გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის თაკო ფხაკაძის განცხადებით, ლალი მოროშკინასთან გუშინდელი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ცოცხალი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ "ჩანგალი ბლაგვი იყო".
"ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მოროშკინასთან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე თაკო ფხაკაძემ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ როგორც ჩანს, ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ კისერში ჩამცხო, ბლაგვი იყო. ეს არის ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა, რაც ძალიან უბრალო და უწყინარ მიზეზს მოჰყვა. კერძოდ, გაზეთმა "პრაიმ ტაიმმა" ჩაატარა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანები გამოვავლინეთ. ლალი მოროშკინა საზოგადოების გადაწყვეტილებით, ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდა, რაც, როგორც ჩანს, მისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი მოკვლა ეცადა", - განაცხადა თაკო ფხაკაძემ.
მისივე განმარტებით, მოროშკინა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ვინაიდან ეს იყო საახალწლო გადაცემა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაელიათ შამპანური. როგორც ჩანს, მოროშკინამ ზომაზე მეტი დალია. კიდევ ერთი დეტალი - როგორც მოგვიანებით მითხრეს, სანამ მოროშკინა ჩანგალს გამოიყენებდა, მან შამპანურის ბოთლიც მოსინჯა და დანას პირიც მოუსინჯა", - აღნიშნა თაკო ფხაკაძემ.
"პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორი ლალი მოროშკინას საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად მიიჩნევს და შესაბამის უწყებებს ურჩევს, რომ მოროშკინას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ გასაჩივრებას არ აპირებს, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში არ ჩაერევა და უბრალოდ ითხოვს - სადაც ის იქნება, ლალი მოროშკინა 100 მეტრის სიახლოვეს არ მიეკაროს.
გარდა ამისა, თაკო ფხაკაძის აზრით, მოროშკინას მასზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
"მოგვიანებით, ინციდენტის კადრები ვნახე. მასში კარგად ჩანს, როგორ დგას ლალი მოროშკინა და როგორ ამბობს, რომ ის ყველა ნიუსში მოხვდება", - დასძინა ფხაკაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ნანუკას შოუში" მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.
მოროშკინა ჯერ პოლიციაში დაკითხეს, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს. სასამართლომ მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეო