ფოტორეპორტიორებმა გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ, ნათია და ირაკლი გედენიძეებმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.
ჟურნალისტებს მათთვის კომენტარი არც უთხოვიათ, ვინაიდან, როგორც სხდომაზე მოსამართლემ განაცხდა, მსჯავრდებულებმა არ უნდა დაარღვიონ პირობები, რაც მათ საპროცესო შეთანხმების შედეგად აიღეს.
მსჯავრდებულებმა საკუთარ თავზე აიღეს პირობა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. შესაბამისად, მათ კომენტარი არ გააკეთეს.
ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან დღეს გათავისუფლდნენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზე დაიწყო. სხდომას მოსამართლე ზვიად ესებუა უძღვებოდა.
მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდლაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდოთ.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი) რამდენიმე კვირის წინ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.