კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

კოტე ჟღენტი: "თუ დააშინებ და აიძულებ ადამიანებს, მოედნებსაც გაავსებ და ქუჩებსაც"

საინტერესოა, როდესაც რომელიმე დასავლეთევროპულ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი დიპლომატები აკეთებენ თუ არა პრევენციულ განცხადებებს და მოუწოდებენ თუ არა ამ კონკრეტულ სახელმწიფოს არჩევნების დემოკრატიულად წარმართვისკენ. ალბათ, არა, რადგან დასავლეთში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ისეთივე მოვლენაა, როგორიც მზის ამოსვლა-ჩასვლა. თუ დადგება დღე, როდესაც საქართველოს მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს განცხადებებს არ გააკეთებენ, ალბათ, ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმატებულად დასრულდა ან დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და კვალში ჩავუდექით ბელორუს-რუსეთ-აზერბაიჯანსა და მსგავს ქვეყნებს.

გასულ კვირას საქართველოს ბევრი მაღალი რანგის დიპლომატი თუ პოლიტიკოსი სტუმრობდა და თითოეული მათგანი, დაწყებული შვედეთისა თუ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებით და ნატოს გენერალური მდივნით დამთავრებული, ხაზს უსვამდა საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას. გასულ კვირასვე ანალოგიური განცხადება გაავრცელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა შტეფან ფულემ და ქეთრინ ეშტონმა. სანამ დასავლეთი ჩვენგან დემოკრატიის მაგალითს ელოდება, მანამ NDI-მ წინასაარჩევნოდ ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა 37% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", 12% - "ქართულ ოცნებას", 3% - კი ქდმ-ს მისცემდა. პოლიტოლოგ კოტე ჟღენტთან საუბარი სწორედ NDI-ს გამოკითხვის შედეგებით დავიწყეთ.

- საზოგადოება ხედავს ერთს, ხელისუფლება NDI კი ცდილობს აჩვენოს მეორე. კვლავ ძალიან ბევრი კითხვაა ამ გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან და იმასთან დაკავშირებით, რატომ უკვეთს NDI ერთსა და იმავე ორგანიზაციებს საველე სამუშაოებს. საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა და NDI-ს შეუძლია, მათ მორიგეობით მაინც შეუკვეთოს საველე სამუშაოები და არ ჩააცივდეს რაღაც მიზეზით ერთ ან ორ ორგანიზაციას. მიზეზი, საზოგადოების აზრით, არის ის, რომ აღნიშნული არასამთავრობოები დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. არსებობს ტენდენციური შედეგების მიღების რამდენიმე საშუალება, მაგალითად, გამოვკითხოთ მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც, წინასწარ ვიცით, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ დააფიქსირებენ აზრს. ასეთი კატეგორიაა, ვთქვათ, საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. NDI-ს ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რესპონდენტებს შემთხვევით ვარჩევთო, მაგრამ მე და კიდევ უამრავ ადამიანს, ამის არ გვჯერა. უფრო ზუსტად, საზოგადოება NDI-ს კვლევის შედეგებს ყურადღებას აღარ აქცევს.

- NDI-ს კვლევისას, კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. ერთადერთი, რასაც აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, პატრიარქის 91%-იანი რეიტინგია. დანარჩენი ადგილები კი ასე განაწილდა: ვანო მერაბიშვილი-62%, მიხეილ სააკაშვილი-61%, გიგი უგულავა-8%, დავით ბაქრაძე -55%, გიორგი თარგამაძე-49%, ინგა გრიგოლია-41%, ბიძინა ივანიშვილი-39%.

- ეს ხომ ანეკდოტია?! თუნდაც ის ხალხი რომ დავითვალოთ, ვინც ბიძინა ივანიშვილის აქციებზე მიდის, მივხვდებით, რომ ზემოხსენებული შედეგი, პატრიარქის რეიტინგის გამოკლებით, აბსურდულია. მის გამოქვეყნებას რა მიზანი აქვს, ნათლად ჩანს - შეამზადოს ფონი, საზოგადოება ხელისუფლების მიერ არჩევნებში გამარჯვებას რომ შეეგუოს. არადა, არ არის საზოგადოებაში მთლად ასეთი განწყობა.

- ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს კითხვების ფორმულირება დაუწუნა. "ქართული ოცნების" ლიდერი გულისხმობდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს. ერთ-ერთი კითხვა ასე იყო ფორმულირებული - "ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებდა ხალხს საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერთ თუ არა მხარს ივანიშვილის ამ მოწოდებას?" ხმები ასე განაწილდა - 62% მხარს არ დაუჭერს, 16%-მა დადებითი პასუხი გასცა, არ იცის 18%-მა, პასუხზე უარი 4%-მა განაცხადა.

- პირდაპირ ვთქვათ - მთელი ეს გამოკითხვა ჩატარდა ორი რაღაცის გამო. პირველ რიგში, იმისთვის, რომ ზემოხსენებული კითხვა დაესვათ და ეს შედეგი გამოექვეყნებინათ და მეორე - დაემტკიცებინათ, რომ თურმე რესპონდენტებს მერაბიშვილი მოსწონთ. ბიძინა ივანიშვილი არ ამბობს, რომ ხალხს საპროტესტოდ გაიყვანს. მისი განცხადებით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგმა არ დააკმაყოფილა, ის ხალხს აქციებისკენ იმ მიზნით მოუწოდებს, რომ მომხრეები დაითვალოს და აჩვენოს, რამდენად რეალურია არჩევნების შედეგი.

- აშშ-ის ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოში ჩამოვიდა და მუშაობას შეუდგა. საზოგადოების დიდი ნაწილი ნორლანდისგან ბევრს ელოდება. გადაჭარბებული ხომ არ არის ეს იმედი თუ მოლოდინი?

- რასაც უნდა ფიქრობდეს რიჩარდ ნორლანდი და რა ინსტრუქციაც უნდა ჰქონდეს ამერიკის ხელისუფლებისგან, ამას არ გაახმოვანებს. ასევე, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, რადიკალური განცხადებების გაკეთება დაიწყოს ოპოზიციის ან ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა ჩვენთვის ცნობილია ნორლანდის გამოსვლა სენატში, რომლის დროსაც საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა საქართველოში არსებული ვითარება. აშშ-ში საქართველოს ელჩ თემურ იაკობაშვილის განცხადება კი, რომ არ სმენია ზემოხსენებული კრიტიკის შესახებ, ზღვარგადასული ცინიზმია. გული მწყდება, რომ ასე საუბრობენ ჩვენი ელჩები. ნორლანდი ყურადღებით დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვაშინგტონს მიაწვდის ობიექტურ და სამართლიან ინფორმაციას - რა მდგომარეობა იქნება როგორც არჩევნების წინ, ისე არჩევნების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ახალი ელჩი ამას გააკეთებს და ისე აღარ იქნება, როგორც ადრე - ჯორჯ ბუშმა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე რომ მიულოცა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს. თუ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაასკვნიან, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, ამ არჩევნებს ხელისუფლებას არავინ "გაუპრავებს".

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა