"80 წლის ქალს ეუბნებიან, რუსეთში მცხოვრები შენი შვილი დაგეხმაროსო"

"80 წლის ქალს ეუბნებიან, რუსეთში მცხოვრები შენი შვილი დაგეხმაროსო"

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ამბობს, რომ კახეთში, საქართველოს ულამაზეს მხარეში, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

- ხელისუფლებას ასეთი გეზი აქვს არჩეული: თუ პიროვნება მათი მხარდამჭერია, სოციალური დაცვის პაკეტსაც აძლევენ და სხვა პრივილეგიებსაც ანიჭებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადამიანს მიზერულ დახმარებასაც არ აღირსებენ. ამ ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება თინა აგაჯანოვია, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში ცხოვრობს. ქალბატონ თინას შვილები ოც წელიწადზე მეტია არ უნახავს, საზღვარგარეთ არიან წასულები, როგორც ამბობს, მათ უჭირთ და ყურადღებას ვერ აქცევენ, სახელმწიფო კი არ იღებს ვალდებულებას, რომ მოხუცს დაეხმაროს.

ქალბატონი თინა არც ერთ სოციალურ პაკეტში არ არის ჩართული. მაგალითად: შეშით დახმარების პროგრამაში ჩართული არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, 80 წელს გადაცილებული ქალი კი, რომელსაც დახმარება მართლა სჭირდება, უყურადღებოდ დატოვეს. წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა პროგრამა, რომელიც მიუსაფარი ადამიანების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, ქალბატონი თინა არც ამ პროგრამაში ჩანს. მკითხველი, ალბათ, ყურადღებით დაათვალიერებს მის სახლში გადაღებულ ფოტოს და დასკვნას თვითონვე გამოიტანს: ასაკოვან ქალს საწოლიც კი არა აქვს და ეტლზე სძინავს, სახლში ყველგან წყალი ჩამოსდის, კომფორტსა და კეთილდღეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამაზე გაჭირვებული შეიძლება იყოს ადამიანი?!

- ქალბატონ თინას პენსია თუ აქვს?

- მას არა აქვს სხვა შემოსავალი, გარდა პენსიისა, მაგრამ პენსიის დიდი ნაწილი გადასახადებში ეხარჯება. თინა აგაჯანოვი სოციალურად დაუცველია, მაგრამ "კახეთის დისტრიბუციის სამსახურმა" რატომღაც მრიცხველი არ დაუყენა. კომპანიას ეს ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ არ შეასრულა. ახლა ყოველ თვეში მიდიან და ეუბნებიან, 50 ლარი უნდა გადაიხადოო. მარტოხელა ქალია, ერთი ნათურა უნთია და მაინც იმდენს ახდევინებენ, რამდენსაც მეზობლებს, რომლებიც უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ.

- რა მოტივით უთხრეს დახმარებაზე უარი თინა აგაჯანოვს?

- მან დახმარებისათვის ჩვენც რამდენჯერმე მოგვმართა. დავაწერინეთ განცხადება და სოციალური დაცვის სამსახურში გავგზავნეთ იმ იმედით, რომ უმწეოთა დახმარებას მაინც მისცემდნენ. იქიდან ასეთი პასუხი მოუვიდა: ვერ დაგეხმარებით იმიტომ, რომ ბიუჯეტში სათანადო თანხა არ არისო. უკაცრავად, მაგრამ თუ ბიუჯეტში თანხა არ არის, სხვებს როგორ ეხმარებიან? სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ლევან ახალაურმა კი ასეთი პასუხით გამოისტუმრა - რუსეთში მცხოვრები შენი შვილი დაგეხმაროსო. აი, ეს არის ქსენოფობია და სხვა არაფერი. თინა აგაჯანოვი რუსეთშია გაზრდილი, მაგრამ 60 წელიწადია უკვე აქ ცხოვრობს.

ნუთუ იმის ღირსი არ არის, რომ უმწეოთა დახმარება მაინც გამოუყონ? ბევრი გაჭირვებული ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათ შორის უნდა გამოვყო ზინა კენკიშვილი, რომელიც თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. ქალბატონ ზინას 80 წელი უსრულდება, არც შვილი ჰყავს და არც არავინ, რომ ფინანსურად დაეხმაროს. ქალბატონი ზინა ითხოვს, რომ უფასო სასადილოში მისვლის უფლება მისცენ. ეუბნებიან, ბიძაშვილები გყოლია და მოგხედონო (!) სხვათა შორის, ამ ქალბატონის, ზინა კენკიშვილის დისშვილები საქართველოში ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენები არიან. იქნებ წაიკითხონ ეს სტრიქონები და გული მოულბეთ... ჩვენთან მოდიან ავადმყოფები, ინვალიდები, რომლებმაც პრეზიდენტსაც კი მიმართეს დახმარებისთვის, მათ არც პოლისი აქვთ, არც სოციალური დახმარება და არც არაფერი.

თუ ვინმე არ დაეხმარება, ეს ხალხი განწირულია შიმშილით სიკვდილისათვის. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ყველაფერზე უარი უთხრა. ჩვენ კი ვცდილობთ, ყველაზე მიუსაფარი ვინც არის, ლუკმაპური მაინც გავუწოდოთ, მაგრამ რამდენს გავწვდებით? და კიდევ - კახეთში ღვინის ქარხნების უმეტესობა უსახსრობის გამო ყურძენს არ იბარებს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელები კახეთის 150 სოფელში მაინც იყვნენ. ვახერხებთ თითოეულ ოჯახში შევიდეთ, დაველაპარაკოთ, მათი სატკივარი მოვისმინოთ. გვეუბნებიან, - კახეთში რთველი ჩავარდაო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მხარეში სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან ყურძენი კახეთში შემოსავლის ძირითადი წყაროა. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ალბათ, აგაჯანოვისა და კენკიშვილის მსგავსი ადამიანები კიდევ უფრო მომრავლდებიან.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"