"გახმაურებული, ე.წ. ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ის არის, რომ ამ ფაქტის გახმაურების პირველივე წუთიდან ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს. თავიდან კატეგორიული ტონით აცხადებდნენ, მათგან არც ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არ არისო, შემდეგ კი ნელ-ნელა შემოგვაპარეს, რომ ორი საქართველოს მოქალაქე "ყოფილა", - ამბობს რესპუბლიკელების ლიდერი ლევან ბერძენიშვილი და იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ქართველ საზოგადოებას ოქტომბერში სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
- ნამდვილად არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ ამის გაკეთება, მაგრამ მათი ქმედებები იმას მოწმობს, რომ ხელაღებით გვეუბნებიან, ეს ქვეყანა ჩვენია და თუ მოგვესურვება, საქართველოს მოქალაქეებს დავხოცავთ და თუ მოგვეპრიანა, არც უცხოეთისას დავინდობთო. რაც მთავარია, მტკიცედ სწამთ, რომ ჩვენ ამ დროს ხმა არ უნდა ამოვიღოთ. მესმის, რომ საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხოეთის, ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით არ უნდა გადაადგილდებოდეს და არც მძევლები უნდა აიყვანოს, მაგრამ როცა ასეთი ამბები ხდება, თუნდაც მართალი იყოს და სამართლებრივ ჩარჩოს არ სცდებოდეს ჩვენი ხელისუფლების ქმედება, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ ვენდობით. იმიტომ, რომ ყოველ წამს, ყველაფერში გვატყუებენ.
მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, არ ვიცი, მართლა აიყვანეს თუ არა მძევლები და არც ის ვიცი, ვინ იყვნენ ისინი სინამდვილეში, რადგან ჯერ გვეუბნებოდნენ, არც ერთი არ არის ჩვენი მოქალაქეო, შემდეგ კი დაღუპულთა შორის ქართული გვარები გავრცელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების ნდობა არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება. უბედურება ის არის, რომ ისინი შეეჩვივნენ, რომ ყველანაირი ტყუილის თქმა გაუვათ. ამ ტყუილისთვის პასუხი ამ მატყუარა და მკვლელ ადამიანებს არავინ მოსთხოვა. აქამდე მათ ვერ იგრძნეს ხალხის ძალა.
- ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რაში უნდა დასჭირვებოდა ხელისუფლებას ამის გაკეთება?
- ვერ გეტყვით, ვინაიდან მომხდართან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ვფლობ... მე მგონი, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, ვინ დგას ქვეყნის სათავეში. გარდა ამისა, ამ ე.წ. სპეცოპერაციით მათ თავიანთი თავიც დააზარალეს, მაგრამ ვერც ამას ხვდებიან. კი ბატონო, ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს. თუ მოსწონთ მატყუარა პრეზიდენტი და მისი გუნდი, მათი ნებაა.
- ხელისუფლებისგან ხშირად გვესმის თქვენი კოალიციის მისამართით, რომ წარსულში დაბრუნება გინდათ. ამაზეა აქცენტი გაკეთებული მათ წინასაარჩევნო კლიპშიც...
- და იმ წარსულში, რომელზეც ისინი თითს იშვერენ, მიხეილ სააკაშვილი სად იყო? შევარდნაძის უმრავლესობის ლიდერი არ იყო, როცა იმ კლიპში პენსიისა და ხელფასების რიგებში ჩამდგარ ადამიანებს გვაჩვენებენ? რა ჰგონიათ, მას და ჯერ შევარდნაძის, შემდგომ კი მიხეილ სააკაშვილის ყურმოჭრილ მონებს, გიგი წერეთელსა და მიხეილ მაჭავარიანს - იმ ყველაფერზე, რაც იმ წლებში ხდებოდა, თავად არ არიან პასუხისმგებელი?.. ან ხათუნა გოგორიშვილი სად იყო მაშინ, არც ისეთი სიფრიფანაა თავისი მძიმე წარსულითა და აწმყოთი, რომ არ ჩანდეს და ვერ შევამჩნიოთ. ეს ადამიანები მათ სიებში ისევ არიან და ახლა უკეთეს მომავალსა და სამშობლოს წინაშე თავიანთ ღვაწლზე უნამუსოდ გველაპარაკებიან. არადა, ისინი გვაშიმშილებდნენ და გვყინავდნენ მაშინაც. მართლა პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, ყველაფერზე თავი ვუქნიოთ "მიშა უფროსს", რომელიც წარსულში იყო "კაგებეს" უნივერსიტეტის სტუდენტი, შემდგომში კი "კაგებეს" ჯარებში მსახურობდა. ბიძამისი "კაგებეს" გენერალი და ყოველთვის ნამდვილი საბჭოთა ადამიანი იყო. ძალიან ბევრჯერ ვთქვი სიტყვა "კაგებე" ხომ? რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გენეალოგია. წარსულში, რომელსაც ის ახლა გვახსენებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ცხოვრობდა კარგად, მე კი, მისგან განსხვავებით, ციხეში ვიჯექი. არც დენი მქონდა, არც წყალი და არც ფუფუნება. ასე რომ, მაინცდამაინც არ ვურჩევ წარსულში ქექვას, იმიტომ, რომ სულელი არავინ არის და წაკითხულიდან აზრის გამოტანა მაინც შეგვიძლია. ვისაც მისი არანორმალური ცხოვრების წესი მოსწონს, კი ბატონო, დაუკრას ტაში. საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ ისეთები, ვინც არ მოსწონს დანარჩენ ქვეყანას.
ასეთი პროპაგანდა ჭრის მხოლოდ მოსახლეობის ბრიყვ ნაწილთან, ასეთი კი, საბედნიეროდ, ბევრი არ გვყავს. ყველამ იცის, რომ ის და მისი გუნდი ქართველი ერის სირცხვილია და იმედი მაქვს, ხალხს მართლა ახსოვს მათი "ღვაწლი".
- თქვენ "კაგებე" ახსენეთ, ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" წევრი თედო ჯაფარიძე სწორედ ამ საქმეში ტრიალებდა...
- ამ მარგალიტს ნიკა რურუა იტყოდა, მაგრამ თედო ჯაფარიძე "კაგებეშნიკი" არასდროს ყოფილა, ის მუშაობდა უშიშროების საბჭოში, იქ, სადაც ახლა გიგა ბოკერია მუშაობს და გამოდის, რომ "კაგებეშნიკია?". ისე კი, ცნობისთვის, თავის დროზე, თავზეხელაღებული "მხედრიონელი" ნიკა რურუა მკვლელობებს გეგმავდა და ეს კაცი კულტურის მინისტრად რომ გეყოლება, საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მკვლელია ნიკა რურუას ძმა და მთელი მისი სამეგობრო. ის ვინმესკენ როგორ იშვერს თითს? სააკაშვილმა, რომელიც ამბობდა, "ზარალასა" და "ტილიკას" მეგობარი არ დავინახო ხელისუფლებაშიო, რურუა მინისტრად დანიშნა. ამასთან, ვისაც ზემოხსენებული ბოროტმოქმედები "ზარალა" და "ტილიკა" ძარცვავდნენ, ახლაც დაჩაგრულები არიან და მისი გუნდის წევრები ჩაგრავენ. გარშემო მკვლელები და ბანდიტები ახვევიათ ამ საცოდავებს და ჩიორა თაქთაქიშვილის ამარა დარჩნენ, მაგრამ გიგი წერეთელი და მისი სულიერი და-ძმები იმხელები არიან, რომ მათი ჩიტი-ჩიორა გადაფარეს.
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნები იპოვა. რას გეუბნებათ ეს?
- ეს ეხება ხელისუფლებას, რომელიც მოწინააღმდეგეს მტრად განიხილავს. ლენინიზმია, აბა, რა არის, როცა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს ყოველდღე აპატიმრებს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს ქონებას უყიდის და იმ თანხას ჯიბეში იდებს. ლენინიზმია, აბა, რა არის იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ ნათია მოგელაძის ფენომენი გააჩინა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რურუას ბოროტების საძმოს გასარჩევი ჰგონია. ამას ხედავენ ეუთოში, უბრალოდ, რახან ამას ხმაურითა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნით არ ეუბნებიან, "ნაციონალებს" ჰგონიათ, რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს. არ არის ასე. საბედნიეროდ, ამას უცხოეთში კი არა, საქართველოშიც კარგად ხედავენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობენ ე.წ. მკოცნელი ქალბატონები და ბატონები. ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოს გადასარჩენად არის მოვლენილი, ვისაც მიაჩნია, რომ მიშას მართლა სტკივა და აწუხებს ე.წ. ლოპოტას სპეცოპერაციის დროს დაღუპული ბიჭების სიკვდილი და მათ სამძიმარზე გულწრფელად ქვითინებს, ან მისი ჰაერში ნატყორცნი ე.წ. პროექტების რეალობის სჯერა, რომელსაც მთელი მსოფლიოს იუმორის მქონე საერთაშორისო საზოგადოებაც კი ჯერ გაოგნებაში მოჰყავს და შემდეგ გულიანად ახარხარებს.
- თუ არ ვცდები, ლაზიკის პროექტს გულისხმობთ...
- დიახ, თუნდაც. ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ქალაქი ლაზიკა აშენდება და ის საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, ის ადამიანი არის ინტელექტუალურად უმწეო. რას ვიზამთ, გავუსწოროთ რეალობას თვალი. ასეთი ადამიანი შეიძლება, სულაც კარგი კაცი იყოს და თავისებურად უყვარდეს კიდეც სამშობლო, მაგრამ მისი პრობლემაა, თუ ვერ ხვდება, ლაზიკაში ვინ უნდა იცხოვროს და რატომ? ვიღაცას შეიძლება, ეს შეკითხვა არ გაუჩნდეს, მაგრამ მე მაინტერესებს, საიდან მოიყვანს ეს კაცი ნახევარ მილიონ ადამიანს? ემიგრანტები უნდა ჩამოვიყვანოო, მაგრამ ოფიციალურად 52 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. ვინ უნდა მოატყუოს ასეთი სისულელეებით სააკაშვილმა. მას უკვე ჩვევად ექცა, ყოველ წამს რაღაც იცრუოს და რაც მთავარია, მას ეს ტყუილები ინიციატივად მიაჩნია. მათ შორის იმასაც ტყუის, რომ თურმე 2003 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში იყო, სინამდვილეში იქ არ ყოფილა... ახლახან კიდევ ერთი ახალი ტყუილი შემოგვთავაზა, სადაც არც ისეთი ნიჭიერი მაღალმხატვრულობით იყო მოთხრობილი, თუ როგორ გადაარჩინა ბებიამისმა ამხანაგი სტალინი. არადა, იმ წლებში, რომელზეც ჰყვება, ბებიამისი 8 წლის იყო და ამ გმირობის ჩადენას ფიზიკურად ვერ შეძლებდა.
- როგორ ფიქრობთ, ამით რისი თქმა უნდა?
- თავისი ჭკუით, ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ოჯახი, მისი ბებიები და ბაბუები, საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ჩვენ, ქართველმა საზოგადოებამ, ეს ბედნიერება ჯეროვნად უნდა შევაფასოთ და მქუხარე ტაშით დავაჯილდოვოთ. იცით, მას როგორ უყვარს ტაში. ბავშვობის კომპლექსები დღემდე გამოჰყვა და არ ასვენებს, ამიტომაც მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებელზე, ილია ჭავჭავაძეზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, გალაკტიონზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამიტომ, როცა აკრიტიკებენ, ვერ ეგუება, ეს ერთადერთი რამ არის, რაც მართლაც გულწრფელად უკვირს. ეს იცით, ვის ემართება? იმ ადამიანს, ვინც წიგნებს არ კითხულობს. ყველას, ვინც მხატვრულ ნაწარმოებებს არ კითხულობს, ბოლოს აუცილებლად უჩნდება სამედიცინო ტიპის პრობლემები. ის ადამიანი, რომელსაც ინფორმაციის გადამუშავების უნარი არ აქვს, ინფორმაციას ვერ ერევა. მიხეილ სააკაშვილს ერთი წიგნიც არ აქვს წაკითხული და ამან გამოიწვია მისი ავადმყოფური თავდაჯერებულობა და თავშიც ისე მალე აუვარდა, როგორც ეს მისნაირი სუსტი ნებისყოფისა და მორალის ადამიანებს ემართებათ. საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც, როგორც თავად უყვარს ფორმულირება, ყველაზე მაგარ პოლიტიკოსად მოაქვს თავი, ქაღალდზე დაუწერეს "ვეფხისტყაოსნის" სტროფი და ვერ წაიკითხა.
- ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ასეთ თავდაჯერებულობაში წვლილი მის გარემოცვასაც მიუძღვის?
- კი ბატონო, როგორ არა, გარშემო ჰყავს ადამიანები, რომლებიც "ოსანას" უმღერიან, რადგან მისი ხასიათი შეისწავლეს და თავიანთი კეთილდღეობისთვის იქცევიან ასე. ამაში კი გამოიჩინეს ნიჭიერება წერეთელმა და მაჭავარიანმა. იციან, ვინც ასე არ მოიქცა, მოიშორა. მას ჰყავს მინისტრი, რომელმაც დაუწერა სიმღერა, "მიშა მაგარია!.." გულწრფელად მეცოდებიან ასეთი შემთხვევითი ადამიანები, რადგან მათ არავინ არასდროს არაფერს ეკითხებოდა. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა გოგა ხაჩიძეს გამონათება ჰქონდა, როდესაც შალვა რამიშვილთან ერთად მუშაობდა, მაშინ ჭკვიანურ და სასაცილო რაღაცებს ამბობდა, ოღონდ დამოუკიდებლად კი არა, რამიშვილის მითითებით.
- ბატონო ლევან, არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. რას უნდა ველოდოთ?
- ჩვენ წარმოვადგინეთ რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც უცხოელებისთვის არის განკუთვნილი და ველოდებით პასუხებს, რადგან ჩვენ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა არ შეუძლია. გოკა გაბაშვილი გამოვიდა და დაახეთქა, ეს ყველაფერი სისულელეაო, ამიტომ ველოდებით, რას გააკეთებს საერთაშორისო საზოგადოება. თუ ხელისუფლებამ წააგო, ის შეეცდება, პირდაპირ გადახაზოს არჩევნების შედეგები, მაგრამ პირადად მე მათ ვპირდები, რომ ამის გაკეთება გაუჭირდებათ.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)