მოგზაურობა პარიზში და მტკივნეული ღალატი

მოგზაურობა პარიზში და მტკივნეული ღალატი

სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მაყურებელმა "ღამის შოუს" სტუდიის პროექტებიდან გაიცნო, ახალ იუმორისტულ გადაცემაში - "რომ გადახვალ, გააჩერე" - სალომე კოკუაშვილი და მამუკა მუმლაძეც გამოჩნდნენ. მსახიობები სერიალშიც - "გოგონა გარეუბნიდან" მონაწილეობდნენ, მაგრამ ერთობლივ სცენებში არ გამოჩენილან...

სალომე:

- გადაცემაში კასტინგის შედეგად მოვხვდი. პროდიუსერმა გასაუბრებაზე დამიბარა: მივედი ერთხელ, მეორედ... მერე დამირეკეს და მითხრეს, - გადაცემაში აგიყვანეთო. აი, მამუკას კი პირდაპირ მიადგნენ და სთხოვეს: გეხვეწები, ჩვენთან მოდიო (იცინის).

მამუკა:

- "ღამის შოუს" სტუდიის წარმომადგენლებმა ჩემი შესაძლებლობები იცოდნენ. მათ მიმართ მეც ნდობით განმსჭვალული ვარ: ნიჭიერი ხალხია, კარგ პროექტებს აკეთებენ. ამ ფაქტმაც მომცა სტიმული, შემოთავაზებას დავთანხმებოდი. თან - რა დასამალია და ხელფასიც მჭირდებოდა... რადგან სკეტჩებზე უნდა გვემუშავა, თავიდან შევყოყმანდი - არ მინდოდა, "სკეტჩის მსახიობის" "იარლიყი" მქონოდა. პროექტის არსი რომ ამიხსნეს, მივხვდი, ამის საშიშროება არ მემუქრებოდა.

- სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" კადრში ერთად არ გამოჩენილხართ, მაგრამ ალბათ, ერთმანეთს იცნობდით, არა?

სალომე:

- სერიალის გადაღებაზე ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ. მამუკა სკეტჩებზე მუშაობისას გავიცანი. სხვათა შორის, გადაცემის სახელწოდება - "რომ გადახვალ, გააჩერე" არ მომწონს. ლამის გული გამისკდა, როცა ეკრანზე ეს სახელწოდება დაიწერა (იცინის).

- ფრაზა - "რომ გადახვალ, გააჩერე" რეალურ ცხოვრებაში გამოგიყენებიათ?

- არა და არც ვიცოდი, ამ ფრაზას თუ ამბობდნენ. ბოლო დროს, როცა "მარშრუტკის" მძღოლს ვიღაც ეუბნება, - რომ გადახვალ, გააჩერეო, მაშინვე იმ მგზავრისკენ მივიხედავ ხოლმე.

მამუკა:

- მე კი ეს ფრაზა ან "სვეტაფორთან" გააჩერე" ბევრჯერ მითქვამს (იცინიან).

- ახალ პროექტში თავს კომფორტულად გრძნობთ?

- კარგი შემოქმედებითი ჯგუფია. ძალიან თბილი გარემოა: გადაღების პროცესიც სასიამოვნოა და კამერებს მიღმა ურთიერთობაც.

სალომე:

- გადაღებაზე სიხარულით მივდივარ; ვიცი, იქ გავერთობი...

- თქვენთვის იუმორისტულ გადაცემაზე მუშაობა უფრო საინტერესოა თუ სხვა სახის პროექტებზე?

- მე დრამა უფრო მეტად მაინტერესებს. გამიმართლა, რომ განსხვავებულ როლებს ვასრულებ.

მამუკა:

- ჩემთვის უპირატესი თეატრში მუშაობაა. დრამატული როლები მიზიდავს, მაგრამ მეუბნებიან, - კომედიურ ჟანრში უფრო კარგი ხარო.

- სალომე, სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ რას საქმიანობდი?

- რეკლამებში ვმონაწილეობდი, რეპეტიციებზე დავდიოდი (ბატონი გოგა თავაძე ცირკისთვის სპექტაკლს დგამდა); მერე "სიყვარულის ბალადაში" მუშაობა შემომთავაზეს.

- ახალი გადაცემის ერთ-ერთ სკეტჩში სალომეს გმირს - პატარძალს ერთი სული აქვს, გათხოვდეს, რათა მერე ქმარს უღალატოს...

- (მაწყვეტინებს) უი, ახლა დავფიქრდი, რომ ქმრისთვის გათხოვების მერე უნდა ეღალატა!

მამუკა:

- "შუტკა" ისაა, რომ თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნეფე-პატარძალი პირველ ღამემდე ვერ ითმენს, მერე კი ირკვევა, რომ ის ბიჭი საქმრო არაა...

სალომე:

- ამ სკეტჩის გადაღებაზე ვახო წვერგაუპარსავი მოვიდა. ეუბნებოდნენ, - ეს რა არის? ხალხს უნდა ეგონოს, რომ სიძე ხარო!

მამუკა:

- ჰოდა, ე.წ. ერთჯერადი სამართებლით გამპარსეს წვერი.

- ოდესმე ღალატი გიგემიათ?

სალომე:

- დაქალი მყავდა, რომელმაც ისეთი რაღაც ჩაიდინა, რასაც მართლა ღალატი ჰქვია... ეს ძალიან მტკივნეულია. არ გისურვებთ, რომ განიცადოთ.

- შეყვარებულთან გიღალატა?

- შეყვარებულს ჩემთვის არასოდეს უღალატია.

- ანუ შეყვარებული ხარ?

- კი, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- მამუკა, მომეჩვენა, რომ სალომესთან ერთად ინტერვიუს ჩაწერა არ გინდოდა. ეჭვიანი შეყვარებული ხომ არ გყავს?

მამუკა:

- არ მინდოდა, ინტერვიუს "ისეთი" სახე მისცემოდა... ვიცი, ეს სალომესაც არ ესიამოვნება. ასე თუ ისე, ჟურნალისტების ამბავი ვიცი, მათთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება მაქვს - ერთი-ორმა გული მატკინა (იცინის)...

- პოპულარობის გამო პირად ცხოვრებაში პრობლემა შეგქმნიათ?

სალომე:

- არა... როგორც სხვა მსახიობებზე, ჩვენზეც ჭორაობენ, რაც რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, მაგრამ ამასაც შევეჩვიეთ.

მამუკა:

- როცა ადამიანს ყურადღებით ეპყრობიან, ეს ფაქტი მის მეორე ნახევარს საფიქრალს უჩენს.

- დაოჯახებაზე არ ფიქრობთ?

სალომე:

- მე ჯერ პატარა გოგო ვარ - 21 წლის გავხდი. ასე რომ, რა თქმა უნდა, დაოჯახებაზე არ ვფიქრობ... მაგრამ მამუკა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ...

მამუკა:

- მგონია, რომ დაოჯახებაზე გოგონები უფრო მეტად ფიქრობენ.

სალომე:

- ასე არაა, ვაპროტესტებ!

მამუკა:

- შეიძლება შენ გამონაკლისი ხარ... დაოჯახებამდე ბიჭისა და გოგოს ურთიერთობაში რაღაც ეტაპებია გასავლელი. მინდა, ცხოვრების ისეთი თანამგზავრი მყავდეს, რომლის ღალატის სურვილი არ გამიჩნდება.

- ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობის გჯერათ? ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ორი ძალიან კარგი მეგობარი ბიჭი მყავს. მათ შორის ერთ-ერთი ფაქოა. ისინი ჩემი "დაქალები" არიან. რაც შეეხება მამუკას - ეს ადამიანი ძალიან მიყვარს: მხიარული, საყვარელი და ნიჭიერია. მასთან ერთად მუშაობა სასიამოვნოა. მამუკასგან დადებითი მუხტი მოდის.

მამუკა:

- სალომე, ვფიქრობ, ისეთი ურთიერთობა არ გვქონია, ასეთი დასკვნა რომ გამოგეტანა.

სალომე:

- ადამიანებს მარტივად ვაფასებ. მართალია, ზოგჯერ ვცდები ხოლმე, მაგრამ მაინც.

მამუკა:

- იქნებ ჩემშიც ცდები?

სალომე:

- არა მგონია.

მამუკა:

- სალომე ძალიან კარგი გოგოა: უბრალო, "გახსნილი", დისკომფორტს არ გიქმნის....

- სალომე, სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" შენს პერსონაჟს თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბოლოს კი გაირკვა, რომ ნია ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა...

- თანამშრომლებთან ურთიერთობისას პრობლემა არასოდეს შემქმნია. გოგონები - ქეთა ლორთქიფანიძე, ჩვენი გრიმიორი ლანა და ხანდახან რუსკა მაყაშვილი "მკბენდნენ" ხოლმე: იცი, გიორგი ვარდოსანიძეს შეყვარებული ჰყავსო. დარწმუნებული ვარ, ამას ხუმრობით ამბობდნენ. გიორგის შეყვარებულს - თამთასაც ვიცნობ. ის ძალიან კარგი გოგოა... მოკლედ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ყოფილი თანამშრომლები მიყვარს და მენატრება!

- გავიგე, პარიზში ყოფილხარ.

- ასეთი ჩვევა მაქვს: ხელფასის გარკვეულ ნაწილს ანაბრისთვის გადავდებ ხოლმე - რა ვიცი, რაში დამჭირდება? როგორც წესი, თანხას მანქანისთვის ვაგროვებ, მაგრამ საბოლოო ჯამში, დასასვენებლად მივდივარ. დედამ მითხრა: კარგი იქნებოდა, პარიზში წავსულიყავითო. მეგონა, სერიალში კიდევ ვმუშაობდი და აღებულ ვალს მარტივად დავფარავდი, ამიტომ პარიზში გავემგზავრეთ. საქართველოში რომ დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ არანაირი სამსახური არ მქონდა. ჰოდა, სახლში ვიჯექი და შიმშილით ვკვდებოდი (იცინის)... მაგრამ საფრანგეთში მოგზაურობა მაინც კარგი იყო.

- მატერიალური პრობლემა ხშირად გექმნებათ?

მამუკა:

- ასეთი პრობლემა ახლა მაქვს...

სალომე:

- მსახიობებს სტაბილური შემოსავალი არ გვაქვს...

- დაბოლოს, სალომე, ბიჭოლასთან ერთად უცნაურ პოზაში გადაღებულ შენს ფოტოზე რას გვეტყვი?

- ბიჭოლასთვის მიძღვნილ ძალიან მაგარ "ივენთიზე" ვერთობოდით. ყველანი მთვრალები ვიყავით. ბიჭოლასთან ვცეკვავდი და უცნაურ პოზაში "დაგვიჭირეს". 2 წუთის განმავლობაში ვიცეკვეთ და ვიხტუნავეთ, მაგრამ მაინცდამაინც ის ფოტო რატომ გადაიღეს, ვერ ვხვდები...

- ამ ფოტოსურათს ინტერნეტში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ეს ძალიან განვიცადე, მაგრამ ბოლოს დამამშვიდეს: ჰოლივუდის "სელებრითები" სულ ასე ერთობიანო (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება