საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალ პარლამენტში პარლამენტის ინიციატივით შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა ციხეებში პენიტენციალური სისტემის რეფორმირება მოხდეს.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მე ვარ შეძრწუნებული და შოკირებული იმ ყველაფრით, რაც ვიხილეთ ეკრანზე. უფრო მეტიც, ვარ უკიდურესად გაბრაზებული. 8 წლის მანძილზე ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ძალადობისა და წამებისაგან. ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც ერთ უწყების შიგნით მოკალათებულ სადისტ დამნაშავეებს, ეჭვისა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ 8 წლის განმავლობაში შრომით, ოფლითა და სისხლით მოიპოვა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, არავის მისცემენ უფლებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, თუ როგორ სახელმწიფოს აშენებენ. ბაქრაძემ მოითხოვა ფაქტების გამოძიება და უმკაცრესად დასჯა ყველა, მათ შორის თანამდებობების პირებისა, რომლებმაც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით მსგავსი ფაქტებს შეუწყეს ხელი. ასევე, დავით ბაქრაძე ითხოვს, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია გამოძიებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ციხეში მყოფი პატიმრები უნდა იყვნენ დაცული და აღნიშნა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რათა მოხდეს სისტემის რეფორმირება.
ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საჭირო არ არის ამ საკითხის პოლიტიზაცია.