რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა

რატომ გააკვირვა ნინო მუმლაძის მეგობრები მისმა სამსახურმა

"რეიტინგი" ახალ რუბრიკას გთავაზობთ, სადაც რესპონდენტებს მათი რეჟიმის, სამუშაო გარემოს, ჩვევებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ ვესაუბრებით. ჩვენი პირველი სტუმარი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინო მუმლაძე გახლავთ. მართალია, მას რაიმე ახირება ან ჩვევები ვერ ვუპოვეთ, რომელიც უკვე ცხოვრების წესად აქვს ქცეული, სამაგიეროდ, ნინომ ექსკლუზიურად "რეიტინგისთვის" თავისი საყვარელი კერძის რეცეპტი გაგვანდო.

- ნინო, ცხოვრების როგორი სტილი გაქვს? რა რეჟიმით ცხოვრობ?

- მთელი ცხოვრება აქტიური და მხიარული ადამიანი ვიყავი, მიყვარს მეგობრებთან გართობა და ამ სიამოვნებას არასდროს ვიკლებ, თუმცა გართობას სამუშაო დღეებში ნაკლებად ვახერხებ, შაბათ-კვირას კი ვცდილობ, ისევე აქტიურად გავერთო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან.

- იქიდან გამომდინარე, რომ დილის გადაცემის წამყვანი ხარ, დილით ადრე გაღვიძება გიწევს, გიჭირს გამოფხიზლება?

- კი. სამუშაო დღეებში ძალიან ადრე, დილის ექვს საათზე ვიღვიძებ, სამაგიეროდ დასვენების დღეებში ვცდილობ, კარგად გამოვიძინო და დანაკლისი შევივსო. დილით ადრე გაღვიძება და გამოფხიზლება ძალიან მიჭირს, რადგან არ ვარ ამ გრაფიკს მიჩვეული. მთელი ცხოვრება ყველგან ვიგვიანებდი, სკოლაშიც იშვიათად მივდიოდი პირველ გაკვეთილზე (იცინის). ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი მეგობრები შოკირებული დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ დილის გადაცემის წამყვანი გავხდი, ყველას გაუჩნდა კითხვა, განა რას დაგპირდნენ ამისთანას, რომ ამ რეჟიმს დათანხმდიო (იცინის).

- მობილიზებას, გონების კონცენტრაციას, იმის მოფიქრებას, რა ჩაიცვა ან რა უნდა გააკეთო, გაღვიძებიდან რამდენ ხანში ახერხებ?

- დილით ძალიან მიჭირს გამოფხიზლება და რაღაცის გაკეთება, ამიტომ ყველაფერს წინასწარ ვამზადებ, წინა დღით ვგეგმავ ყველა დეტალს, რომ დილით საფიქრალი არაფერი მქონდეს, სახლიდან სამსახურისკენ მიმავალ გზაზე კი საფუძვლიანად ვფხიზლდები და მობილიზებული შევდივარ ტელევიზიაში.

- როდის საუზმობ? ალბათ დილის ექვს საათზე ვერ ახერხებ ამას...

- არა, დილით საუზმობას ვერ ვასწრებ, ამიტომ ჩემი საუზმობის დრო გადაცემის დასრულების შემდეგ, 12 საათზე დგება.

- რადგან საუზმეზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო გამხდარხარ, ისევ დიეტაზე ხარ?

- გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ წონაში საგრძნობლად დავიკელი და ეს ყველაზე აქტუალური თემა გახდა ჩემ გარშემო, უცნობი ადამიანები მაჩერებენ და მეკითხებიან, როგორ მივაღწიე ამ შედეგს. ბათუმში მაღაზიის გამყიდველებიდან დაწყებული, ნაცნობ-უცნობიანად ყველა ამ შეკითხვით მომმართავდა. სერიალ "ბიჭები და გოგოების" დაწყებისას ჭარბი წონა არ მაწუხებდა, მაგრამ ნელ-ნელა მოვიმატე, დავიწყე დიეტების დაცვა, რითაც უფრო მეტი ზიანი მივაყენე ჩემს ორგანიზმს და იმის მაგივრად, რომ წონაში დამეკლო, უფრო ვიმატებდი.

ისე გავიწვალე თავი, რომ ოდნავი შიმშილის დროსაც კი აუტანელი თავის ტკივილები მეწყებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ საერთოდ ვეღარ ვიცავდი დიეტას. ბოლოს, სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რადიკალური ზომებისთვის უნდა მიმემართა და სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ელენე გიორგაძე, შედეგად 18 კილო მაქვს დაკლებული.

- წონის კლებასთან ერთად დაგჭირდებოდა გარდერობის განახლება, სამოსის ზომების შემცირება...

- კი, ჩემდა საბედნიეროდ, ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ტანსაცმელი აღარ გამაჩნდა და განახლებაზე დავიწყე ზრუნვა (იცინის). შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ საყიდლებზე სიარული არასდროს მანიჭებს სიამოვნებას, სიმართლე გითხრათ, მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც დაღლილები, განერვიულებულები მიდიან მაღაზიებში, იზომებენ ათასნაირ სამოსს და ამით გამოდიან მდგომარეობიდან. მე სამოსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდულობ, თუ რაღაც ახალი მჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს ბევრი სიარული, მირჩევნია ვეწვიო ისეთ სავაჭრო ცენტრებს, სადაც ბევრი მაღაზიაა განთავსებული. "ქარვასლა", "თბილისი მოლი", "თბილისი ცენტრალი" ჩემთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე უბრალოდ რომელიმე ქუჩა.

- რაც შეეხება შენს სამუშაო გარემოს, გვითხარი, როგორია შენი სამუშაო მაგიდა, თუ არის იქ ისეთი ნივთი, რომე­ლიც ყველა სამსახურში თან გქონდა და ყოველთვის შენ გვერდითაა?.. ცოტა მეტი გვიამბე იმაზე, რაც ეთერს მიღმა ხდება...

- ეთერის შემდეგ ვსხდებით, ვგეგმავთ მომავალი დღის გადაცემას და მერე მივდივართ ჩვენს საქმეებზე. რაც შეეხება ჩემს სამუშაო მაგიდას, იქ არანაირი ზედმეტი ნივთი არ მაქვს, მასზე დევს კომპიუტერი, რომელშიც არის ყველა ის ინფორმაცია, რაც მჭირდება.

- ხომ არ გაქვს კალამი ან ბლოკნოტი, რომლებსაც მხოლოდ სამსახურში ან სამსახურის საქმეზე იყენებ?

- არა, პირიქით, სულ კალმის ძიებაში ვარ, არასდროს არ მაქვს ჩემი კალამი, ყოველთვის ვკარგავ.

- სკოლის პერიოდშიც ასე იყავი?

- არა, მაშინ უფრო მოწესრიგებული ბავშვი გახლდით. საინტერესო რაღაცას გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და გემრიელ რაღაცებს ვამზადებ, არ მიყვარს დალაგება, ამიტომ ისევე, როგორც ქალების უმრავლესობის ჩანთაში, ჩემთანაც ყოველთვის დიდი არეულობაა. ამ ბოლო დროს სპეციალურად პატარა ჩანთებს ვიძენ, რომ ნაკლები ქაოსი შეიქმნას, მაგრამ მაინც ვახერხებ არევას. იმავე მდგომარეობაში იყო ბავშვობაში სასკოლო ჩანთებიც, რომელ რვეულში რა მქონდა მიწერილი და რომელ წიგნში რა ფურცელი მედო, ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც წარმატებული მოსწავლე ვიყავი, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში.

- თქვი, რომ გემრიელ კერძებს ამზადებ. მოდი, ჩვენი მკითხველისთვის გაგვიმხილე შენეული კერძის რეცეპტი, რომელსაც თავად აკეთებ და მიირთმევ...

- სპეციალურად "რეიტინგისთვის" გაგიმხელთ ერთი კერძის რეცეპტს, რომელიც ღია ეთერში არასდროს მოგვიმზადებია, მაგრამ ჩემთვის ხშირად ვიკეთებ. ეს გახლავთ "კარტოფილი ფრანგულად". თუნუქის საცხობს მოვასხათ ცოტა ზეთი და მასზე დავაწყოთ 5 ცალი მოხარშული და მრგვლად დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარტოფილზე ფენად უნდა გადავანაწილოთ მოხარშული ქათმის ფილე, ამასობაში არაჟანი უნდა გავათხელოთ წყლით, შევაზავოთ საყვარელი სუნელით ან მწვანილით და ამით ქათამი კარგად უნდა გავაჯეროთ, ასევე შეგვიძლია ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი სოკო, შემდეგ ამ ყველაფერს ვათავსებთ ღუმელში. როცა მიხვდებით, რომ კარტოფილიც კარგადაა შებრაწული და ქათამიც, ღუმლიდან გამოგვაქვს, მოვაყრით გახეხილ ყველს, სასურველია, თუ ყველი ჰოლანდიური იქნება, თუ არადა სულგუნიც გამოდგება, შემდეგ ისევ შევაბრუნებთ ღუმელში, გავაჩერებთ ხუთი წუთი და მერე უკვე შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

- ვისაუბრეთ დილით ადგომაზე, სამსახურზე, კულინარიაზე, მაგრამ ცხო­ვ­რ­ების წესში შედის გართობაც, გვითხარი, რას აკეთებ სამსახურის შემდე...

- თუ ისე მოხერხდა, რომ მორიგი გადაცემა მარტივად დავგეგმეთ, მაშინ შუადღის შემდეგ ვთავისუფლდები, მაგრამ თუ სირთულეებს წავაწყდით, მაშინ უფრო გვიან, სადღაც ექვს საათზე ვამთავრებთ მუშაობას. მერე დაღლილი მივდივარ სახლში, ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას, შევდივარ "ფეისბუქზე", ვესაუბრები ჩემს მეგობრებს და ვცდილობ ადრე დავიძინო, რომ მეორე დღეს ცინცხლად ვიყო ეთერში. საერთოდ, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მაქვს და სამუშაო დღეებში ცოტა თავისუფალი დრო მრჩება. გარდა გადაცემისა, დაკავებული ვარ სერიალების გახმოვანებით, ამ საქმეს ვაკეთებ როგორც "რეალ ტვ"-ზე, ასევე "პიკზე" და შეიძლება ცოტა ხანში ტელეკომპანია "მზეზეც" დავიწყო სერიალების გახმოვანება. მიუხედავად ამისა, პარასკევს, სახლში მოსვლისა და დასვენების შემდეგ ვხვდები ჩემს მეგობრებს და მივდივარ გასართობად, რასაც ებმის შაბათი დღე, ორდღიანი კარგი მოლხენის შემდეგ კვირას ისევ თავის მოწესრიგებას ვუბრუნდები და ვემზადები ახალი სამუშაო კვირისთვის. საერთოდ, აქტიური გართობა მიყვარს, მაგრამ უკმაყოფილი ვარ იმით, რომ საქართველოში არ არის გართობის ბევრი ობიექტი, უკვე მომაბეზრებელი გახდა ერთსა დი იმავე ადგილას სიარული, საწყენია, რომ თითზე ჩამოსათვლელი ნორმალური კლუბია თბილისში.

- მართალია ტელევიზიაში მუშაობ, მაგრამ ტელევიზორის ყურება თუ გიყვარს, თუ გაქვს საყვარელი გადაცემა?

- 2006 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში, მაგრამ რაც უნდა პარადოქსული იყოს, ტელევიზორი არ მიყვარს, საყვარელი გადაცემაც კი არ მაქვს, არც ჟურნალ-გაზეთები მიყვარს, შარშან გადაცემაში გვქონდა პრესის მიმოხილვა, წელს კი აღარ გვაქვს, რაც ძალიან მახარებს (იცინის). არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა. თუ მაქვს თავისუფალი დრო, მირჩევნია წავიკითხო რომანი, ვუყურო ფილმს ან ვეკონტაქტო ჩემს მეგობრებს.

- დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული, რას აკეთებ აუცილებლად?

- როცა ძალიან დაღლილი ვბრუნდები, აუცილებლად ვსვამ ერთ ჭიქა უშაქრო, მაგარ ჩაის, ჩემი წითელი ჭიქით. მიყვარს გადავსებული ჭიქა ჩაი ან ყავა, როგორც აღმოჩნდა, სითხის მიღება კარგია ორგანიზმისთვის, ამიტომაც მაქვს დიდი წითელი ჭიქა, რომლითაც მივირთმევ სასურველ სითხეს. მერე ვცდილობ, ცოტა ხანს კომპიუტერს მივუჯდე, რის გამოც სულ ჩხუბი მაქვს ჩემს დასთან, ასევე ვესაუბრები ჩემი ოჯახის წევრებს და ვიძინებ. იშვიათ შემთხვევაში, თუ მოხდა ისე, რომ მარტო ვარ, ტელევზორს ვრთავ და მისი ხმაურის ფონზე ვიძინებ, რათა მარტოობა არ ვიგრძნო.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება