შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას არ ითვალისწინებდა.
"მე არ მითქვამს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას შეთანხმებიდან 10 დღეში დატოვებდნენ. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სასულიერო პირები, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად უნდა გაეტარებინათ, რაც ხორციელდება კიდეც. გაურკვეველია, რატომ წამოიჭრა ისევ ეს საკითხი", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას შოთა უტიაშვილმა.
გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონმა კირიონმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ უთხრა, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან.
"21 მაისს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა. აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მთის თხემი არ დაუტოვებიათ. ადრე თუ იქ ასვლისას 2 მესაზღვრე გვხვდებოდა, ახლა უკვე 6 მესაზღვრე დგას", - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.