რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პირად ფოტოგრაფად ყოფილი მოდელი და "მის მოსკოვის" კონკურსის ნომინანტი იანა ლაპიკოვა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი ფოტოგრაფი და ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი ავრცელებს.
25 წლის იანა ლაპიკოვა "მის მოსკოვის" სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა და ფინალამდეც მიაღწია. თუმცა ყოფილი მოდელი სილამაზის კონკურსში მონაწილეობას ცხოვრების შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ფოტოგრაფის სამუშაო მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. ლაპიკოვა რამდენიმე წელია "რია ნოვოსტის" ფოტოკორესპონდენტად მუშაობს.
ერთ-ერთ საიტზე იანამ განაცხადა, რომ მუშაობის დროს ბევრი ცდუნების დაძლევა უხდება, რადგან გამუდმებით ესტრადის ვარსკვლავების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების გარემოცვაში ტრიალებს. ფოტოგრაფის თქმით, მას ჯანსაღი ცხოვრების სტილი ხიბლავს - "მოწევასა და ალკოჰოლს ურჩევნია ცეკვა, ცურვა და დილაობით ფაფის ჭამა".
იანას მთავარი გატაცება პრემიერი პუტინია. ის გაწევრიანებულია ჯგუფში "პუტინი ვლადიმერი ვლადიმერის ძე - თანამედროვე რუსეთის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე", რომელიც ერთ-ერთ სოციალურ ქსელშია დარეგისტრირებული.
ახალგაზრდა და მომხიბლველი ფოტოგრაფი ჰყავს რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც. ეს არის "იზვესტიას" ფოტოკორესპონდენტი ეკატერინა შტუკინა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "კრემლიოვსკი პულის" ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა და მედვედევის პირად ფოტოგრაფად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა წინამორბედმა ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხა.
ეკატერინა "იზვესტიას" ფოტოგრაფის იური შტუკინის ქალიშვილია, მან 2000 წელს World Press Photo-ს პრემია მიიღო. "ის ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო ადამიანი, ლამაზი ქალი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია", - წერს რუსტემ ადაგამოვი.
მომზადებულია metronews.ru-ს მიხედვით.