არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლის პრეცედენტი უკვე არსებობს.
მისი განცხადებით, ცესკო-ს განკარგულებით, ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის კენჭისყრა პირველ ოქტომბერს არ გაიმართება.
"ჩვენ ვთხოვთ ცესკო-ს, იმოქმედონ იმავე რეჟიმში, რა რეჟიმიც გამოიყენეს სამხედროებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან ავღანეთში. ცესკო-ს აქვს საშუალება რომ პრეცედენტულად იმოქმედოს და გამონაკლისის სახით საელჩოებს სხვა თარიღი დაუსვას", - განაცხადა ჩხობაძემ.
ავღანეთში მყოფი ჯარისკაცებისთვის არჩევნების თარიღი ცესკო-ს 4 აგვისტოს განკარგულებით შეიცვალა. აღნიშნული განკარგულების მიხედვით, ავღანეთში კენჭისყრა 23 სექტემბერს გაიმართება. თარიღი შეიძლება შეიცვალოს ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, თუმცა კენჭისყრა არაუგვიანეს 26 სექტემბერამდე უნდა გაიმართოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება პირველ ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს მიეცეთ.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული, ეს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით წამოიჭრა.
"ჩვენ, ადამიანის უფლებათა დამცველები, მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–14 მუხლის 1–ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის ("გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონთ დადგენილი გარკვეული მოთხოვნის შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები") საფუძველზე, გამოავლინოთ კეთილი ნება და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და მისცეთ შესაძლებლობა, რათა მათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს - უქმე დღეს", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 32 ადამიანი, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.