა აღწერილი. ამ შემთხვევების ვიდეოჩანაწერი ნამდვილად ვერ იარსებებს. ყველა ფაქტს ზუსტი აღწერილობა აქვს, როდის მოხდა, სად მოხდა, ვის მიერ განხორციელდა. საგამოძიებო ორგანო ამით თუ დაინტერესდება, უმეტეს შემთხვევაში, შედეგს მიიღებს. ამ ფაქტებზე გამოძიებას ვითხოვთ", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა და იქვე აღნიშნა, რომ "პატიმართა რაოდენობა (24 300) 2010 წელთან შედარებით არ შეცვლილა. თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შენარჩუნებულია. 140 შემთხვევა ძალიან მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მეტყველებს, რომ ჯანდაცვის სერვისები პენიტენციურ სისტემას არ მიეწოდება.

სახალხო დამცველის მაშინდელ მოხსენებაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მსუბუქი რეაქცია ჰქონდა. ”მივესალმები სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშს. ჩვენ მის ანგარიშს ყოველთვის დეტალურად ვეცნობით, რათა გადავამოწმოთ და შესაბამისი რეფორმებით მოვახდინოთ რეაგირება. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე", - აცხადებდა ხათუნა კალმახელიძე.

ის დოკუმენტები, რომლებზეც სახალხო დამცველი ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდა, 2006 წლიდან მოყოლებული ასე გამოიყურებოდა:

კოტე ინაშვილი, უფლებადამცველი: "ამჯერად ყურადღებას ქსნის კოლონიაზე გავამახვილებ. როგორც იცით, დაახლოებით 800-მა პატიმარმა მოაწერა ხელი განცხადებას, სადაც ნათქვამია, თუ რა კანონდარღვევებია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მათ დაასახელეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებს სასტიკად აწამებენ. ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 პატიმარი გააუპატიურეს. არ გამოვრიცხავ, პატიმრები თავად ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. პატიმარი გიორგი ოქროპირიძე და კახაბერ ბარათაშვილი ხელს ადებენ ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს (გიორგი ავსაჯანიშვილს - გლდანის N18 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვინმე ქოლორდავას და გიორგი ბუთლიაშვილს და მათ დასჯას ითხოვენ). ამასთან, ადმინისტრაციის თანამშრომლები სასტიკად უსწორდებიან ავადმყოფებს. პატიმარ კახაბერ ბარათაშვილს კენჭის გავლა ჰქონდა, იგი მე-17 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩაიყვანეს მორგში, გონწასულს ცივ წყალს ასხამდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ".

პატიმარ პაატა მოდებაძის ჩვენებიდან: "ლევან ლეჟავამ შემაგინა და დამარტყა ხელი სახეში, რის შემდეგაც დანარჩენმა თანამშრომლებმა დამიწყეს ცემა. წავიქეცი, თუმცა, მათ გააგრძელეს წიხლებით ჩემი ცემა. როცა კოჭის ტკივილის გამო დავიყვირე, ერთ-ერთმა ამწია და დამანარცხა იატაკზე. შემდეგ ისევ ნატკენ კოჭზე ჩამარტყეს. ლეჟავას ბრძანებით მოიტანეს ხელბორკილი და ორივე ხელით დამაბეს ხელებაწეულ მდგომარეობაში და მიმაბეს ე. წ. ტურნიკზე. შემდეგ ლეჟავამ მოატანინა ელექტროშოკი და მადებდა მკლავებზე და კისერზე. თან მაგინებდა და ამბობდა, ენაზე დავადოთო! ამავდროულად, მაფურთხებდნენ. ასე დაბმული ვიყავი დაახლოებით ოთხი-ხუთი საათი. მდარაჯობდა მორიგე, რომელიც ლეჟავამ მკაცრად გააფრთხილა, რომ არ მიეცა ჩემთვის მდგომარეობის შეცვლის საშუალება და ასე ვყოფილიყავი ჩამოკიდებული".

ადვოკატის ნინო ანდრიაშვილი: "რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისის N8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა მითხრეს, რომ ზედამხედველები მათ საცემად მიზეზებს ეძებენ. პატიმრები დაწესებულების სახურავზე აჰყავთ, აშიშვლებენ და ისე სცემენ. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა პატიმარმა მთხოვა მათთან სახალხო დამცველი შესულიყო და ვიზუალურად დაეთვალიერებინა სახურავი, სადაც პატიმართა ცემის კვალი იყო შემორჩენილი".

სახალხო დამცველის რწმუნებული:"არასრულწლოვნებს სცემდნენ გაშლილი ხელით, სველი ცხვირსახოცით, ბოქლომით. არ აძლევდნენ განძრევის უფლებას. აიძულებდნენ პოლიციის ქუდის დახურვას, ე. წ. "ჩესტის" აღებას და სიტყვების წარმოთქმას: "ვემსახურებით საქართველოს". პატიმრები ამბობენ, რომ სპეცრაზმელები განსაკუთრებით N102 საკნის პატიმრებს გაუსწორდნენ, მათ შორის ლ. ლ. გონდაკარგული ძირს დაეცა. დერეფანში გამოყვანის შემდეგ, სპეცრაზმელებმა 7 არასრულწლოვნის გვარი ამოიკითხეს და მათ განსაკუთრებით გაუსწორდნენ. როგორც პატიმრები ამბობენ, მათ კედელზე ხელებდაწყობილებმა დაახლოებით 5 საათი გაატარეს, განძრევის შემთხვევაში, მათ თავზე "დაშარდვით" და ე. წ. "ქათმების" საკანში მოთავსებით ემუქრებოდნენ. შემდეგ არასრულწლოვნები ორჯერ გაატარეს ე. წ. "კორიდორში", სადაც მათ საპყრობილის თანამშრომლები და სპეცრაზმელები ერთობლივად სცემდნენ და აფურთხებდნენ. შემდეგ ისინი კარანტინის კორპუსში გადაიყვანეს".

პარლამენტარი გოჩა შანიძე: "ქსნის საპატიმროში გარდაცვლილი პატიმრების ოჯახები ამბობენ, რომ გარდაცლილებს ცხვირები მოღრეცილი ჰქონდათ, თითები კი დაკბენილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტკივილს ვერ უძლებდნენ. მათ ეტყობოდათ სისხლჩაქცევები სახეზე. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პატიმრები აწამეს. თუმცა მასალის მოპოვების საშუალება არ მოგვეცა იმის გამო, რომ ეს ამბავი გვიან შევიტყვეთ. ვფიქრობ, გარდაცვლილი მეტია და ამას, სავარაუდოდ, მალავენ. ალბათ, იმას იკვლევენ, ჰყავთ თუ არა მათ პატრონი. მაგალითად, ვიდრე ბაზაზიანის ოჯახს შეატყობინებდნენ, რომ პატიმარი გარდაცვლილია, მისი ბიძა დაიბარეს კუდ-ში. რატომ ჩაერია კუდი, რა საერთო აქვს მას სასჯელაღსრულებასთან, გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპყრობილეებში შექმნილი ვითარება ერთიანი სისტემისა და პოლიტიკის შედეგია და არა რაღაც შემთხვევა. წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა პენიტენციური სისტემის მართვის ფორმაა, რომელშიც კუდიც ჩართულია და ყველა უწყებაც".

ზემოხსენებული ფაქტები თავისი სიმძიმით არაფრით ჩამოუვარდება პატიმართა წამების ტელევიზიით გავრცელებულ  კადრებს. ამჯერად ვიდეოჩანაწერი არსებობს, რომელზეც, პრეზიდენტს თუ დავესესხებით, ქართული პენიტენციალური სისტემის "სისტემური მარცხია" ასახული.

"ჩვენ, ხელისუფლებამ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ", - აღიარა დღეს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.

ცალკე აღნიშნვნის ღირსია ქართული საზოგადოების უჩვეულო აქტივობა. 2006-2012 წლებში გამუდმებით ვრცელდებოდა ქართულ მედიაში ციხეებში გამეფებულ უკანონობისა და სისასტიკის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, ასეთი მძაფრი რეაქცია საზოგადოებას არ ჰქონია. აქ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც საზოგადოებრივი აზრი ”ასჯერ გაგონილმა ვერა, მაგრამ ერთხელ ნანახმა შექმნა”.

დავით შალიკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა