ნოდიკო ტატიშვილს ახალი სიმღერა ლიტვის პრეზიდენტმა შეუფასა

ნოდიკო ტატიშვილს ახალი სიმღერა ლიტვის პრეზიდენტმა შეუფასა

ამ კვირას ქართულ ტელეეთერში საახალწლო კლიპი გამოჩნდება, რომელიც ნუკა არველაძემ გადაიღო. სიმღერას დედა-შვილი ფიქრია მეგრელაძე და გიორგი გოგელია ასრულებენ. გიორგი თურმე ძალიან დიდი ხანია, მღერის და თავისი პირველი დუეტი ანრი ჯოხაძესთან ერთად შვიდი წლის ასაკში შეუსრულებია, ხოლო ფიქრია მეგრელაძეს მცირე ხნის წინ ერთ-ერთ კლუბში გაუმართავს თავისი შემოქმედებითი საღამო.

კლიპი ამ კვირაში "იმედის" არხზე გამოჩნდება. როგორც ნუკა არველაძემ გვითხრა, ეს მისი პირველი დამოუკიდებელი პროექტია, თუმცა მანამდე უამრავ დოკუმენტურ ფილმზე უმუშავია, წლების განმავლობაში პრესაში მუშაობდა.

ფიქრია მეგრელაძე:

- ეს სიმღერა იგორ კრუტოის ეკუთვნის, მას ირინა ალეგროვა ასრულებდა, სიმღერის სახელწოდება გახლდათ "დაბადების დღეს გილოცავ". მე ამ სიმღერის ჩემებური ინტერპრეტაცია გავაკეთე, ტექსტზე კი კაკი ბოლქვაძესთან ერთად ვიმუშავე.

ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენი კოლეგის, ნუკა არველაძის მიერ გადაღებული კლიპი, რომელსაც ამ დღეებში ვიხილავთ საახალწლო თემაზე.

გასულ ორშაბათს "ჯეოსტარი 2009"-ის ტიტულის მფლობელმა ნოდიკო ტატიშვილმა ახალი ალბომის - "მე ქართველი ვარ" პრეზენტაცია "ჯეოსტარის" კონცერტზე გამართა. ნოდიკო ამ ალბომზე "სანო სტუდიაში" უკვე დიდი ხანია მუშაობს. სიმღერების ბექვოკალზე, როგორც ყოველთვის, მისმა მეგობარმა, მუსიკოსმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა იზრუნა, დისკის პროდიუსერი კი მარინა ბერიძე გახლავთ. ალბომში შესულია დათო ევგენიძის, ეკა კახიანის, ნანა დაუშვილის, ბორიკო შხიანის, ზურა ლალიაშვილის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნამუშევრები. ალბომში სულ 14 სიმღერაა, საიდანაც 12 სპეციალურად ნოდიკოსთვის დაიწერა. აქედან ყველაზე მეტად ინგლისურენოვანმა სიმღერამ "მე ვარ ქართველი" დამაინტერესა, რომელიც კომპოზიტორ მამუკა ბეგაშვილს ეკუთვნის, ხოლო ინგლისური ტექსტისთვის ნოდიკოს ამ მხრივ ძალიან გამოცდილი ადამიანისთვის, ბიბი კვაჭაძისთვის მიუმართავს.

ნოდიკო:

- ბიბის ვთხოვე, დაეწერა ტექსტი, რომ მჯერა, ყველა ადამიანი კეთილია და მინდა, ყველგან მშვიდობა იყოს. ეს გზავნილი კი ინგლისურად ყოფილიყო, რათა მხოლოდ საქართველოში არ გაეგოთ. სრულიად სიმბოლურად ამ სიმღერის პრემიერა ლიტვის ნაციონალურ ტელეარხზე შედგა რეიტინგულ გადაცემაში, რომელსაც ესწრებოდნენ ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსი, ევროპარლამენტარები და დიპლომატიური კორპუსი. სიმღერა ლიტვის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და მითხრა, რომ მოხარული იქნებოდა, ის მთელ მსოფლიოს მოესმინა... ძალიან მიყვარს ეს სიმღერა.

თქვენი ბუკლიკო ულოცავს ნოდიკოს პირველ ალბომს და წარმატებებს უსურვებს.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება