რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" რუსთავლის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა თავისი ლექსების გამოქვეყნება დაიწყო. შემდეგ ბესომ ლექსების წიგნად გამოცემა გადაწყვიტა და ცოტა ხანში კრებულის პრეზენტაციაც გაიმართება...
- როგორც ხელოვან ადამიანს, ლექსების წერის სახით ახალი გატაცება და სიყვარული გამიჩნდა. ჩემში დაგროვილ სევდას, ტრაგედიასა თუ სიხარულს, ყველაფერს, რასაც აღსარებაში ვერ ვამბობ, ვწერ საქვეყნოდ და ეს ჩემი აღსარებაა. ბოლო დროს ყველაფერს, რაც მაწუხებდა, ლექსად ვწერდი. ლექსები მეგობრებმა მომიწონეს, უცხო ადამიანებიც დაინტერესდნენ. ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ლევან ბეგლარიშვილმა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი, ლექსების დაბეჭდვა შემომთავაზა. ეს სრულიად უცხო ადამიანი გვერდით დამიდგა. ის დამკაბადონებელია და თავის მეგობარ მაია ტაკაშვილთან ერთად ლექსების დაბეჭდვაში დამეხმარა. წიგნში 100 ლექსი შევა. ჩემი სულიდან ამოსული საქვეყნო აღსარების სახელწოდებაზე დიდხანს ვფიქრობდი.
არ ვიცოდი, წიგნისთვის რა დამერქმია. არ მინდოდა სახელწოდება გადაპრანჭული ყოფილიყო. ჩვენი ერი კრიტიკულია, გალაკტიონის ქვეყანაში ძალიან რთულია განაცხადო, რომ ლექსებს წერ და პოეტი ხარ. მე პოეტობაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მყავს მეგობრები, რომლებსაც ჩემი ლექსები მოსწონთ, ამიტომ გამოვცემ წიგნს და მათ გამო კიდევ დავწერ. ერთხელაც, კომპიუტერთან ვიჯექი, როცა "ფეისბუქზე" ვიღაცამ დამეგობრება შემომთავაზა. ვნახე და წერია "სულში გადამედე". ეს სიტყვები ისე მომეწონა, მაშინვე "დამარტყა", რომ წიგნისთვის ასე დამერქმია. უცნობს მივწერე, რომ ლექსებს ვწერდი და მინდოდა ჩემი კრებულისთვის ეს სახელი გამომეყენებინა. მას უარი არ უთქვამს. მერე ამ სახელწოდების ლექსი დავწერე კიდეც. ეს ადამიანი ჯერ არ გამიცნია, მაგრამ იმედი მაქვს, ახლო მომავალში ვნახავ.
- ქალია თუ მამაკაცი?
- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ქალბატონია. ასეთ შემთხვევებში ინტუიცია არ მღალატობს.
- ფურცელზე წერ, თუ პირდაპირ კომპიუტერში?
- კომპიუტერში. ჩემს ერთ მეგობარს, მაია მაისურაძეს, სხვათა შორის, ისიც "ფეისბუქით" გავიცანი, ვთხოვე, უბის წიგნაკი შეეძინა და თუ შეძლებდა, ჩემი ლექსები ჩაეწერა. ამას წინათ მეგობრები სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიყავით. იქ მყოფ ადამიანებს მცირე დახმარება ჩავუტანეთ. თბილისისკენ რომ წამოვედით, გზაში მაიას შევხვდი და ამ გოგონამ წითელყდიანი, ძალიან ლამაზი უბის წიგნაკი გადმომცა. მასში ჩემი ლექსებია ჩაწერილი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანებს ჩემი ლექსები მოსწონთ. თუნდაც ერთი ფრაზა რომ მოეწონოს ვინმეს და ეს მითხრას, უბედნიერესი ვიქნები.
- როგორც ვიცი, წიგნის პრეზენტაციას არ გეგმავდი...
- კი, მაგრამ გადამაფიქრებინეს. მინდა კრებულის პრეზენტაცია მცირე წრეში გავაკეთო, თუმცა სად, ჯერ არ ვიცი. არ მინდა გამოვიდე კაშნეთი, თავზე აწეული სათვალით, წამოზრდილი წვერით, არყის ვულგარით. არც სიგარეტის ბოლია აუცილებელი. ალბათ ჩემს ლექსებსაც ჩემი მეგობრები წაიკითხავენ და არა მე. თუმცა რამდენიმეს წაკითხვა მაინც მომიწევს, რომ ხალხმა გაიგოს ის მიმართულება, როგორც ვწერ. ეს უკვე ძველით ახალი წლის შემდეგ მოხდება, როცა ჩამთვრალი ერი ნაბახუსევზე გამოვა.
- რუსთაველის თეატრში მუშაობ, "ობიექტივზე" გადაცემა მიგყავს, ჟურნალ "...და ქალის" დეკემბრის ნომერში" შენი სტატია დაიბეჭდა. ეს პირველი მცდელობა იყო, არა?
- (იღიმის) კი, ეს პირველად მოხდა. "...და ქალის" სტატია მგონი კარგად გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან ქალები.
- გიყვარს ახალი წელი?
- საერთოდ, ახალი წელი ლამაზია კიევში. იქ ყველაზე მაგარი და ხანგრძლივი ფეიერვერკია, მსგავსი არსად მინახავს. 2011 წლის გარდა, ბოლო რვა წელი ახალ წელს საქართველოში არ ვყოფილვარ. ახლა წელს აუცილებლად მარტო ვხვდები. ერთადერთხელ შევხვდი ახალ წელს კიევში ჩემს მეუღლესთან ერთად, დანარჩენი სულ მარტო ვარ. მომწონს ეს იდილია. ძალიან მეშლება ნერვები, როცა ამბობენ, ახალი წელი მეზიზღებაო. ახალი წელი მოდის როგორც პიროვნება და მე მას პირადად ვხვდები. ხელში აუცილებლად მიჭირავს ჭიქა წითელი ღვინით ან შამპანურით. ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ. გავდივარ აივანზე, ახალ წელს ველაპარაკები ფიქრებით. ასე ვუწყობ თავს შეხვედრას ახალ 365 დღესთან. ზოგჯერ ამ 365 დღეში ჩემს თავს იმდენი რამ ხდება, რომ ბევრს 300 წლის განმავლობაში არ შეემთხვევა.
- შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი ახალი წელი იყო?
- ორი უბედნიერესი ახალი წელი მქონდა. პირველი იყო მაშინ, როცა პირველი შვილი გამიჩნდა. 1 იანვარი თენდებოდა, ლუკა რომ დაიბადა. მეორე მნიშვნელოვანი წელი ის იყო, როდესაც მეორე შვილი - ნოდარიკო მეყოლა. მართალია, ნოდარიკო ოქტომბერში დაიბადა, მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში ახალი წლის ღამეს პატარა საოცრება ხელში მეჭირა. მახსოვს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი დავტოვეთ, ჩვენ სტუმრად წავედით, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავჩერდით და ისევ ბავშვთან დავბრუნდით.
- დაბოლოს, მას შემდეგ, რაც ბატონი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში აღარ მუშაობს, როგორ მიდის თეატრის ცხოვრება? თავად როგორ არის?
- ბატონი რობიკო თავს ძალიან კარგად გრძნობს. ჩვენ დაგვაკლდა ის - ერსა და თეატრს. ბატონი რობერტის სპექტაკლები ჩვეულ რეჟიმში გადის და მას მაყურებელი ჰყავს. როგორც ვიცი, ის საქართველოში სპექტაკლის დადგმას აპირებს, თუმცა არ ვიცი, ეს რომელ თეატრში მოხდება. ყველას უფრთხილდება, მას არ უნდა იმ თეატრს პრობლემა შეექმნას, სადაც ის სპექტაკლზე იმუშავებს. ლონდონში იყო მიწვეული, იქ ერთი თვე გაატარა. იმყოფებოდა თურქეთში და ახლახან საქართველოში ჩამოვიდა.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)