რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ქართულ მხარეს რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ქართულ მხარეს რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ქართულ მხარეს რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. რუსული მედიის ინფორმაციით, აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

საგამოძიებო კომიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის დაცხრილვა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა და ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

"ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა მოქალაქის საჩივარი. ასევე, მოხდა იმ ვერსიის შესწავლაც, თითქოს რუსეთის შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ, რაც არ დადასტურდა. ამის თქმის საფუძველს იძლევა 2 ათასამდე დაკითხული სამხედრო მოსამსახურე, ასევე 100-მდე მშვიდობიანი მაცხოვრებელი. ისინი აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები არ ჩადიოდნენ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პირიქით, ხელს უშლიდნენ მძარცველებს მოეპარათ და დაეწვათ სახლები. მტკიცებულებები რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ვერც ქართულის მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა ვერ წარმოადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსმა გამომძიებლებმა არაერთხელ გაუგზავნეს კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დარჩა", - აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა მოეხდინა რუსეთის ჯარის დისკრედიტაცია. "გამოძიებამ მიიღო ჩვენება უკანონოდ არჩეული დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მომუშავე პირებისგან, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა დაიწყო ქართული ჯარის გამოდევნა ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ჯარის დისკრედიტაცია სცადა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარე ირწმუნება, რომ დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრებს სამხედრო ფორმას ხდიდნენ და სამოქალაქო ფორმით მოსავდნენ, შემდეგ კი ცხედრებს ვიდეოკამერით იღებდნენ იმის დასადასტურებლად, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი ოდენობის მსხვერპლი იყო.

"გარდა ამისა, მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარის გორში და საქართველოს საზღვართან განლაგებულ სოფლებში შესვლამდე, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის და მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, უკრაინელ დაქირავებულებს გადააცვა რუსეთის ჯარის ფორმა. მათი მონაწილებით იღებდნენ ვიდეომასალებს, თითქოს რუსეთის ჯარები მოსახლეობაზე ძალადობდა და მოროდიორობდა", - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები და სამხედრო მაღალჩინოსნები დამნაშავეები არიან, რუსეთში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძვრება, ხოლო საქართველოში ამაზე უარს ამბობენ.

აქედან გამომდინარე, რუსული მხარე აპირებს საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს. საგამოძიებო კომიტეტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას რუს სამშვიდობობეზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა