რატი დურგლიშვილი: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...

რატი დურგლიშვილი:  "ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოა"...

მომღერალმა რატი დურგლიშვილმა საზაფხულო არდადეგები წვიმიან ბათუმში საკმაოდ ხალისიანად გაატარა, საკურორტო რომანიც გააჩაღა და დედაქალაქში დაბრუნებული ახალ სიმღერებზე მუშაობას განახლებული ძალებით შეუდგება. ამჯერად რატი ქართული შოუბიზნესის პრობლემებზე, პირად ცხოვრებასა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება.

- რატი, როგორ დაისვენეთ ბათუმში?

- ბათუმი ძალიან მიყვარს და ამ ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. წელს სულ წვიმიანი ამინდები დაემთხვა, ცუდი პერიოდი შევარჩიე... მაგრამ მაგარი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ნაცნობები, მეგობრები ვნახე და მათთან ერთად გავერთე. ქალაქი დღითი დღე ლამაზდება და ბედნიერი ვარ, მის ქუჩებში რომ დავხეტიალებ; ვერ ვიჯერებ, ეს რომ საქართველოა. ბევრი კურორტი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი არც ერთი არ არის. ძველებური ჩუქურთმები, ქვაფენილები - ყველაფერი ეს თითქოს მყუდროებას ქმნის. ასეთი შენობები თბილისსაც უხდება. თანამედროვე ინტერიერი ნაკლებად მიზიდავს.

- ბათუმში ხშირად იმართება მაღალი დონის ვარსკვლავების კონცერტი; ერთ-ერთი ბოლო ხოაკინ კორტესის შოუ იყო, ხომ არ დასწრებიხართ?

- ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ წავედი. ის დღეები მართლაც, მხოლოდ დასვენებისთვის გამოვიყენე. მთელი წლის განმავლობაში იმდენ მუსიკას ვუსმენ, რომ განტვირთვა ძალიან მჭირდება, რათა შემდეგ ჩემი მსმენელის წინაშე ახალი ძალებით, ახალი სიმღერებით წარვდგე.

- სპექტაკლში - "ვერის უბნის მელოდიები" თქვენთვის არ შემოუთავაზებიათ მონაწილეობა?

- როგორც ვიცი, მონაწილეთა შერჩევა კასტინგის მეშვეობით ხდებოდა, მე კი, როგორც წესი, კასტინგებში არ ვმონაწილეობ, რაღაცნაირად არ მიყვარს ეს პროცესი. როცა ვინმეს ჩემთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, თვითონვე მიკავშირდება ხოლმე.

- ბოლო დროს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მოახლოებული არჩევნებია და წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ხელოვანებიც აქტიურად არიან ჩაბმულნი. "სახელისუფლებო მომღერლების" ცნებაც კი გაჩნდა. თქვენ, როგორც მომღერალი, საქართველოს მოქალაქე, რას იტყვით ამის თაობაზე?

- პოლიტიზებული ადამიანი ნაკლებად გახლავართ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველა ქვეყანაში ასე ხდება - სუბიექტური აზრის დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხელოვანი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი. ეს ძალიან ბუნებრივია. მთავარია, ამ მხარდაჭერის გამოხატვა ნაძალადევი არ იყოს. როცა ვინმე კონცერტებზე გამოსვლას მთხოვს, მომღერალი ვარ და, ბუნებრივია, ვთანხმდები. ზოგჯერ რეგიონებიდანაც გვთავაზობენ. მივდივარ და ჩემი შემოქმედებით ხალხს ვეფერები. სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ასეთ საკითხებში ნაკლებად ვერკვევი, ჩემს შემოქმედებაში ვარ ჩაფლული. დუეტმა "ჯორჯიამ" რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ ჩვენი ხალხისთვის და ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გვერდით ვიდგებით.

- კეთილი. რაც შეეხება თქვენს შემოქმედებას: რა სიახლეს შესთავაზებთ ერთგულ მსმენელს უახლოეს მომავალში?

- სიახლეებზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვმუშაობთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ერთი პრობლემა ყველა მომღერალს აწუხებს: საქართველოში კონკურენტუნარიანი და კარგი მუსიკალური არხის, მუსიკალური გადაცემების არარსებობა ხელს გვიშლის უფრო მეტ წინსვლაში, თითქოს რაღაცნაირად გვადუნებს. შემოქმედებაზე, შოუბიზნესზე საუბრის საშუალება არ გვაქვს, სხვადასხვა პოპულარულ გადაცემაში კი ჩემს ცხოვრებაზე იმდენჯერ ვისაუბრე, უკვე საინტერესო აღარც არის. დარწმუნებული ვარ, ხალხს მოჰბეზრდა. მართალია, სიმღერები რადიოებში ტრიალებს, მაგრამ ფართო არეალი არ გაგვაჩნია. შოუბიზნესში მეტი ინტრიგა უნდა იყოს, მეტი აქტიურობა, ისევე, როგორც საზღვარგარეთაა. ამჟამად მამაჩემის ორ სიმღერაზე ვმუშაობ. გარდა ამისა, მე და მაკამ ჩავწერეთ ლელა წურწუმიასა და აჩიკო მეფარიძის დუეტი - "სიყვარულის დღე", რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის და რომელსაც ისინი არაჩვეულებრივად მღეროდნენ, ახლა კი ამის უფლება ჩვენ გადმოგვცეს. ამისთვის დიდი მადლობა მათ. სიმღერის არანჟირება უკვე გავაკეთეთ. სამომავლოდ, ჩემს ერთ სიმღერასაც ჩავწერთ, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებული ვართ.

- რატომ არ გიცდიათ, მაგალითად, რამდენიმე მომღერალი გაერთიანებულიყავით და ამ პრობლემაზე საჯაროდ, თუნდაც იმ ტელეგადაცემებში გემსჯელათ, სადაც ხშირად გიწვევენ, და უფრო აქტიურად დაგეფიქსირებინათ თქვენი სურვილი მუსიკალური არხის გაკეთების თაობაზე? მით უმეტეს, თუკი ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებოდათ.

- ტელევიზიის დაარსებას ვერავის მოსთხოვ და მით უმეტეს, ვერ აიძულებ. საავტორო უფლებები უფრო მეტად რომ იყოს დაცული, ამის მერე უკვე შეიძლება რამეზე მსჯელობა და ნელ-ნელა ფეხზე დავდგებით. სერიოზული ბიზნესმენებისა და პროფესიონალი პროდიუსერების მხარში დგომაა საჭირო. როცა კონცერტები საზღვარგარეთ გვაქვს, ყველაფერი იმ დონეზეა დახვეწილი, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მინდა, მსგავსი, მაღალი დონის კომპანიები ჩვენს ქვეყანაშიც არსებობდეს.

- VIP-საღამოზე ხშირად მღერით?

- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი საღამო ბევრია, მაგრამ ღმერთის წყალობით, ზოგჯერ გვიწვევენ. მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვართ და ჩვენი მოსმენის სურვილი აქვთ. ახლა უკვე ვარჩევთ კიდეც სიტუაციას და ყველგან აღარ ვმონაწილეობთ. დიდ ყურადღებას ვაქცევ - ვინ არის ხმის ოპერატორი, როგორი აპარატურა აქვთ, რა ივენთია და ა.შ., რადგან ეს ყველაფერი ჩემს იმიჯზე მოქმედებს, ეს კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. დღესდღეობით, თუ ხარისხიანი სიმღერის ჩაწერა გინდა, ძალიან ძვირია. დიდი სურვილი მაქვს, ცოტა გამოცოცხლდეს სიტუაცია, საინტერესო პროექტები განხორციელდეს, დაჯილდოებები იყოს და მომღერლების ცხოვრება უფრო აქტიური გახდეს.

- კონცერტების, ვიდეორგოლების ნაკლებობასაც ფინანსური პრობლემა განაპირობებს?

- რა თქმა უნდა. როცა კარგი ვიდეორგოლის გადაღებას 10.000 ლარზე მეტი სჭირდება, გამოდის, რომ მომღერალმა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ამისთვის უნდა იმუშაოს. ასევეა ალბომის გამოშვება. ამდენი შემოსავალი კი ქართველ მომღერლებს ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა სიმღერის გაჰიტებას კლიპი ძალიან უწყობს ხელს, ხალხს მოსწონს. მოგეხსენებათ, მე და მაკას მაიკო ასათიანთან ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან თბილი ადამიანია და ჩვენი სიმღერების პრეზენტაცია, სავარაუდოდ, კვლავაც მის გადაცემაში შედგება. ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენ მიმართ და მას ჩვენც დიდ პატივს ვცემთ, ძალიან გვიყვარს. არ მინდა, სხვა გადაცემები გამომრჩეს, სადაც ასევე ბევრი მეგობარი გვყავს, - მაგალითად, "ვანოს შოუ" და ა.შ. ისინი ყოველთვის მხარში გვიდგანან.

- ისევ საზაფხულო თემას დავუბრუნდეთ: საზღვარგარეთის კურორტებიდან და ქალაქებიდან რომელია თქვენთვის მეტად გამორჩეული?

- ძალიან მომწონს საბერძნეთი და მისი საკურორტო ქალაქები. უზომოდ მიყვარს იურმალა, თავისი ლამაზი ხის სახლებით; ძალიან თბილია. საერთოდ, "დახურული" ქალაქები უფრო მომწონს, ისეთი, სადაც ზღვა არ არის. ამ ზაფხულს კრუიზში მინდოდა წასვლა, რომლის ფარგლებშიც 14 ქალაქის დათვალიერება შედიოდა; ღამით გემზე ვიქნებოდით. გასვლა იტალიიდან ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავინ ავიყოლიე, რომ წამოსულიყო, ამიტომ ბათუმში გავემგზავრე და არც მინანია.

- თქვენ შესახებ ხშირად მსმენია სხვადასხვაგვარი ჭორი; ხალხი ინტერესდება თქვენი პირადი ცხოვრებით. ამჟამად რა ხდება ამ მხრივ?

- სერიოზული არაფერი. როცა ვინმე გოგონასთან ერთად დამინახავენ, ჩემი შეყვარებული ჰგონიათ და ჭორებს ააგორებენ ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი თითქმის ყოველთვისაა, მაგრამ საბოლოო არჩევანი რომ გავაკეთო და სერიოზული ნაბიჯი გადავდგა, ასეთი ჯერჯერობით არავინ მყოლია. გარკვეულ ეტაპამდე რომ მივდივართ, მერე ისე ხდება, რომ ვშორდებით. მომავალი წლისთვის რაღაც გეგმები მაქვს და ამ თემაზე ალბათ სერიოზულად დავფიქრდები. გასაკეთებელი კიდევ მაქვს რაღაც და ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ეგ არის... საზღვარგარეთ უნდა ვცადო ბედი, ვნახოთ...

- ბათუმში ყოფნისას საკურორტო რომანი თუ გქონდათ?

- კი, ზაფხულს ასეთი რომანი ყოველთვის ახლავს, მაგრამ ამის საჯაროდ განხილვა ლამაზი არ იქნება. არ მიყვარს ერთჯერადი და არასერიოზული ურთიერთობები, შესაბამისად, ის ურთიერთობაც გრძელდება. თუ ადამიანი მიყვარს, ის ბოლომდე მიყვარს, უბრალოდ, მერე რა ხდება, არ ვიცი. საერთოდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ არაფერს ვიტყუები, ისე ვცხოვრობ, რომ არაფერი დავმალო და ხალხმა ყველაფერი იცოდეს, რადგან ამგვარად ნაკლებ "ხლაფორთში" გავეხვევი.

- ყველაზე უსიამოვნო ჭორი, რომელიც გაგიგონია თქვენ შესახებ?..

- რაც კი შეიძლება ადამიანზე იფიქრო, ყველაფერი გამიგონია, თან, ისეთი აბსურდულები, რომ მაგრად მეცინება და ვხალისობ ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, სრულებით არ მწყინს. პირიქით, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც დროს კარგავს ჩემი "პიარისთვის", შავი იქნება ის თუ - თეთრი... ყველა ის ადამიანი უზომოდ მიყვარს, ვინც მაფასებს და ვუყვარვარ და ვისაც არ ვუყვარვარ, ისინიც (იცინის). დღეში ალბათ, 50-100 წერილი მომდის ინტერნეტით, ყველგან უთბილესი ტექსტია და მე ამ ხალხის უზომოდ მადლიერი ვარ. ცნობილი ადამიანების ფოტოებზე ხშირად შემიმჩნევია უხამსი კომენტარი, ჩემი და მაკას ფოტოებზე კი - პირიქით, რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს ის არის, რისთვისაც ჩვენ ვცხოვრობთ და რისთვისაც უფალმა მოგვავლინა - რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავცეთ და მივიღოთ ადამიანებისგან.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება