ანი ცინცქილაძეს საქორწილო კაბა დაეწვა

ანი ცინცქილაძეს საქორწილო კაბა დაეწვა

მსახიობ ზურა ცინცქილაძის უმცროსი ქალიშვილი 18 წლის ასაკში გათხოვდა. მომავალი მეუღლე, ვაჟიკო კალანდაძე, საკმაოდ უცნაურად გაიცნო. 16 წლის გოგონა მეგობართან ერთად კვირაში რამდენიმე დღე ხილიანის ქუჩაზე ფრანგულის მასწავლებელთან დადიოდა. საღამოს მამა ან ნათლია აკითხავდა და სახლში მოჰყავდათ. იმ დღეს არც ერთს არ ეცალა და ანიმ ქუჩაზე მარტომ ჩამოისეირნა.

გზად ნაცნობი შეხვდა, მოიკითხა, ესაუბრა. იქვე იდგა მომავალი მეუღლეც, რომელსაც ანი დანახვისთანავე მოეწონა, შემდეგ საერთო ნაცნობები აღმოაჩნდათ და ანის და ვაჟიკოს სიყვარულის ისტორია ორ წელს გაგრძელდა. გოგონამ სკოლა დაამთავრა, უმაღლესში ჩააბარა და გათხოვებაც გადაწყვიტა. ყველაფერი ტრადიციების დაცვით მოხდა, ქორწილამდე იყო ნიშნობა, ერთ თვეში კი ქორწილის დღეც დადგა. ამიერიდან ცნობილი ადამიანები "რეიტინგში" მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეზე, საკუთარ ქორწილზე გვიამბობენ.

ქორწილის წინა ღამე...

ტრადიციულად ვიქორწინე, ნიშნობა, ქორწილი... ოღონდ ორი თაფლობის თვე მქონდა, ნიშნობის შემდეგ მეუღლესთან ერთად თურქეთში წავედი. ჩამოვედით და ორ კვირაში ქორწილი გვქონდა დანიშნული. თარიღი სიმბოლურად შევარჩიე - 23 სექტემბერი. ძალიან მიყვარს ეს თვე, არც ცხელა, არც ცივა. მეუღლეს 24 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 23 წლის ხდებოდა, მინდოდა, ჩვენი ქორწილი ამ დღეს დამთხვეოდა, მაგრამ ორშაბათი იყო და ერთი დღით ადრე, კვირას დავნიშნეთ. ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ, თეთრ კაბაზე. ყოველთვის მომწონდა ავთანდილის კაბები და მასთან მივედი შესაკერად. ვთხოვე, რაც შეიძლება დიდი კაბა შეეკერა და მართლაც იმხელა იყო, ძლივს დავდიოდი.

საქორწილო კაბის მოსაზომებლად რომ დავდიოდი, ვაჟიკოც მომყვებოდა, მაგრამ ისე მოვახერხე, რომ ბოლომდე არ უნახავს, როგორი გამოვიდა. მის ჩაცმულობაზე მე და დედამ ვიზრუნეთ. ჩემს ჩაცმულობაზე - მეუღლის დედამ. მე და ვაჟიკომ სამ-სამი მეჯვარე შევარჩიეთ, ჩვენი ბავშვობის მეგობრები. ქორწილის წინა ღამეს მშობლებთან დავრჩი. ვერ დავიძინე, საწოლში ვიწექი, წინ საქორწილო კაბა მეკიდა და მთელი ღამე გაშტერებული ვუყურებდი. შიგადაშიგ მეძინებოდა და ჩაძინებულიც კი კაბის თეთრ სილუეტს ვხედავდი.

ტრადიციების სრული დაცვით...

ქორწილის დღე გათენდა და ჩემი ნერვიულობა გაათმაგდა. სტილისტი, რომელიც ვარცხნილობას და მაკიაჟს გამიკეთებდა, სახლში დავიბარე. ერთი წუთი რომ დააგვიანა, ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავდი. შემდეგ ჩემი და და ახლობლები მოვიდნენ. მეუღლე დათქმულ დროს დიდი ამალით გვესტუმრა. ნერვიულობისგან ოთახიდან ვერ გამოვდიოდი. ბოლოს ყველაფერი დავძლიე და გამოვედი, ამდენი ხალხის დანახვისას კინაღამ გული გამისკდა. ყველამ დაგვლოცა, გაგვაცილეს და პირველად ქორწინების სახლში ხელის მოსაწერად წავედით. იქ მისული მეუღლეს ვეხუმრებოდი, ახლა ხელს აღარ მოვაწერ-მეთქი (იღიმება). მანამდე ცეკვაზე ვიარეთ და ქართული ცეკვა მოვამზადეთ, მაგრამ ქორწინების სახლში, ისე რომ არც ველოდით, ვალსი ჩაგვირთეს და ვიცეკვეთ. ხელის მოწერიდან სვეტიცხოველში წავედით და ჯვარი დავიწერეთ.

აღარც მაკიაჟი მქონდა, თმაც ამებურდა...

დიდი ქორწილი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. 450 სტუმარი დავპატიჟეთ. ერთადერთი ის ვერ ავისრულე, რომ მინდოდა, ქორწილი ღია ცის ქვეშ, ტერასაზე გადამეხადა, მაგრამ ხუთი წლის წინ ასეთი რესტორნები არ იყო. ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, საქორწინო დარბაზში ბოლოს, ყველა სტუმრის შესვლის შემდეგ უნდა შევსულიყავით, "ვისია, ვისიას" და "მრავალჟამიერის" ფონზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ როდესაც მივედით, სტუმრების მხოლოდ მცირე ნაწილი დაგვხვდა და კართან დაველოდეთ.

მანქანებიდან გადმოსული სტუმრები ნეფე-პატარძალს რომ გვხედავდნენ, მოდიოდნენ და გვილოცავდნენ, ყველა გვკოცნიდა. წარმოიდგინეთ, 450 ადამიანი გადავკოცნე. ყველა იქ მაძლევდა საჩუქარს. ბოლოს უკვე ჩავიმუხლეთ, აღარც მაკიაჟი მქონდა, თმაც ამებურდა. დარბაზში დაღლილი და გაწეწილი შევედი. კარში ტრადიციულად თეფში გავტეხეთ. გვეუბნებოდნენ, პირველად თუ ბიჭი გატეხავს, პირველი შვილი ბიჭი გეყოლებათ და თუ შენ გატეხავ, გოგონაო. მე მგონი, ორივემ ერთად გავტეხეთ, იმიტომ რომ დღეს ოთხი წლის ტყუპი გოგო-ბიჭი გვყავს (იღიმება).

თაიგული გათხოვილი ქალბატონისთვის...

18 წლის პატარძალი ვიყავი და სტუმრად ძირითადად ჩემი ასაკის გოგონები დავპატიჟე. თითქმის ყველა გასათხოვარი იყო და მოუთმენლად ელოდნენ, როდის ვისროდი საქორწინო თაიგულს. იქვე, მეუღლესთან ერთად ჩემი დედამთილის მეგობარი იდგა და ბოლოს ამ ქალბატონმა დაიჭირა (იცინის). ჩემი მეგობარი გოგონები სახტად დარჩნენ. ქორწილში თამადა მამუკა ონაშვილის მამა იყო, ჩემი მეუღლის მშობლების მეგობარი. გაგვიმართლა, მხიარული და ზომიერი ადამიანი გახლდათ. ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება, ერთ მომენტში წამოდგა და თქვა, ახლა წერილი მოვიდა, რომელშიც წერია, რომ თურმე პატარძალი კოჭლიაო. ამ დროს სუფრასთან ვიჯექი და ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. უცებ მუსიკა გაისმა და მივხვდი, ჩვენი ერთობლივი ცეკვა უნდა შეგვესრულებინა (იღიმება). ძალიან ბევრი ვიცეკვე საკუთარ ქორწილში, მაგრამ დასასრულ მცირე უსიამოვნო ინციდენტი შემემთხვა. ცეკვისას ანთებულ ფეიერვერკს გადავუარე, კაბას უკან ცეცხლი მოეკიდა და დაიწვა. ვერ ვიგრძენი, მივდიოდი და თურმე კაბაზე ცეცხლი მეკიდა. ხალხი მორბოდა და წყალს მასხამდა.

მამა და დედა...

მამა ძალიან ნერვიულობდა, ჯერ კიდევ ნიშნობის ღამეს 40 ჰქონდა სიცხე. მშობლებმა იცოდნენ, რომ მე და ვაჟიკოს ერთმანეთი გვიყვარდა და ცოლად გავყვებოდი. ქორწილში მამას მეგობრები მოვიდნენ, ოთარ კობერიძე, მერაბ თავაძე. ახლა განსაკუთრებულად მახსენდება მამა ამირანი, რომელიც ასევე მამას მეგობარია, ჩვენს ქორწილში ქართული ტრადიციული სიმღერა შეგვისრულა. სიმართლე რომ გითხრათ, ქორწილის დროს მამას ცეკვა არ მახსოვს, დედას ცეკვა მახსოვს, თუმცა ორივენი ძალიან ნერვიულობდნენ.

საჩუქრები და მშიერი პატარძალი

ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე, მაგრამ როგორი სასაცილოც უნდა იყოს, ყველაზე მეტად საოჯახო ნივთები, ჭურჭელი, საბნები მიხაროდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცალკე ვიცხოვრებდით, ქვაბები, ტაფები, ყველაფერი მომიტანეს. იმ დღეს შიმშილი არ მიგრძნია, არადა, მხოლოდ ფელამუში ვჭამე, მახსოვს, ძალიან გემრიელი იყო. ერთი სახალისო მომენტიც მახსენდება კაბასთან დაკავშირებით, მისი ზომის გამო, ზურგიან სკამზე ვერ დავჯდებოდი და სკამი, რომელზეც სუფრასთან ვიჯექი, სახლიდან წავიღე. ეს იყო "ტრილიაჟის" წინ დასადები მრგვალი პუფი. ქორწილში გვიან ღამემდე დავრჩი, სანამ სტუმრები არ დაიშალენ. ბოლოს ისეთი დაღლილი ვიყავი, ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი.

მეორე თაფლობის თვე

ქორწილის მეორე დღეს ეგვიპტეში წავედით. ევროპაში გვინდოდა წასვლა, მაგრამ საქორწილო სამზადისის გამო ვერ მოვახერხეთ ვიზის აღება. რამდენიმე შანსი გვქონდა, ეგვიპტე, თურქეთი ან დუბაი. თურქეთში უკვე ვიყავით, დუბაიში გამგზავრებას მხოლოდ ქორწილიდან ათ დღეში შევძლებდით და უარი ვთქვი, რადგან ბავშვობიდან როგორც თეთრ კაბაზე ვოცნებობდი, ისევე მინდოდა, ქორწილის ღამეს ან დილას სამოგზაუროდ წასვლა.

მშობლების ქორწილი

დედას ძალიან ვგავარ. ჩემი მშობლების ქორწილის ფოტოს რომ ვუყურებ, მგონი, მხოლოდ კაბაშია განსხვავება. გადმოცემით ვიცი, დედა და მამა რომ შეუღლდნენ, ორი ქორწილი გადაიხადეს, ერთი თბილისში, მეორე, 600-კაციანი - ბათუმში. ფოტოებზე ძალიან ლამაზები და ახალგაზრდები არიან. საერთოდ, ჩვენს ოჯახში ასე ხდება, ბებია 18 წლის გათხოვდა, დედაც - 18-ის, ჩემი დაც და მერე უკვე მე გავაგრძელე ტრადიცია (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება