XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თავხედი და სასტიკი დამნაშავე პაბლო ესკობარი ისტორიის კუთვნილებაა. მიუხედავად მისი დანაშაულებისა, ესკობარი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებსა და უპოვარ მოსახლეობაში.
"ელ-დოქტორი"
პაბლო ემილიო ესკობარ გავირია 1949 წლის 1-ელ დეკემბერს კოლუმბიაში დაიბადა, მედელინიდან 40 კილომეტრის დაშორებით. ოჯახში მესამე შვილი იყო. დედ-მამა დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა. თანატოლების მსგავსად პაბლოსაც უყვარდა ლეგენდარულ კოლუმბიელ "ბანდიტოსებზე" საგმირო ამბების მოსმენა. იმაზე, თუ როგორ ძარცვავდნენ მდიდრებს და ეხმარებოდნენ ღარიბებს.
ჯერ კიდევ ბავშვმა გადაწყვიტა, როცა გაიზრდებოდა, "ბანდიტოსი" გამხდარიყო. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ გამხდარი, უცოდველი, ნაზი ბიჭუნას რომანტიკული ოცნებები ორ ათეულ წელში კოშმარის ფორმას მიიღებდა. პაბლო სკოლაში მასზე ბევრად ღარიბი ოჯახის შვილებთან ერთად სწავლობდა. 1961 წელს მისი ოჯახი მედელინიდან სამხრეთით, ენვიგადოში გადავიდა საცხოვრებლად. ბიჭუნამ ადგილობრივ სკოლაში განაგრძო სწავლა. მალე მარიხუანას მიეძალა და 16 წლის ასაკში სკოლიდან გამოაგდეს. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ესკობარმა დანაშაულის ჩადენა. თავიდან პაბლო მედელინში საფლავის ქვებს იპარავდა, წარწერებს შლიდა და ყიდდა. მალე დამნაშავეთა მცირე ბანდა შექმნა, თანამოაზრეებთან ერთად ძვირფას მანქანებს იპარავდა და ნაწილებად ყიდდა. მათ, ვინც მის ბანდას ფულს არ გადაუხდიდა, მანქანას ართმევდნენ. ეს უკვე ნამდვილი რეკეტი იყო!
1971 წელს პაბლო ესკობარის ხალხმა მდიდარი კოლუმბიელი მეწარმე, ხალხისთვის საძულველი დიეგო ეჩევარიო მოიტაცა, პაბლომ მკვლელობასა და მოტაცებაში მონაწილეობა ხმამაღლა აღიარა. მედელინის მოსახლეობა დიეგო ეჩევარიოს სიკვდილს სიხარულით შეხვდა და პატივისცემის ნიშნად პაბლოს "ელ-დოქტორი" უწოდეს.
"ბრწყინვალე" კარიერის დასაწყისი
1972 წელს ესკობარი მედელინში ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული დამნაშავე იყო. ამერიკელთა 1970-იანელ თაობას მხოლოდ მარიხუანა აღარ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი ნარკოტიკი ესაჭიროებოდა. მალე ამერიკაში გაჩნდა კოკაინი, რაზეც პაბლომ თავისი დანაშაულებრივი ბიზნესის აწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ესკობარი კოლუმბიის კოკაინის ინდუსტრიას თითქმის სრულად აკონტროლებდა.
1976 წლის მარტში პაბლო ესკობარმა ცოლად მოიყვანა თავისი 18 წლის მეგობარი მარი ვიქტორი ენეო ვიეხო. ერთი თვის შემდეგ წყვილს ვაჟი ხუანი ეყოლა, სამწელიწად-ნახევარში გოგონა - მანუელა.
ესკობარის კარიერა ბრწყინვალედ აეწყო. კოლუმბიის ჯუნგლებში კოკაინის გადამუშავების ქიმიური ლაბორატორია ააგო. 1977 წლის ზაფხულში სამ მსხვილ ნარკომოვაჭრესთან ერთად მედელინის კოკაინის კარტელი დააარსა. პაბლოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფინანსურ-კოკაინური იმპერია ჰქონდა.
მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნარკობარონმა მედელინში ფართო მშენებლობა გააჩაღა: გაიყვანა გზები, ააგო სტადიონები, ღარიბ მოსახლეობას უფასოდ აუშენა სახლები. დამნაშავეთა სამყაროში ხელისუფლების მწვერვალს მიაღწია და თავისი ბიზნესის ლეგალიზაცია გადაწყვიტა. 1982 წელს პაბლო ესკობარმა თავისი კანდიდატურა კოლუმბიის კონგრესში წამოაყენა და 32 წლის კონგრესმენის შემცვლელი გახდა, ანუ არყოფნის შემთხვევაში კონგრესმენებს ცვლიდა. კონგრესში შეღწევის შემდეგ ესკობარი კოლუმბიის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, მაგრამ საარჩევნო რბოლაში კოკაინის ბინძური ფულის ჩადების წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარა ბონიამ ფართო კამპანია გააჩაღა. შედეგად 1984 წლის იანვარში ესკობარი კოლუმბიის კონგრესიდან გარიცხეს. 1984 წლის 30 აპრილს მინისტრ ბონის "მერსედესი" ერთ-ერთი ხალხმრავალი ქუჩის შუქნიშანზე გაჩერდა, იმ წუთს მოტოციკლეტიანმა კილერმა მინისტრს ავტომატის ჯერი დააცალა.
1980-იან წლებში ესკობარის კოკაინის იმპერია კოლუმბიური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აკონტროლებდა. იმ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციამ კოკაინს მთელ მსოფლიოში ომი გამოუცხადა. ამასთან, კოლუმბიასა და ამერიკას შორის მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, კოლუმბიის მთავრობას ამერიკის მართლმსაჯულებისთვის უნდა გადაეცა ნარკობარონები, რომლებსაც ამერიკაში შეჰქონდათ კოკაინი. ხელისუფლების მიერ ნარკობარონებზე დაწყებულ ტოტალურ ომს ნარკომაფიამ ტერორით უპასუხა. 1985 წელს ესკობარი და სხვა ნარკოდილერები შეიკრნენ, რომ მთავრობისთვის დაენახვებინათ, მათი არ ეშინოდათ. ესკობარმა მემარცხენე პარტიზანთა ჯგუფი დაიქირავა, რომლებმაც ბოგოტის მართლმსაჯულების სასახლე იმ დროს დაიკავეს, როდესაც შენობაში რამდენიმე ათასი ადამიანი იყო. პარტიზანები არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავიდნენ ხელისუფლებასთან და სანამ სასახლეში იმყოფებოდნენ, ყველა დოკუმენტი გაანადგურეს. შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა.
მასობრივი რეიდი
1989 წელს ესკობარი კვლავ მართლმსაჯულებასთან გარიგებაზე წასვლას შეეცადა. იმ შემთხვევაში ჩაჰბარდებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, თუკი ისინი გარანტად დაუდგებოდნენ და ამერიკას არ გადასცემდნენ. ხელისუფლებამ ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. უარზე ესკობარმა ტერორით უპასუხა.
1989 წლის აგვისტოში ტერორმა პიკს მიაღწია. აგვისტოში ესკობარის კილერმა უმაღლესი სასამართლოს წევრი კარლოს ვალენსია მოკლა. აგვისტოს ბოლოს საარჩევნო მიტინგზე ჩაცხრილეს პოლიტიკოსი ლუის გალანი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნარკოტიკებით მოვაჭრეებთან უკომპრომისო ომის დაწყების პირობა დადო.
არჩევნების წინ მედელინის კარტელის ტერორმა ფართო მასშტაბი მიიღო. ყოველდღიურად კარტელის კილერები ათობით ადამიანს ხოცავდნენ. იმავე წლის 27 ნოემბერს პაბლო ესკობარის ქვეშევრდომებმა სამგზავრო თვითმფრინავში, რომლის ბორტზეც 107 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, ბომბი ჩადეს. თვითმფრინავით კოლუმბიის მომავალ პრეზიდენტ სეზარ გავირიას უნდა ესარგებლა. ავიალაინერის აფრენიდან სამი წუთის შემდეგ ბორტზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, თვითმფრინავი დაიწვა, იქ მყოფთაგან ვერავინ გადარჩა. როგორც გაირკვა, სეზარ გავირიამ ბოლო წუთს რაღაც მიზეზის გამო გაფრენა გადადო.
ქვეყანაში მასობრივი რეიდი დაიწყო, ანადგურებდნენ ქიმიურ ლაბორატორიებსა და კოკაინის პლანტაციებს. ნარკოკარტელის ათასობით ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამის საპასუხოდ, ესკობარი კოლუმბიის საიდუმლო პოლიციის გენერალ მიგელ მარკესს ორჯერ დაესხა თავს. მეორე თავდასხმისას ბომბის აფეთქებამ 62 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100 ადამიანი დაიჭრა.
...1990-იან წლებში პაბლო ესკობარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი სიმდიდრე 3 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამერიკის ყველაზე ძებნილი ნარკობარონების სიას ედგა სათავეში, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავე გახლდათ. კოლუმბიის მთავრობაში "განსაკუთრებული სამძებრო ჯგუფი" შეიქმნა. ჯგუფში გაერთიანდნენ საუკეთესო პოლიციელები, სამხედროები, სპეცრაზმელები და პროკურატურის თანამშრომლები. ჯგუფის შექმნამ მალევე გამოიღო შედეგი, ნარკობარონის გარემოცვის წევრები საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა.
ესკობარის ხელქვეითებმა კოლუმბიის რამდენიმე მდიდარი ადამიანი შეიპყრეს. ესკობარი იმედოვნებდა, ტყვეების გავლენიანი ნათესავები ხელისუფლებას გარიგებაზე წასვლას აიძულებდნენ და დამნაშავეთა ექსტრადიციას გააუქმებდნენ. პაბლოს გეგმამ გაამართლა. მთავრობამ პაბლო ესკობარის ექსტრადიცია გააუქმა. 1991 წლის 1-ელ ივნისს, მაშინ, როდესაც პაბლო ესკობარს აშშ-ში ექსტრადიცია აღარ ემუქრებოდა, მთავრობას ჩაჰბარდა. ესკობარი რამდენიმე მცირე დანაშაულის აღიარებას დათანხმდა, რის გამოც მას ყველა დანაშაული აპატიეს.
საიმედო თავშესაფრის ძიებაში
ესკობარი თავის აშენებულ ციხე "ლა კათედრალში" ჩაჯდა, რომელიც ძვირფას, პრესტიჟულ ქანთრიკლუბს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ციხეს, სადაც იყო დისკოთეკა, აუზი, ჯაკუზები, საუნა, ეზოში ფეხბურთის დიდი მოედანი. ესკობარის ოჯახს როცა მოესურვებოდა, მაშინ შეეძლო მისი ნახვა. თავისი "ტუსაღობისას" ესკობარი განაგრძობდა მრავალმილიონიანი კოკაინის ბიზნესის მართვას. 1992 წლის 22 ივლისს პრეზიდენტმა გავირიამ ესკობარის ნამდვილ ციხეში გადაყვანა ბრძანა, მაგრამ ესკობარმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ციხიდან გაიქცა.
მართალია იგი თავისუფალი იყო, მაგრამ ყველგან მტრები ჰყავდა, სულ უფრო ცოტა ადგილი რჩებოდა, სადაც საიმედო თავშესაფარი შეეძლო ეპოვა. ამერიკისა და კოლუმბიის მთავრობას ამჯერად გადაწყვეტილი ჰქონდა, გაენადგურებინა ესკობარი და მისი მედელინის კარტელი. მისი ციხიდან გაქცევის შემდეგ ყველაფერი ინგრეოდა. მეგობრებმა მიატოვეს. პაბლოს მთავარი შეცდომა ის გახლდათ, რომ მან სიტუაცია სწორად ვერ შეაფასა, საკუთარ თავს უფრო დიდ პიროვნებად მიიჩნევდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. სიტუაციის როგორღაც გამოსწორების ერთადერთი საშუალება მთავრობასთან შეთანხმება იყო, მაგრამ პრეზიდენტი სეზარ გავირია და ამერიკის მთავრობა ნარკობიზნესმენთან მოლაპარაკებას არ დათანხმდა. პაბლოზე თვალთვალი დაწესდა და მისი ადგილზე ლიკვიდაცია გადაწყდა.
1993 წლის 30 იანვარს ესკობარის ხალხმა ბოგოტის ერთი ხალხმრავალი ქუჩა დაბომბა. ტერაქტის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 70 მძიმედ დაიჭრა. კოლუმბიის მოქალაქეთა ჯგუფმა შექმნა ორგანიზაცია "ლოს პეპესი", აბრევიატურა, რომელიც ნიშნავდა "პაბლო ესკობარისგან დაზარალებულ ხალხს". მასში შევიდნენ კოლუმბიელი მოქალაქეები, რომელთა ნათესავები და ახლობლები ესკობარის მიზეზით დაიღუპნენ. გამწარებულმა ხალხმა მეორე დღეს ესკობარის სახლის წინ დაიწყო აფეთქება. მამული, რომელიც დედამისს ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა.
"ლოს პეპესი" უთვალთვალებდა და ატერორებდა ყველას, ვინც ესკობართან და მის კოკაინის ბიზნესთან იყო დაკავშირებული. მცირე დროში მის ბიზნესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. უთვალთვალებდნენ მის ოჯახსაც. ესკობარი სერიოზულად შეშინდა, რადგანაც "ლოს პეპესი" მისი ოჯახის ხელში ჩაგდების შემთხვევაში ყველას ამოწყვეტდა.
1993 წლის შემოდგომაზე მედელინის კოკაინის კარტელი დაიშალა, მაგრამ ესკობარს გადამალული ოჯახის ბედი ყველაზე მეტად აწუხებდა. ცოლ-შვილი ერთ წელზე მეტი არ ენახა და ძალიან ენატრებოდა, ეს მდგომარეობა მისთვის გაუსაძლისი გახდა. 1993 წლის 1-ელ დეკემბერს ესკობარს 44 წელი შეუსრულდა, იცოდა, რომ ეძებდნენ, ამიტომ ცდილობდა, ტელეფონით ცოტა ელაპარაკა, რომ აგენტებს მისი ადგილსამყოფლისთვის არ მიეგნოთ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ნერვებმა უმტყუნა. დაბადების დღის მეორე დღეს ოჯახს დაურეკა, ვაჟ ხუანს 5 წუთს ელაპარაკა, რის შემდეგაც ესკობარი მედილინის კვარტალ ლოს ოლიბოსში დააფიქსირეს. მალე სახლს, რომელშიც ესკობარი იმალებოდა, ალყა შემოარტყეს. სპეცრაზმელებმა კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ, ესკობარის მცველმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თვითონ მძიმედ დაჭრილი ფანჯრიდან გადმოვარდა, თუმცა იმავე წამს ესკობარი იარაღით ხელში ფანჯარას მიუახლოვდა და ყველა მხარეს დაიწყო სროლა. შემდეგ ფანჯრიდან სახურავზე აძვრა და გაქცევა სცადა. სნაიპერის ნასროლი ტყვია ესკობარს თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
1993 წლის 3 დეკემბერს ათასობით კოლუმბიელმა მედელინის ქუჩები გაავსო. ზოგი ნარკობარონის დასატირებლად მივიდა, სხვები - სიხარულის გამოსახატავად. დღესაც მედელინის უღარიბეს კვარტალში ყველა სითბოთი იხსენიებს პაბლო ესკობარს, გაჭირვებული კოლუმბიელებისთვის იგი ყველაზე დადებითი გმირია.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)