რატომ კოჭლობდა ანტონ ფურცელაძე

რატომ კოჭლობდა ანტონ ფურცელაძე

"ქართული პროზის საგანძურის" მორიგი ტომი ქართველი მწერლის, პოეტისა და მთარგმელის ანტონ ფურცელაძის შემოქმედებას ეთმობა. იგი ღარიბი აზნაურის ნიკოლოზ ფურცელაძისა და ბარბალე გედევანიშვილი-ფურცელაძის ოჯახში 1639 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. დედამისმა იმ დროის კვალობაზე კარგად იცოდა როგორც სასულიერო, ისე საერო მწერლობა და ამიტომ შვილის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა...

ბავშვობის წლები ანტონმა მშობლიურ სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა მისი სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება ვერ შეძლეს. მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, სახელმწიფო ხარჯზე. იქ ანტონმა სამიოდე წელი გაატარა, ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. ამის გამო სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა, სასწავლებელი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ანტონ ფურცელაძემ რუსეთში მხოლოდ რამდენიმე წელი დაყო და ისიც ბავშვობის ასაკში, იმ პერიოდმა მაინც გარკვეული კვალი დაატყო მის ინტელექტუალურ ცხოვრებას. კადეტთა კორპუსში ყოფნისას მის მასწავლებელთა შორის არაერთი რევოლუციურად განწყობილი ადამიანი მოღვაწეობდა და მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოზარდის მსოფლმხედველობაზე. კადეტთა კორპუსშივე ფურცელაძემ კარგად შეისწავლა რუსული ენა და ამ ენაზე მთელ რიგ სტატიებს აქვეყნებდა.

რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს თავის სოფელში დარჩა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, მალე სამსახური იშოვა და დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერის თანამდებობაზე მოეწყო. აქ დიდხანს არ დარჩენილა, მალე თბილისში გადავიდა და რამდენიმე სემინარიელთან ერთად კალოუბნის ქუჩაზე ოთახი დაიქირავა (ახლანდელი ფურცელაძის ქუჩა). პირველივე ხანებიდან ეს ადგილი მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელად იქცა. მათ შექმნეს პატარა წრე, რომელიც მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყო დაინტერესებული, ისინი კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, საზღვარგარეთულ გამოცემებს და ა.შ.

1861 წელს ფურცელაძემ თანამშრომლობა დაიწყო ჟურნალ "ცისკართან" და პირველ ხანებში უმეტესწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწეოდა. შემდგომ "დროებაში" გადავიდა და მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი გახდა.

1867 წელს მწერალმა თბილისი დატოვა და მუშაობა დაიწყო ზუგდიდში, სასამართლოს გამომძიებლად. "დროებაში" თანამშრომლობა ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. ორ წელიწადში კვლავ თბილისში დაბრუნდა და სწორედ ამ პერიოდში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი რომანი "მაცი ხვიტია" და ტრაგედია "დიდი მოურავი".

აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ 1869 წლის მარტიდან ანტონ ფურცელაძის თაოსნობით გამოვიდა ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი "მნათობი" და 1873 წლიდან რედაქტორობდა ასევე პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე "გუთნის დედა". ანტონ ფურცელაძემ ექვსი წელი სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედაც იმუშავა და ამის შემდეგ მუდმივ საცხოვრებლად სოფელ არბოში გადავიდა. სწორედ იქ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელიწადი.

ანტონ ფურცელაძე 1913 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, სოფელ მერეთში დაკრძალეს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს