ლიტერატურული სერია "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზის" ახალ ნომერთან ერთად რევაზ ინანიშვილის 6-ტომეულის უკვე მეოთხე ტომს წარმოგიდგენთ.
"თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, როგორც მთელი კახეთი - ქვევრი, ჯამი, დოქი, ხელადა, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი, ხაშმის მზეში, ედო კიდეც მისი ფერი. შეკრული იყო პატარა, მოდარაჯე კოშკივით, როგორიც კახეთში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ.
ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენს ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა.
რატომღაც უცებ კვეტარას ლურჯი კრამიტი გამახსენდა - თითქოს ანგელოზის ცრემლისგან გაჩენილი..." -
თამაზ ჭილაძე.
აკაკი ბაქრაძემ "სულის პური" უწოდა მის შემოქმედებას.
"ფართო ლიტერატურულ-მხატვრული ინტერესები ჰქონდა. თითქმის ყველა წინამორბედი ოსტატისაგან უსწავლია "ცოტა რაღაცა", მერე ეს ყოველივე საკუთარი "სულის ქურაში" გადაუდნია და შეუქმნია თვისებრივად ახალი პროზა, რომელიც არავის ჰგავდა და მხოლოდ და მხოლოდ ინანიშვილისეული გახლავთ: ტრადიციულიცაა და თანამედროვეც, ერთსა და იმავე დროს", - ამბობდა მწერალი თეიმურაზ მაღლაფერიძე.
მწერალი ნუგზარ შატაიძე კი წერდა: "პატარა, ხელისგულისოდენა მოთხრობებით იგი თითქოს ჩვენც თვალს გვიხელს, სმენას გვიმახვილებს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ავკარგიან ქვეყანას, სადაც თავადვე ცხოვრობს - ეს მისი სამშობლოა, რომელიც უკვე მკითხველის სულიერ სამშობლოდ ქცეულა"...
რომ დაბადებულა, "მაშინ ისიც და მისი მშობლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. მშობლებს ხშირად არ ეცალათ ხოლმე და წერა-კითხვა ბებიამ ასწავლა. გუშინდელ დღესავით ახსოვს, როგორ ისხდნენ საღამოობით ისა და ბებია გახურებულ ღუმელთან, ბებია წინდას ქსოვდა, ამ წიგნის ავტორს კი, 7-8 წლის ბიჭს, გადაშლილი ჰქონდა "ქართული მწერლობის" ძველი, გაყვითლებული სახელმძღვანელო და ნელ-ნელა, თითქმის ჩათვლით კითხულობდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს. გარეთ ან წვიმდა, ან ქარი უბერავდა და სახლის გვერდზე მდგარ ბებერ კაკლის ხეს აბუბუნებდა. ამგვარ გარემოში ადვილი იყო წაკითხულის განცდა, განსაკუთრებით სევდიანი ამბებისა, და როგორც კი ასეთ რამეს წაიკითხავდნენ, ბებიასაც და შვილიშვილსაც გული უჩვილდებოდათ. ბებია მოსახვევის ბოლოთი იწმენდდა ცრემლს და თავისთვის მოსთქვამდა: ვაი, შვილო, ვაი, შენს დედას, თვალდამდგარს, შვილო (რა თქმა უნდა, ეს სიტყვები წიგნის გმირებისადმი იყო მიმართული)! შვილიშვილი კი კბილებს კბილებზე აჭერდა, ცოტა ხანს ჩერდებოდა, რომ მოწოლილი ცრემლი და ბოღმა გაებრუნებინა. მას შემდეგ... ის 7-8 წლის ბიჭი გაიზარდა, ბევრი რამ ისწავლა და ბევრი რამ დაივიწყა. მაგრამ ის საღამოები კი მაინც არ დავიწყებია. კიდევ უფრო მეტი, წარმოიდგინეთ, დღესაც ის წიგნი ეჩვენება კარგ წიგნად, რომელიც ღრმად აფიქრებს და ცრემლებსაც ჰგვრის უკვე სიბერის ნაოჭებით გარშემორტყმულ თვალებზე. ახლა ის თვითონაც წერს პატარ-პატარა წიგნებს და გასაკვირი არ არის, ამ წიგნებს ძველებური ელფერი დაჰკრავდეს. მას ასე აქვს წარმოდგენილი, რომ ის წერს გოგო-ბიჭებისათვის, იმ დედებისათვის და იმ ბებიებისათვის, რომლებიც დღიურ საქმეს სიბნელის წყალობით ართმევენ თავს, დაღლილნი მიუსხდებიან ღუმელს, ითბობენ დაშაშრულ, ათრთოლებულ ხელებს, ნელ-ნელა, თითქმის ჩათვლით კითხულობენ წიგნს, ტირიან, იცინიან წიგნის გმირებთან ერთად, გარეთ კი წვიმს, ან ქარი ქრის, ანდა, რაც ასე იშვიათია შემოდგომისას, ცაზე სპეტაკი ვარსკვლავები ბრწყინავს და ძლივს გასაგონად ჩურჩულებენ ბაღში აქა-იქ შერჩენილი ფოთლები"...
ეს სიტყვები კი თვითონ "იმ 7-8 წლის ბიჭს" დაუწერია, ოღონდ უკვე გაზრდილს - რევაზ ინანიშვილს, "ბიბოსა" და "შორი თეთრი მწვერვალის", "დავითის ხმლისა" და "ნეკერჩხლის წითელი ფოთლის" და კიდევ უამრავი საოცნებო და ლამაზი, სევდიანი და ღიმილიანი, საბავშვო და სადიდო ამბის მთხრობელს. ის რომ არა, ხომ ვერ გავიგებდით მეიარაღის გოგონას ან კავკასიონის ერთ მიყუჟულ სოფელში მცხოვრები უშიშა პაპას ამბავს, არ გვეცოდინებოდა, სად ცხოვრობს ნამდვილი მეზღაპრე ან რა აჩუქა ყინულის პაპამ პატარა ილას, რატომ შეუყვარდა "თითქმის ჩვეულებრივ, გაპრეხილნაწნავებიან და ზეაწეულწამწამებიან" ცისფერთვალება პატარა გოგონას ღამე და რა ცუდია, როცა "შენ რაიმე გჯერა და სხვები კი არ გიჯერებენ"...
"მყვირალა" თემები არ უყვარდა, მაგრამ სრულიად უმნიშვნელო ამბავს ისე ააჟღერებდა, რომ ყველას ყურადღებას მიიპყრობდაო, - ამბობდა ფოლკლორისტი ალექსი ჭინჭარაული.
მსახიობი გოგი ხარაბაძე კი იხსენებდა: "ერთხელ შევესწარი, რეზო ოთახის კუთხეში საქმიანი სახით იდგა, ხელში ეჭირა ფანქარი და ზედ მავთულს ახვევდა. ვკითხე: "რეზო, რა არის, რას წვალობ?" - "ფანქარს საშლელი მოსძვრა და ვამაგრებ, საშლელიანი ფანქრის გარეშე ვერ ვძლებ".
ამის შემდეგ, სადაც კი საშლელიანი ფანქრები შემხვდებოდა, მაშინვე ვყიდულობდი და რეზოსთან მიმქონდა".
"ისე როგორც ზღვის ერთ წვეთში აისახება უკიდეგანო წყლის მასის ყველა ნაწილ-თვისება, ასევე რ. ინანიშვილის მცირე ფორმის ლიტერატურული შედევრები ქართველი ხალხის ჭირ-ვარამის, ბედნიერების თუ მწუხარების, წარსულისა თუ აწმყოს უტყუარ სურათებს წარმოსახავენ, ეს მარგალიტები, ერთ მძივად აკინძული, ქმნიან ჩვენი ცხოვრების დიდ მოზაიკურ პანორამას", - ასე აფასებდა მწერლის შემოქმედებას კომპოზიტორი სულხან ნასიძე.
"დადის და დაგატარებს მწერალი თავისთან ერთად საოცრად მომხიბლავ, რიგითი თვალ-გულისათვის შეუმჩნეველ ლირიკულ სამყაროში იმ ჯადოსნური, უხილავი ძაფების სადავით, რომელსაც მისი - რეზო ინანიშვილის ენა ქმნის და, როდესაც შენი ყოველდღიურობა მოგწყვეტს, კვლავ დაგაბრუნებს მოსაწყენ რეალობაში, კარგა ხანი გყოფნის ულამაზეს გარემოში ყოფნით განცდილი ბედნიერი წუთების ხიბლი", - ეს სიტყვები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გიორგი ცოცანიძეს ეკუთვნის.
"ზამთრის ცრიატ, მოღუშულ დღეებში ტბის წყალი გამდნარ ტყვიას ჰგავს. ავა, სულ ბოლოს მისი ზედაპირიდან აიკრიფება ბინდი და ბურუსი. ახლოს მოიწევენ მთები. უტყეო მთები ამ დროს სულ რუხებია, რუხები და გაფითრებულნი, გაშტერებულნი. ის მთები ძლეული ლაშქრის დროშებივით ჩაკიდებულან ტბაში. თავდაყირა ჩაკიდებულან ტბაში თეთრი ხეებიც. თეთრ ხეებზე შავი ნაღვლიანი ჩიტები სხედან და აბუზული მხრებით ელაპარაკებიან ცას. ცა უფრო ნაღვლიანია და ჯერ არ იცის რას იზამს"... მე მშველის ეს "რუხი და გაფითრებული ხეები", მშველის ნაღვლიანი ცაც, რომელმაც "ჯერ არ იცის, რას იზამს". მშველის და მამშვიდებს. მშველის იმის გახსენებაც, რომ რევაზ ინანიშვილის, ამ მართლაც გენიალური მწერლის სული ჯერ ისევ დაჰფოფინებს თავის ტანჯულ, დაღუპვის პირზე მიმდგარ ქვეყანას", - წერდა ნუგზარ შატაიძე...
რევაზ ინანიშვილი 86 წლის წინ დაიბადა, 1926-ის 20 დეკემბერს. იმ დღეს ან სულაც ღამეს ალბათ თოვდა ან ქარი ქროდა, ან უბრალოდ ციოდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. ინანიშვილების ოჯახში კი ძეობას ზეიმობდნენ. ალბათ თოფიც გაისროლეს ცაში, - აბა, ისე როგორ იქნებოდა!..
65 წლის შემდეგაც ისროდნენ დეკემბრის თბილისში, ოღონდ თოფს კი არა, ქვემეხებს. ალბათ მაშინაც იბადებოდა ვიღაც, მაგრამ სადღესასწაულოდ არავის ეცალა - ქართველებს ერთმანეთისთვის დაემიზნებინათ ლულები და ცა მათი სისხლით წითლდებოდა. იმ დეკემბრის თბილისში, ინანიშვილების ოჯახში რევაზ ინანიშვილი კვდებოდა...
"ამბობენ, სიკვდილის წინ ყველა ადამიანს რაღაც თავისი, საკუთარი, პიროვნული ეზმანებაო. ალბათ, მართალია. და თუ მართალია, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ რეზოს სიკვდილისწინა ზმანება სწორედ ისეთი იყო, როგორც ერთ მოთხრობაში აქვს აღწერილი: "თვალები დავხუჭე. აი, ამ ყოფაში შემოვიდა რაღაც საამო, რაღაც ნათელი. გავიხედე და დამბლა დამეცა: იმ თოვლში, იმ ბნელ ბურუსში, მკვრივი, არაამქვეყნიერი ნათელი მოდის, მოჰყვება შარავანდედად წვრილ-წვრილი ჩიტებისა და პეპლების მგალობელი გუნდი. ვუყურებ ამ ნათელს და ვარჩევ ქალს! მთლად ოქროსფერს, თმის ოქროსფერ ნაკადებში გახვეულს. მოდის, ახლოვდება, მოანათებს თმებით, თვალებით, ყველაფრით, ჟინიანად მოადგამს შიშველ, ოქროსფერ ფეხებს, ზეიმით მოაქვს პატარა, შეკუმშული, თავმსხვილი ძუძუები, უკანაც თმა მისთრევს, თმაა თუ შუქია ადევნებული. წინ მიუძღვის ჩრდილისფერი, გრძლად აძაგრული ორი ვეება მგელი, ნაბიჯი ნაბიჯთან აქვს შეწყობილი, ჩემკენ შემობრუნებული თვალები ყურადღებით აქვთ სავსე, მოანათებენ თეთრ ლოჯებს. ქალი ესევე, სიარულშივე მოიხედავს ჩემკენ. რა სიხარულის ცისფერი სინათლე ედგა თვალებში, რა სიკეთის ღიმილით ეღიმებოდა აქეთ-იქით ოდნავ მაღლა აზიდული ტუჩებით! წავიდა ისევე გაბრწყინებული, გაუძღვნენ წინ ნაბიჯშეწყობილი მგლები, გაჰყვნენ მგალობლები, ჩიტები თუ ოქროსფერი პეპლები"...
წავიდნენ და თან წაიყოლეს რეზო ინანიშვილის ნათელი, გამჭვირვალე სული.
დასაფლავების დღეს, 31 დეკემბერს, მსუსხავი ქარი უბერავდა და ხოშორი თოვლი აყრიდა. განუწყვეტლად ისმოდა ჭურვების ბათქი და ტყვიების თარსი წუილი. რეზო იწვა მშვიდად, ოდნავ იღიმებოდა.
მე მიყვარდა ეს კაცი!
მიყვარდა მისი მწერლობა: მაღალნიჭიერი, კეთილი, დიდი ოსტატობით აღბეჭდილი.
მე მიყვარდა მისი ცხოვრების ნირი: მართალი, სადა, ალალი...
ღმერთმანი, ბედნიერი ყოფილა იგი, ჩვენი, ქართველების ასეთ სიბეჩავესა და სიდუხჭირეს რომ არ შეესწრო...
აქვს რეზოს ერთი ჩანაწერი:
"არაფერია იმაზე კარგი მიცვალებულისათვის, ორიოდე კაცმა მიაცილოს სასაფლაოს მყუდრო კუთხეში, რაღაც წაიპუტუნოს თავისთვის სამოსგაქუცულმა მღვდელმა, ჩაუშვან მიცვალებული მიწაში, იქვე წაუქციონ თითო ჭიქა და წავიდნენ საქმემორჩენილები თავთავიანთი გზით. ცოტა ხანში შემხმარმა ფოთლებმა დაფარონ საფლავის ბორცვი. ასეთი ბედნიერები იყვნენ მოცარტი და ფიროსმანი"...
ასეთი ბედნიერი იყო რეზო ინანიშვილიც, - დავუმატებდი მე, რამეთუ ყველაფერი აუხდა, რაც ინატრა და იწინასწარმეტყველა: იყო სასაფლაოს მყუდრო კუთხეც, მღვდელიც, ჭიქის წაქცევაც. მხოლოდ ხმელი ფოთლების ნაცვლად, ფიფქებმა დაფარეს მისი ობოლი სამარე.
აი, ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი სხვა გამახსენდა ერთ ჯანღიან დღეს, გომბორში, როცა წვიმით გაწუწულ, ლალისფრად აღუდღუდებულ ალუბალს ვუყურებდი, რეზოს მიერ დარგულს, ჩემი ფანჯრის წინ.
საქართველოში ყველას თავისი რეზო ინანიშვილი ჰყავს. მე ჩემს რეზოზე გიამბეთ.
თეიმურაზ მაღლაფერიძე
გომბორი, 1992 წ. აგვისტო"...
მართლაც, საქართველოში ყველას თავისი რევაზ ინანიშვილი ჰყავდა და ჰყავს. და იმედია, მუდამ ეყოლება...
P.S "დიალოგი ავტობუსში:
- ალბად დამარხავდნენ ი ბებერს.
- საწყალი.
- განათლებული.
- მაშა, ქალოო, სუყველაი მაიცადა, ქორწილებიც და ხატობებიც, ი განათლებულმა, ტკბილად აჭამა ხალხს პური...
მე აქეთ-იქით ვიყურები. რატომღაც მგონია, რომ ავტობუსში რეზო ინანიშვილიც ზის, თვალები კეთილად უბრწყინავს და თბილად ეღიმება".
გოდერძი ჩოხელი
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)