მთვრალი ბრაზილიელი მამაკაცი პრეზიდენტის სასახლეში შეღწევას ცდილობდა, რომ პრეზიდენტ დილმა რუსეფისთვის ცოლობა ეთხოვა, მაგრამ განზრახვის შესრულება ვერ შეძლო, რადგან დაცვამ დააკავა.
ნასვამი 29 წლის ედმეირ სელეშტინუ და სილვა ბრაზილიაში პლანალტუს სასახლეში "ღრმა გრძნობებით გამსჭვალული" მივიდა. იგი პრეზიდენტს ეძახდა და თან მისი ფოტო ეჭირა ხელში. მის დასაწყნარებლად დარაჯებს რეზინის ტყვიების სროლა მოუხდათ. სილვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევას ჩაუტარებენ, რომ დაადგინონ, სრულ ჭკუაზეა თუ არა.
ეს სილვას რუსეფის რეზიდენციაში შეღწევის უკვე მეექვსე მცდელობაა.
დილმა რუსეფი ბრაზილიის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია. 2012 წელს მან Forbes-ის მსოფლიოს გავლენიანი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა და პირველობა მხოლოდ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს დაუთმო. 65 წლის რუსეფი ორჯერ იყო დაქორწინებული. მეორე ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავს. ამჟამად დილმა რუსეფი განქორწინებულია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.