ეკა ჩხეიძეს სადილებს დედა უმზადებს

ეკა ჩხეიძეს სადილებს დედა უმზადებს

მსახიობ ეკა ჩხეი­ძეს მისი ერთი დღის გასაცნობად დავუკავშირდით და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს რესპონდენტს საწოლში ჭამა ძალიან ჰყვარებია, მაგიდასთან თითქმის არასდროს საუზმობს და ღამეც, განსაკუთრებით კი სპექტაკლის შემდეგ, ჭამა ლოგინში, ტელევიზორის ფონზე უყვარს, თუმცა ეს მისი დღის შედარებით მცირე მონაკვეთია...

- ვიღვიძებ რვა საათზე და პატარა დათას ვამზადებ სკოლაში წასაყვანად, პრინციპში, რაღა პატარა, 9 წლის ხდება. სადღაც 11-ზე ან 12-ზე მაქვს ან რეპეტიცია, ან გახმოვანება. ნახევარი ცხოვრება სერიალების გახმოვანებას მივუძღვენი, 12 წელია, ამ საქმეზე ვმუშაობ. რამეს რომ არ ვახმოვანებ, დანაკლისს ვგრძნობ (იღიმება).

ვინაიდან, მთელი დღე დაკავებული ვარ, ბავშვი სკოლიდან ვერ გამომყავს, ამ საქმეს ან მამამისი, ან დედაჩემი აგვარებს, მე კი, თუ სპექტაკლი არ მაქვს და სადმე არ მივდივარ, სახლში საღამოს ვბრუნდები. როცა შინ ვარ, ვცდილობ, ბავშვებს დავუთმო გარკვეული დრო.

- რვა საათი საკმაოდ ადრეა გასაღვიძებლად, ადვილად ფხიზლდებით?

- გამორიცხულია, დილას ყავა რომ არ დავლიო. თუ ყავას არ დავლევ, მაშინვე თავი მტკივდება, ვგიჟდები საწოლში ყავის დალევაზე, განსაკუთრებით მიყვარს რძიანი ყავა. ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ მოვბრუნებულვარ სახლში და ყავა საწოლში დამილევია, არ მახსოვს შემთხვევა, რომ მაგიდასთან მესაუზმოს.

- მეუღლეს არ მოაქვს ხოლმე საწოლში ყავა?

- არა, ამ დროს ჩემი მეუღლე შუა სიზმარშია (იცინის).

- ალბათ გარკვეულ დროს თავის მოწესრიგებასაც უთმობთ...

- კი, რა თქმა უნდა. საუზმის შემდეგ საწოლში გორაობას არ განვაგრძობ, ტელევიზიით საინფორმაციოს ნახვის შემდეგ შევდივარ აბაზანაში, ეს ისაა, რასაც დიდ დროს ვუთმობ, ვიღებ შხაპს, მერე მსუბუქი მაკიაჟი და ჩაცმა. ამას კი ნამდვილად არ ვუთმობ დიდ დროს, რადგან ჩემთვის ყველაზე გემრიელი და საერთოდაც, ყველაზე პრაქტიკული ჯინსია, ძალიან მიყვარს და რომ არ მოგატყუოთ, 50 მაინც მაქვს, თან ამოჩემება ვიცი. თუ იმ დღეს სადმე ვაპირებ წასვლას, მაშინ ჯინსს მაღალ ქუსლებზე ვირგებ, თუ არა, მაშინ დაბლებზე (იცინის). მოკლედ, ვიცვამ მარტივად და გავდივარ, ამ შემთხვევაში კი უკვე მთავარია მანქანა და მანქანაში ბენზინი.

- როგორი მძღოლი ხართ?

- გადასარევი. ჩემი დარღვევა არის ის, რომ შეიძლება გავაჩერო იქ, სადაც არ შეიძლება და თუ არავინ ჩანს, ჩავუხვიო კიდეც აკრძალულ ადგილას (იცინის).

- როგორც აღნიშნეთ, გახმოვანება უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილია, ალბათ ზოგჯერ ადამიანები ხმით გცნობენ და ვერ გიხსენებენ, ვინ ხართ...

- ერთხელ გახმოვანებიდან წამოვედით სამი ისეთი ქალი, რომელთა ხმებიც ეთერში სულ ისმის - ნატო გაგნიძე, ნინო თარხან-მოურავი და მე. შევედით ერთ-ერთ სათვალეების მაღაზიაში და დავიწყეთ საუბარი, გიხდება, არ მიხდება, ეს კარგია, ეს ჯობია და .ა.შ. უცებ ისმის გამყიდველის შეცხადება, ვაიმეეე, ვაიმე დედაააა, საიდან ვიცნობ ამათ, კი, მსახიობები არიან, მაგრამ ხმა უფრო მეტად მეცნობაო. მერე კი მიხვდა, რომ ჩვენი ხმა ტელევიზორიდან ეცნობოდა (იღიმება). იმდენი ხანია ამ საქმეს ვაკეთებთ, უკვე ძალიან მარტივად გვეჩვენება, "დამხეცებული" გვაქვს. ზოგჯერ ტექსტი აკლია, ჩვენ კი უკვე ესპანური გვესმის და ვამატებთ საჭირო ფრაზას, თან დაახლოებით ერთი და იგივე ხდება ამ სერიალებში და იცი, ვინ რისი მთქმელია (იცინის).

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი გახმოვანებული სერიალისთვის გეყურებინოთ?

- სერიალს ვუყურებ მაშინ, როცა ახალი დაწყებულია, რათა უკეთ გავიგო რა სჭირდება ამა თუ იმ გმირს, ხან ტიპაჟის მიხედვით ვარგებთ მეტყველებას და ასე. ბესო ბარათაშვილი ამ მხრივ საოცრებებს აკეთებს და ბევრს გვაცინებს. მაიმუნობს და ამატებს ხოლმე შეძახილებს - ვაააა-ს და ასეთებს, ხან გადაიხარხარებს, არადა, ჩვენ სიცილს არ ვახმოვანებთ. ამით ვცდილობთ, გავხალისდეთ და საქმე გავიიოლოთ.

- ეს გასაგებია. ახლა გადავინაცვლოთ თეატრში. რა სიახლეები გაქვთ?

- თეატრში, სერიალებისგან განსხვავებით, სხვადასხვა რამ ხდება და უფრო საინტერესო ცხოვრებაა. რამდენიმე თეატრში ვთამაშობ, ვარ თუმანიშვილში, ახლა უკვე მარჯანიშვილშიც, სადაც რამდენიმე როლი მაქვს ნათამაშები. ამჟამად ახალ მიუზიკლზეც ვმუშაობთ. თეატრში ყოველდღიურად არ გიწევს სიარული, არის პერიოდები, როცა ორივე თეატრში რეპეტიციები მაქვს, შემდეგ გამოვუშვებთ სპექტაკლს და ორივესგან ვისვენებ, ამდენად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს.

- როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ აღინიშნა ბებიას იუბილე, ქალბატონ მედეა ჩახავას 90 წელი შეუსრულდებოდა...

- კი და ამასთან დაკავშირებით, მერიის დაფინანსებით, ჩვენგან დამოუკიდებლად მოეწყო საღამო, სადაც მედეა გაიხსენეს. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა მოსვლა, რეკავდნენ, ბილეთები გვინდაო, მაგრამ, სამწუხაროდ, დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. ჩვენი სანათესავოდან ბევრი უცხოეთშია და ვერ მოახერხეს ჩემოსვლა, თემურიც არ იყო აქ, მაგრამ მისი ჩამოუსვლელობა არ გამოდიოდა და ერთი კვირით სწორედ ამ დღისთვის ჩამოვიდა.

- ახლა გართობაზე გადავიდეთ. საღამოობით გასართობად წასვლა გიყვართ?

- კი, ძალიან. თუ ჩემი მეგობრების შვილებიც იქ არიან, მაშინ დათაც მიმყავს ხოლმე, თუ არადა, დედასთან ვტოვებ. ისე, ჩემთანაც ძალიან მიყვარს სტუმრების მიღება და ხშირია ასეთი საღამოები ჩემს სახლში.

- სადილებსა და საოჯახო საქმეებში რამდენად ხართ ჩართული?

- ხმამაღლა ვაცხადებ, რომ სადილებს არ ვამზადებ, თუ ვინმეს დიეტის დაცვა გსურთ, ჩემთან უნდა მოხვიდეთ. სადილებს დედაჩემი აკეთებს და მიგზავნის. სულ ვეუბნები, ნუ იღლები-მეთქი, მაგრამ ისიც ამბობს, აბა, სხვა რა გავაკეთოო! ჩემი და გერმანიაშია, ამიტომ დედა მარტოა და ჩვენზეა ორიენტირებული.

- თქვენ და თქვენი მეუღლე სიურპრიზებს თუ უწყობთ ერთმანეთს?

- ჩემი ქმარი დღის შუქზე ბოლოს როდის ვნახე, აღარ მახსოვს. ის ჩემზე არანორმალურია და ჩემზე სამჯერ მეტს მუშაობს. შეიძლება, ისე დაათენდეს, რომ ოფისიდან არც კი გამოიხედოს, არქიტექტორია და მუდმივად ძალიან დაკავებულია. გათხოვების დღიდან ამას ყოველთვის მიჩვეული ვიყავი და სხვანაირად ვერც წარმომედგინა ურთიერთობა. ყოფილა შემთხვევები, მეგონა, დედამისთან რჩებოდა, ის კი დილის რვა საათზე თვალებამოღამებული და უძილო მოსულა და უთქვამს, ბავშვს მე წავიყვან სკოლაშიო. აქედან გამომდინარე, არც ვიცი, რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას.

- ესე იგი სამუშაო გრაფიკის გამო სრულიად აცდენილები ხართ..

- კი. ერთადერთი, ჩემი სპექტაკლის სანახავად თუ იცლის ხოლმე, თორემ სხვა სპექტაკლის სანახავად არასდროს მომყვება, რადგან დრო არ აქვს.

- როგორ გაფასებთ?

- გადასარევად (იღიმება).

- ბოლოს, გვითხარით, როგორ ამთავრებთ დღეს?

- ძილის წინ ჩემი რიტუალი საწოლში ჭამაა. მთელი დღე არ ვჭამ, ვერ ვიცლი ამისთვის, ხაჭაპურისა და კარტოფილის ღვეზლის ჭამას ვერ ვიტან, თუ სადმე კაფეში არ დავჯექი, დღე შეიძლება, ისე გავიდეს, რომ არ ვისადილო. საღამოს კი, სახლში დედას გაკეთებული უგემრიელესი სადილი რომ დამხვდება, აბა, როგორ არ ვჭამო, მითხარით?! განსაკუთრებით მიყვარს სპქეტაკლის მერე ჭამა. სახლში დაბრუნებული ჯერ შხაპს მივიღებ, მერე საწოლში შევწვები და სინით მომარჯვებული გემრიელად გეახლებით ტელევიზორის ფონზე. შეიძლება, რაღაც წავიკითხო კიდეც ან "ფეისბუქზე" შევიხედო.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"