პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებს, რომლებსაც სამუშაოდ თურქეთში წასვლა სურთ, ქართული მხარე საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. როგორც ქისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები განსაკუთრებით ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეექმნათ.
"პანკისის ხეობიდან თურქეთში სამუშაოდ ძალიან ბევრი ქისტია წასული. ყოველ ორ ან სამ თვეში ერთხელ ხეობაში ვბრუნდებოდით, მერე ისევ თურქეთში მივდიოდით. იქ ფიზიკურად ვმუშაობთ და ხელფასი გვაქვს. აქ სამუშაო არ არის. ვიდრე ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციას ჩაატარებდნენ, მანამდეც გვქონდა პრობლემები, ყველა სხვა მგზავრისგან განსხვავებით განსაკუთრებულად გვჩხრეკდნენ, რამდენიმე საათი გვაჩერებდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდით საზღვრის გადაკვეთას. სპეცოპერაციის შემდეგ ვინც კი სცადა თურქეთში გადასვლა, არავინ არ გაუშვეს, ყველა უკან დააბრუნეს. გვეუბნებიან, რომ სირიაში მიდიხართ საბრძოლველად და იქ რომ საქართველოს მოქალაქეები აღმოაჩინონ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებაო", - აცხადებენ ქისტები.