ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე "ეროვნული ფორუმის" ლიდერების არყოფნამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ითქვა, რომ "ფორუმსა" და ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა. რა ხდება კოალიცია "ქართულ ოცნებაში" და რატომ ვერ მოახერხეს პარტნიორი პარტიის დაფუძნებაზე დასწრება ფორუმელებმა? - ამას გუბაზ სანიკიძისგან შევიტყობთ:
- ერთ გაზეთში დაიწერა, როგორ იჩხუბეს შარტავამ და ივანიშვილმა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ თურმე კახას გუბაზ სანიკიძისთვის უნდოდა ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი, მაგრამ ბიძინამ არაფრით არ მისცა. მაინტერესებს, მაგ ჩხუბს ვინ შეესწრო და ვინ გამოიტანა ეს ამბავი? მოკლედ, შესულები არ ვიყავით კოალიციაში და გაიძახოდნენ, "ფორუმი" გამოდის "ქართული ოცნებიდანო", რომ არ გამოვალთ, მერე რა უნდა ქნან, რაღაზე იჭორავებენ? სინამდვილეში მე ვიყავი ქუთაისში, კახა შარტავაც არ იყო ქალაქში, სხვაგან იყო საქმეზე წასული. მეგონა, ჩამოვასწრებდი ყრილობას, მაგრამ ვერ მოვახერხე...
- მას მერე შეხვდით ბიძინა ივანიშვილს?
- კახა შეხვდა, მე - არა. მთავარია, რომ წარმატებით დაფუძნდა ეს პარტია და იქ ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა მოიყარეს თავი. მიმაჩნია, რომ თავმჯდომარედაც ღირსეული ადამიანი აირჩიეს. მანანა კობახიძე ცნობილი და ადამიანის უფლებათა დაცვაში დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებაა. პოლიტიკაში ახალბედაა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს კოალიცია სასტარტო ვითარების ბოლო ეტაპზეა. რეგიონებში ოფისების გახსნა, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა, სულ რამდენიმეს გახსნაღა დარჩა.
- რა იქნება შემდგომი ნაბიჯი?
- უკვე მასშტაბურად გაიშლება საარჩევნო კამპანია, ვეცდებით, ჩვენი პროგრამები თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ. ბატონი ბიძინა უკვე ინტენსიურად შეხვდება მოსახლეობას. ხომ გახსოვთ, იმაზეც ჭორაობდნენ, არ აპირებს ივანიშვილი თავისი შუშის სასახლიდან გამოსვლასო. არადა, მშვენივრად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ის ხალხის წიაღიდან გამოსული კაცია. დარწმუნებული ვარ, მისი შეხვედრები ამომრჩეველთან ძალიან შედეგიანი იქნება, თუმცა ეს შეხვედრები უფრო მოგვიანებით დაიგეგმება. იცით, ალბათ, რომ მე იმერეთის რეგიონზე ავიღე პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, უკვე ქუთაისში ვარ გადაბარგებული. ტრადიციულად, ჯავახეთი და ქვემო ქართლის რეგიონი ოპოზიციისთვის რთული რეგიონებია, ძალიან გართულდა ვითარება სამეგრელოშიც, რადგან ეს მხარე ბორკილდადებული და დატყვევებული ჰყავთ. ირაკლი ალასანიას, რომელიც სწორედ სამეგრელოში წაუძღვება პოლიტიკურ ბრძოლას, დიდი და სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს.
- პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ოპოზიცია რეგიონებში უნდა გასულიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხეთ, რა გიშლიდათ ხელს, უსახსრობა?
- კარგა ხანია ამას ვლაპარაკობდი. მგონი, ხელს უსახსრობა კი არა, უვიცობა გვიშლიდა. მუდამ თბილისის იმედად ვიყავით. თანაც, ოპოზიცია ხშირად მადევარი იყო იმ პოლიტიკური პროცესებისა, რომელსაც ხელისუფლება სთავაზობდა. ახლა კი პირიქითაა. ჯერჯერობით შეიძლება ნაკლებად აქტიური ჩანს "ქართული ოცნება", მაგრამ ინიციატივა ჩვენს ხელთ არის და არა - "ნაციონალური მოძრაობის". თანაც ჩვენ ხომ ჯერ სერიოზული საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია?
- თუმცა ხელისუფლებაც არ ზის გულხელდაკრეფილი, საოცრად აქტიური და თავდაჯერებულია პრეზიდენტი...
- სად ნახეთ ასეთი აქტიური და თავდაჯერებული, მახათას მთაზე გამოშტერებული რომ დააბოტებდა? კაცს ქვეყნის პირველ პირად უნდა დაბერება და ის ვერ გაუგია, რომ პატრიარქთან მთვრალი არ უნდა მივიდეს. ან იქნებ მაშინ ჩანდა თავდაჯერებული, ეს თმაგადანერგილი ტრამპი რომ ჩამოიყვანა და ფიანდაზად გაეგო... რიგით ამერიკელს რომ ჰკითხო რამე ამ ტრამპზე, სიცილით მოკვდება. არასერიოზულ კაცად მიიჩნევენ, აფერისტად და როგორც ამბობენ, რაღაც გადახრებითაც არის დაჯილდოებული, მოკლედ, მთლად ჯანზე ვერ არის, რითაც მიშას წააგავს. რამდენიც უნდა გვიმტკიცოს, რომ ტრამპთან ერთად ააშენებს ქვეყანას, ამის აღარავის სჯერა. სხვა რა უნდა ქნას წინასაარჩევნო პიკისას, არ ვიცი, ბაბილონის გოდოლსა და ჩინეთის კედელს რომ ვერ ააშენებს, ფაქტია...
- მაგრამ აპირებს, ააშენოს ლაზიკა...
- რა ლაზიკა, კარგი რა, ამ ზღაპრების ვის სჯერა? იცით, ეს რას ჰგავს? ცხინვალის დაბრუნებას რომ აპირებდა დისკოთეკებით და ხალხის ერთმა ნაწილმა ეს რომ დაიჯერა... დავიბრუნეთ ცხინვალი? კარგი, ააშენა ლაზიკა, ნეტავ ფოთი სად მიაქვს? ან რას უწუნებს ფოთს, ეს ხომ მარტო საქართველოს პორტი არ არის, მთელი აზიის პორტია. როგორც ჩანს, რაღაც ახალ მაქინაციებს გეგმავენ, შავი ფულის გათეთრებას და იოლად ფულის შოვნას აპირებენ... მანამ არ მეტკინოს არაფერი, ვიდრე ეგ ლაზიკას ააშენებს...
ეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ომზეც კი არ დაიხევს უკან, მაგრამ არა აქვს გარანტია, რომ ამ შემთხვევაში ჯანზე დარჩება და მიზნის მიღწევას მოახერხებს. ისეთი მშიშარაა, არა მგონია გაბედოს პროვოკაცია და ქვეყნის კიდევ ერთ ავანტიურაში ჩათრევა. ფაქტია, პრეზიდენტი ვეღარ იქნება, დააკვირდით, პრემიერმინისტრობაზეც არ ძრავს კრინტს. არ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი იქნება აუცილებლად. მიშას თავმდაბლობის ამბავი ხომ ვიცით, თუ მოუნდა, შეუძლია თქვას, იმპერატორი ვარო! ვერ ამბობს. იცით, რატომ? ეშინია...
- რისი?
- იმის, რომ ამერიკაში ჩასვლისას დაანახვეს ის "შანთი", რომლითაც მოუწევს დადაღვა, თუ ჭკუას არ მოეგება. რომ აიწყვიტა და "შეძვრა ტრამპში", იძახა, ასეთი მნიშვნელოვანი ჯერ არც პრეზიდენტი მინახავს და არც პრემიერ-მინისტრიო, ვის გულისხმობდა, იცით? P- ობამას. იმას უკბინა, რადგან იცის, როგორაც ახატია ამერიკის პრეზიდენტს მიშა გულზე... სააკაშვილმა არაფერი იცის დედამიწის ზურგზე, ეგ ქართველ ხალხს არ იცნობს. იმ დროს დაიჭექებს ეს ხალხი, როცა ყველას ჰგონია, რომ დამთავრდა ყველაფერი და მოუგრიხეს ქართველებს კისერი. მთელი ჩვენი ისტორია ამის მაგალითებით არის სავსე. ეს ჯიშად აქვს ამ ხალხს - ითმენს, ითმენს და ბოლოს ისეთს დასჭექს... ხალხმა უკვე კარგად გაისიგრძეგანა, რომ 2012 წელი დიდი ცვლილებების წელიწადია. თუ ეს ცვლილება არ მოხდა, დარჩება ეს ქვეყანა ამ ჭაობში, თუ არადა, მომავალი 10-15 წელიწადი საქართველოს აყვავების ხანა იქნება...
- გადაჭარბებული ხომ არ არის თქვენი ოპტიმიზმი, მახსოვს, ბევრი 2003 წელსაც ასე ფიქრობდა...
- მე სხვების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, სხვათა შორის, არც 2003 წელს მჯეროდა მიშას ძლიერების...
- თუმცა იმხანად, როგორც ტრადიცინალისტთა კავშირის წევრი, თქვენც თანაუგრძნობდით "ვარდების რევოლუციას"...
- რევოლუცია სხვა საკითხია და მიშას პრეზიდენტობა - სხვა. ე.წ. ტრიუმვირატის დანარჩენ ორ წევრს რომ დაეჯერებინა და გაეთვალისწინებინა ჩვენი რჩევები, გაცილებით უკეთესად იქნებოდა საქმე. აი, მაშინ იყო სააკაშვილი მოსათოკი. იმ ორს რომ ეყოჩაღა, ამის მოხერხება თავისუფლად შეიძლებოდა. სამწუხაროდ, დიდი ტარგედია მოხდა, ზურაბ ჟვანია ემსხვერპლა სააკაშვილის ხელისუფლებას...
- ბურჯანაძემ კი ვერაფრით იპოვა "ქართულ ოცნებასთან" მისასვლელი გზა, რატომ?
- არ არის ეგ სწორად დასმული შეკითხვა. ეგ საკითხი კიდევ გასარკვევია და, ალბათ, მალე გაირკვევა.
- ანუ, ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრებას კიდევ განიხილავთ?
- მე ეს არ მითქვამს. უბრალოდ, ვამბობ, რომ დღის წესრიგში ნებისმიერი საკითხი შეიძლება დადგეს...
- ცნობილია, რომ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება, ვინ იქნებიან პრეზიდენტობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები?
- ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და არც ვლაპარაკობთ.
- საარჩევნო სიასა და კვოტებზეც არ ლაპარაკობთ?
- არა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თუმცა ამ ყველაფერზე აუცილებლად მოგვიწევს შეთანხმება. ნაცმოძრაობას და ჩვენს არაკეთილისმსურველებს იმის იმედი თუ აქვთ, რომ ერთმანეთსაც ცხვირ-პირს დავამტვრევთ სიების გამო, უნდა გავუცრუო ეს იმედი, ამგვარი რამ არ მოხდება...
- რა იცით, რა ხდება, პირველკაცობა ძალიან უყვართ საქართველოში...
- ეგ პრობლემა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში წარმატებით მოგვიგვარა, ჩვენში ის არის პირველი კაცი და ამაზე არავინ აპირებს დავას...
- თუმცა ამბობენ, რომ მის გარშემო პოლიტიკური გავლენისთვის შიდა ინტრიგები ნელ-ნელა მძაფრდება, მაგალითად, ამბობენ იმასაც, რომ თქვენ არ მოგწონთ რესპუბლიკელების გავლენა...
- ამას სინამდვილესთან კავშირი არა აქვს. კოალიციის შიგნით გავლენა აქვს მხოლოდ საღ აზრს... ბიძინას აქვს ერთი კარგი თვისება, თუ რამეს ეუბნები, აუცილებლად არგუმენტებით უნდა დაუსაბუთო, ამ შემთხვევაში ის ნებისმიერ აზრს ითვალისწინებს. ამასთანავე, რეალისტურად აფასებს ვითარებას და გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს. დანარჩენი ყველაფერი ჭორია, რომელსაც მერაბიშვილის უწყებიდან ავრცელებენ...
- ისე, ვანო მერაბიშვილზეც ბევრს ჭორაობენ, ამბობენ, შეიძლება ოპოზიციაში წავიდესო...
- რას მელაპარაკებით, რამდენს ვიცინებ, ვანო რომ "ქართულ ოცნებაში" ვნახო! ეგ აზრი თავში რომ გაივლოს, იქვე მიაკლავენ. თქვენ რა, ვანო მერაბიშვილი ნაპოლეონი გგონიათ? როგორც მეტყველებს, ისე აზროვნებს.
- რას ამბობთ, ამხელა სტრუქტურა ადამიანმა საათივით ააწყო...
- მილიარდიანი ბიუჯეტი თუ გექნება, პოლიციას კი არა, კოსმოსურ პოლიციას ააშენებ. გამომიყვანეთ ეს ვანო ფუშე და ბერია, რა! ერთი ქუჩაში გამოვიდნენ დაცვის გარეშე და გვაჩვენონ, რისი გამკეთებლები არიან? ომის დროს არ ნახეთ, რა ბიჭები იყვნენ, სად იყო შენი ვანო მაშინ?! სად იყვნენ ეგ ლომები და ტელეპატრიოტები მაშინ, მე რომ მიტოვებული ჯარისკაცები გამომყავდა კონფლიქტის ზონიდან... გამომყვნენ ქუჩაში ერთხელ, მე ვიქნები გარანტი, რომ ქუჩაში არ გაწიწკნის ხალხი. ასი მეტრი გაიარონ ჩემთან ერთად...
ქვეყნის ლიდერობა თუ გინდა, ხალხთან ერთად უნდა იყო, ჯვარზე კი არ უნდა გააკრა? ახლა ეს ნებაყოფლობითი რეზერვი გამოიგონა. სინამდვილეში აღარ აქვს პოლიციისა და არმიის იმედი, ამიტომაც "ზონდერებით" გადაწყვიტა ჯგუფების შექმნა, მერე კი იძულებული გახდა, ნებაყოფლობით რეზერვად გაეფორმებინა. კრებენ ამ "ზოდერებს" და ძველ ბიჭებს, იძახიან, ქურდებს ვებრძვითო. რომელ ქურდებს ებრძვიან, ქურდები და ძველი ბიჭები სულ მაგათ მხარეს იყვნენ ყველა არჩევნებზე. ივარგა იმ რეზერვმა, რაც ომის დროს ჰყავდათ? რამდენი ფული გადაყარეს მაშინ, დათვალა ვინმემ? ეს ყველაფერი დაითვლება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. გამოიგონა ახლა რაღაც სამხედრო ტექნიკა, დაარქვა "ლაზიკა", ის სამხედრი ტექნიკა ჩვენს წინააღმდეგ სჭირდება, თორემ კარგად ვნახეთ რუსეთთან ომში, რა ბიჭებიც არიან.
- ბევრი მითქმა-მოთქმაა "ქართული ოცნების" საგარეო-პოლიტიკურ კურსზე, განსაკუთრებით გოგი თოფაძის კოალიციაში გაწევრების შემდეგ, ცნობილია, რომ ის ნატოში გაწევრების წინააღმდეგია...
- ძალიან მარტივია ყველაფერი: ჩვენ ქვეყანას წავიყვანთ ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაგრამ წავიყვანთ პრინციპულად და ცივილიზებულად, პარალელურად კი დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას, რა არის ამაში გაუგებარი? გოგი თოფაძეს აქვს თავისი თვალსაზრისი, ნურავინ ინერვიულებს იმაზე, რომ კოალიციაში "რაზბორკები" გვაქვს ამ საკითხზე. მოკლედ, რაც ამ ქვეყანას დასჭირდება და გამოადგება, ისე იქნება ყველაფერი და არა ისე, როგორც მიშა სააკაშვილს დასჭირდება.
- თუ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყანას რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სჭირდება, უნდა დაბრუნდეს?
- რა ორბიტაზე მელაპარაკებით? რუსეთის გავლენის ქვეშ ვეღარ დავბრუნდებით, რადგან ჩვენ მაგ ორბიტას უკვე კარგა ხანია მოვწყდით და ჩვენი გზა ავირჩიეთ.
- რატომ დაუშვებს რუსეთი ჩვენთან ურთიერთობის დარეგულირების პარალელურად ჩვენს ევროინტეგრაციას?
- რა უნდათ რუსებს ჩვენგან? რუსებს უნდათ, რომ საქართველო არ იყოს მათდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფო. შეიძლება რუსეთს ხელს უფრო აძლევდეს ნატოში საქართველოს შესვლა ხვალ იმიტომ, რომ ნატო პასუხისმგებლობის მქონე ორგანოა. ფაქტია, რომ ნატოში გაწევრების შემდეგ ასჯერ დავფიქრდებით, ვიდრე 2008 წლის ომისნაირ ავანტიურაში ჩავერთვებოდეთ... მე თუ მკითხავთ, რუსეთიც იქით მიცურავს. ნურავის გაეცინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ რუსეთიც ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად იქცევა. ისტორიაში არსებობს ცნობილი პოლიტიკური შეთანხმებები, ჩვენში ეს არ იციან - ჩვენ ხომ უწიგნური პოლიტიკური ელიტა გვყავს! ინგლისსა და საფრანგეთს რომ მტრობა ჰქონდათ, უარესი არავის დაესიზმრება, მაგრამ ნაპოლეონის ომების შემდეგ საფრანგეთი და ინგლისი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთში არასდროს იომებდნენ და ნებისმიერ განსხვავებულ მოსაზრებას მოლაპარაკებით მოაგვარებდნენ. ეს შეთანხმება დღემდე წარმატებით სრულდება, ასეთივე შეთანხმება არსებობს საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ჩვენ და რუსეთმა სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ ურთიერთობა, ამ ურთიერთობაში აუცილებლად იგულისხმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)