ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"

ნინა წკრიალაშვილი: "ჩემი ქმარი სამუშაოდ გორში გადაიყვანეს - გორს ვერ გავცდი"

ნინა წკრიალაშვილი, როგორც თავად ამბობს, მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ცხოვრობს-. თუკი სადმე გამგზავრება უნდა და ფული არ აქვს, არც ეს არის პრობლემა. ყოველთვის უფულოდ რჩება ბოლო დღეს, მაგრამ ესეც არ ანაღვლებს. ერთხელ სოფო ნიჟარაძემ გადაარჩინა, ახლა მეუღლეც აიყოლია, თენგო წივწივაძე ცოლს სიამოვნებით დაჰყვება უცხოეთში და თუკი საჭიროა, შოპინგის დროსაც ელოდება. ნინა ახლახან დაბრუნდა რომიდან, სადაც მეუღლესთან ერთად დაუვიწყარი ერთი კვირა გაატარა.

- რომაული არდადეგები მქონდა (იღიმის). საქმე ისაა, რომ რომში მყავს ახლობელი, იტალიელია. სამომავლო პროექტი აქვს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. მოლაპარაკებებზე ვიყავი წასული. დღე-ნახევარი მქონდა მხოლოდ საქმე. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რა პროექტზეა საუბარი. რადგან მაინც მიწევდა ჩასვლა, მე და ჩემმა მეუღლემ ერთკვირიანი დასვენება დავამთხვიეთ. სულ რამდენიმე ქალაქი მიყვარს ამოჩემებით, ერთი ნიუ-იორკია, მეორე - პარიზი, რადგან ფრანგული ვიცი და იქაურებთან კონტაქტი არ მიჭირს, სულ მიკვირს, რატომ უწოდებენ ფრანგებს ცივ ხალხს, ფრანგულად თუ დაელაპარაკები, ქალაქის ბოლოში წამოგყვებიან, და მესამე არის რომი, იტალია სიგიჟემდე მიყვარს. იტალურიც ვიცი ცოტ-ცოტა, მოლაპარაკებას ვერ წავიყვან ამ ენაზე, მაგრამ მომწონს გატეხილი იტალიურით ლაპარაკი.

ტურისტად ყოფნა ძალიან მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, მაცვია რეზინის შლოპანცები, შორტი და თმა მაქვს მოუწესრიგებელი, დაუვარცხნელი. თავს კომფორტულად ვგრძნობ. დღის ბოლოს რომ ვითვლიდი, 35-40 კილომეტრი მაინც მქონდა გავლილი, აკიდებული მქონდა ზურგჩანთა, ხელში მუდმივად ცივი სასმელი მეჭირა. რომში მეორედ გახლდით და როგორც იქნა, შემიშვეს ვატიკანში.

- პირველ ჩასვლაზე რატომ არ შეგიშვეს?

- ვატიკანში რომ შეგიშვან, გრძელი კაბა ან შარვალი უნდა გეცვას, არც მოკლემკლავიანის ჩაცმა შეიძლება, პირველად რომ ვიყავი, ჩაცმულობის გამო არ შემიშვეს. გავითვალისწინე გამოცდილება და გრძელი შარფი წავიღე. ძირითადად, კაცებს უშვებდნენ, ძალიან ცხელოდა, 40 გრადუსი იყო და ლამის ტრუსიკის ამარა დარჩენილი ქალები ვატიკანის გარეთ რჩებოდნენ (იცინის). იქ იმ სიცხეში გამორიცხულია სხვა რამის ჩაცმა, თუმცა ჰავა სხვანაირია და 40 გრადუსში ჩვენთან უფრო ცხელა. თანაც, მთელ ქალაქში შადრევნებია, ძალაუნებურად იწუწები. რა ბედნიერება იქნება, თბილისშიც გადავლახოთ ბარიერი და როცა დაგვცხება, შადრევანში ჩავყოთ ფეხი ან ხელი შევუშვიროთ. იქ ყველა ასეა, პიჯაკით, ჰალსტუხით სამსახურიდან, თუკი დასცხებათ, იხდიან ფეხსაცმელს და სველდებიან შადრევნებში. სადაც თავისუფლებაა, იქ მიყვარს ყოფნა.

- მეუღლესთან ერთად პირველად იყავი რომში?

- თაფლობის თვე პარიზში გვქონდა ზამთარში, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რომშიც თაფლობის თვე იყო. სულ ვხუმრობ, გორს ვერ გავცდი-მეთქი. ჩემი მეუღლე ხომ გორში გადაიყვანეს სამუშაოდ, ამიტომ ხან მე ჩავდივარ, ხან ის ჩამოდის და მუდმივად გვენატრება ერთმანეთი. შეყვარებულებივით ვართ, ამიტომ რადგან ყოველდღე ერთად ვერ ვართ, ეს ერთი კვირა, როცა დილიდან საღამომდე ვატარებდით დროს, აუცილებელი იყო ჩვენთვის.

ძალიან გამიმართლა, რომ თენგო კომფორტული ადამიანია. სამოგზაუროდ სწო­რედ ასეთი ადამიანია სასიამოვნო მეგზური. ერთ დროს გვშივდება, ერთ დროს გვეძინება, მოგვწონს ფეხით სიარული. ადრეც მითქვამს, რომ კაცებს არ უყვართ მაღაზიებში სიარული, თენგოს კი შეუძლია, მშვიდად დაგელოდოს, სანამ ას რაღაცას მოიზომებ. ბიჟუტერიას რომ ვარჩევ, მაშინაც არ აქვს პრობლემა. ამ საკითხში მშვიდი ხასიათი აქვს, ეს კი ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

- რა უნდა ნახოს რომში ჩასულმა, პირველ რიგში?

- ვატიკანი, ტრევის შადრევანი, რომელიც დაუჯერებლად ლამაზია და ადამიანის ხელმა როგორ შექმნა, ვერ მიხვდები. რომი მთლიანად მუზეუმია. რომ გგონია, ამოწურე და ყველაფერი ნახე, გაიხედავ მარცხნივ და კიდევ უფრო საოცარი სილამაზეა. მთელი ქალაქი ხელით არის გაკეთებული. კოლიზეუმი ხომ სასწაულია, იქ რომ მოხვდები, თვალწინ გიდგება გლადიატორების ცხოვრება, ბორგეზეს ულამაზესი ბაღია, იქ შოთა რუსთაველის ბიუსტი დგას, რომელიც, თუ არ ვცდები, ორი წლის წინ გახსნეს. ვენეციის მოედნით ძალიან მოვიხიბლე.

- როცა ქალაქში ჩადიხარ, პირველ რიგში, რა გაინტერესებს?

- თუკი პირველად ჩავდივარ, ვყიდულობ ტურისტული ავტობუსის ბილეთს, თან ქალაქს ათვალიერებ, თან გიდი გიყვება ძალიან ბევრ რამეს ქალაქის შესახებ. ყველგან არის საყურისები, აირჩევ შენთვის სასურველ ენას და შესაბამისად, ისმენ გიდის მონათხრობს. ამ დროს აუცილებლად ვიწერ ყველაზე საინტერესოს მისი მონათხრობიდან, ტურისტებისთვის განკუთვნილ რუკას ვიძენ და იმის მიხედვით ვეძებ ამ საინტერესო ადგილებს. გაიხაროს "აი-ფონმა", რაც ნავიგაცია დავაყენე, უფრო ადვილად ვაგნებ ყველაფერს.

თენგო იტალიაში კი იყო ნამყოფი, მაგრამ არა რომში. წელს თენგოსთვის გიდი მე ვიყავი. შესაძლოა, ყველა ადგილას არ შევიდე, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოვლილი მაქვს. პარიზში რომ ჩადიხარ და ლუვრში შესვლის სურვილი არ გაგიჩნდება, ალბათ ცოტა გიჟი უნდა იყო. როცა ასეთ სიდიდეებს ვუყურებ, ვხვდები, როგორი არარაობა ვარ. ამდენი ხალხი მიდი-მოდის და რა გაგვიკეთებია ამასთან შედარებით, ძალიან პატარავდები და უსუსურად გრძნობ თავს. მეორე-მესამე დღეს შოპინგი რომ გინდება, კიდევ უფრო დიდ არარაობად გრძნობ თავს.

- შოპინგზე გამახსენდა. "აი-ფონზე" ყურმილი რომ გაქვს მიერთებული, თავიდან სათამაშო მეგონა.

- წელს გამოვიდა. ნინო ჩხეიძეს ჰქო­ნდა პირველად და რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით, ნინოსი უფრო მაგარია, ძალიან მომეწონა. ნინოს ძველებური ყურმილი აქვს, ეს შედარებით პატარაა. ივლისში მთელ მსოფლიოში 70%-იანი ფასდაკლებებია. როცა იტალიაში ხარ, ერთი-ორი ფეხსაცმელი რომ არ იყიდო, ხომ არ შეიძლება?!.. "ზარაზე" იაფი ღირს ბრენდული ფეხსაცმელები. ძალიან კარგ ფეხსაცმელს ფასდაკლებების- გარეშე 400 ევროდ შეიძენ, ფასდაკლებით- კი 120 ევროდ. "მოსკინოს" ფეხსაცმელს ამ ფასად რომ იყიდი, ძალიან კარგია. "ზარა" ღირს ხოლმე თბილისში ამდენი. არ ჯობია, საზღვარგარეთ წახვიდე, თუ გაქვს საშუალება?

- ყურმილი რომ შეიძინე, თენგოს არ გაეცინა?

- კი, ძალიან. ყველას საჩუქრები ჩამოვუტანე და ამ ჩემს ყურმილზე გადაირია ყველა, განსაკუთრებით ჩემი დისშვილები. ერთი ვატირე კიდეც, ისე უნდოდა და მივხვდი, რომ არაადამიანი ვარ (იცინის). ჩემს შვილსაც ძალიან უნდა და იმ ადამიანების სიაში შევიყვანე, ვისაც უნდა ვათხოვო რამდენიმე დღით ტელეფონის ყურმილი...

- სათვალეც გამორჩეული გიყიდია, პილოტის სათვალეს ჰგავს.

- რომ ვიკეთებ, ვერაფერს ვხედავ (იცინის). ბრენდული არ არის. ამ სათვალის გამო, რომელიც ბოლო დღეს ვიყიდე, მშივრები დავრჩით, 40 ევრო გადავიხადე და მეტი ფული აღარ გვქონდა. მარტო ყავის ფული დავიტოვე აეროპორტში. თენგოს არ მოეწონა ეს სათვალე, მაგრამ ძალიან ვეხვეწე, ვიყიდოთ-მეთქი და ბოლოს დამთანხმდა.

- სხვა დროსაც დარჩენილხარ უც­ხოეთში ასე უკაპიკოდ?

- როგორ არა. ძირითადად, ასე ვარ ხოლმე (იცინის). მახსოვს, ერთი-ორი წლის წინ მოვფრინავდი საიდანღაც, ტრანზიტი იყო. კაპიკი არ მქონდა. სამი საათი აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი. ყავის დალევა მინდოდა და ბარათი რომ გავატარე, იმდენი თანხაც კი არ მქონდა დარჩენილი, რომ ყავა დამელია. უცბად დავინახე სოფო ნიჟარაძე და ისე გამიხარდა... ვთხოვე, ყავა მინდა ძალიან და დამალევინე-მეთქი. თან მშიოდა. სოფო თან დამცინოდა, თან მეჩხუბებოდა, ამხელა გოგო ხარ და ასე უფულოდ როგორ უნდა დარჩენილიყავი, სამაგიეროდ, ვიცი, რამდენს გადაიხდიდი გადაჭარბებული ბარგის გამოო. მოკლედ, წამიყვანა, ყავაც დამალევინა და ბუტერბროდიც მიყიდა. დამაპურა სოფო ნიჟარაძემ. მიპატრონა აეროპორტში. ისედაც ძალიან მიყვარს სოფო და ათმაგად გამიხარდა მისი დანახვა (იცინის). სულ ვიცი ხოლმე ფულის გადადება და ჩემთვის ვამბობ, ვითომ არ მაქვს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებ ნეტავ, საკუთარ თავს? მერე მაინც ვხარჯავ.

- რომში ორიენტირება არ გაგიჭირდა?

- ძალიან ადვილია იქ ორიენტირება. საერთოდ, სა­ნამ სადმე ჩავალ, თბილისიდანვე ვიწყებ მზადებას და რუკას ისე კარგად ვსწავლობ, რომ ამდენი ხანია, არსად დავკარგულვარ. რომში სახ­ლებიც კი ზეპირად ვიცი. ძალიან მიყვარს ხალხის თვა­ლიერება, ვგიჟდები იტალიელ მოხუცებზე. 80 წლის ქალები, რომლებსაც ძალიან მაგრად აცვიათ, ბევრი ოქრო აქვთ ასხმული, ძაღლებს დაასეირნებენ და მაგრად არიან გარუჯულები. ხან "შანელის" მაღაზიაში შევლენ, ხან ღია კაფეში დასხდებიან და ხმამაღლა ლაპარაკობენ ჩვენსავით (იღიმის), ძალიან გვგვანან. მამაკაცებიც მოვლილები არიან. ვერ ნახავ მოუვლელ მოხუცს. ალბათ, რასაც აგროვებენ მთელი ცხოვრება, მერე ტკბებიან ცხოვრებით.

- რაიმე სახალისო შემთხვევა გქონდათ რომში?

- ჩვენ სადაც ვცხოვრობდით, ზღვასთან ახლოს მდებარეობდა. ერთ დღეს მოვძებნე პატარა ქალაქივით ბევრი ბრენდის მაღაზია, რომელიც ზღვასთან ძალიან ახლოს იყო. თენგო გავაღვიძე, ჩქარა, ადექი, ზღვასთან მივდივართ-მეთქი. გაუხარდა და დაიწყო პირსახოცის მომზადება, მაგრამ იმედები გავუცრუე, ზღვაზე არა, ზღვასთან მივდივართ მაღაზიებში-მეთქი (იცინის). მერე ამბობდა, ნინამ ზღვის წინ წამიყვანაო. გამიმართლა, რომ არ იჩხუბა. მამაჩემი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია, იქ რა ამბავი იქნებოდა. სულ მეძონძეს დამიძახებდა ალბათ.

- რომი და რომანტიკა...

- სხვანაირი ქალაქია. როცა ღამდება, განსაკუთრებით. საღამოობით საქსოფონსა და გარმონზე ძალიან კარგი მუსიკოსები უკრავენ, ღია ცის ქვეშ სვამ ყავას, მოხუცი ბაბუა საქსოფონზე უკრავს, იქვე ვარდები დააქვთ... რა თქმა უნდა, არის რომანტიკა. მირჩევნია, აქ მქონდეს მხოლოდ აუცილებელი და ვიმოგზაურო, ვიდრე ერთი სართული დავიშენო და თბილისს ვერ გავცდე. რამდენი ვიცი ასეთი ადამიანი, ლარნაკებს რომ დაახვავებენ ხოლმე. ის განწყობა ორი-სამი თვე მომყვება. როცა იცი, რა კარგია მოგზაურობა და ცოტა ხანს გამოთიშვა ყოველდღიურობიდან, უფრო მეტად გინდება. მოგზაურობიდან მოგზაურობამდე ვცოცხლობ. სულ რომ არ მქონდეს ფული, სამომხმარებლო სესხს ვიღებ და მერე ნელ-ნელა დავფარავ.

- დასვენებისთვის გაქვს კიდევ დრო?

- მაქვს 12 დღე. სამი-ოთხი დღით ვაპირებ ზღვაზე წასვლას. "ვერის უბნის მელოდიები" ძალიან მაინტერესებს. ამბობენ, რომ ასეთი მიუზიკლი ჯერ არ დადგმულა, განსაკუთრებით ქორეოგრაფიას აქებენ. ჩავალ და აუცილებლად ვნახავ.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინა წკრიალაშვილმა მონაზონი განასახიერა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება