ჩვენ გარშემო მრავალი მცენარეა, რომლებიც ე.წ. ”ქალურ დაავადებებს” კურნავს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ბალახი მშვენიერ სქესს ქალურობასა და ეშხს მაატებს. გავეცნოთ მათ:
მცენარეები -ადნექსიტის წინააღმდეგ
ადნექსიტი საშვილოსნოს დანამატების (კვერცხსავალი მილებისა და საკვერცხეების) ანთებითი დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია: თეთრად შლა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რომელსაც საბოლოოდ უნაყოფობამდეც კი მივყავართ. ადნექსიტისა და ქალის სხვა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთების დროს გამოიყენება იმ მცენარეთა კრებული, რომელიც ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ესენია: ჭინჭარი, ფარსმანდუკი და კულმუხო. ნაყენის მომზადებისას ისინი თანაბარი რაოდენობით აიღეთ. ეს ტრიადა, გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა თვისებებითაც ხასიათდება: ასტიმულირებს იმუნიტეტს, აქრობს ალერგიას, ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს.
უმჯობესი იქნება, თუკი ამ ნარევს თავშავასა და წიწმატურას დავუმატებთ. მაშინ მისი სამკურნალო ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ნარევი კი შემდეგნაირად მზადდება: აიღეთ 5 მცენარე თანაბარი რაოდენობით, მის 2,5 კოვზს დაუმატეთ 400 მლ წყალი (მდუღარე) და მთელი ღამე თერმოსში გააჩერეთ.
ნაყენის დალევა არაა რეკომენდებული თრომბოფლებიტის, გულის რევმატიული დაზიანების დროს.
*კლიმაქსის წინააღმდეგ
პერიმენოპაუზა ეს ის პერიოდია, როდესაც ქალის მენსტრუალური ფუნქცია უკვე დარღვეული აქვს, მაგრამ მენსტრუალური სისხლდენა არარეგულარულად მაინც შენარჩუნებულია. გარდა ამისა, პერიმენოპაუზის დროს ქალი გაღიზიანებულია, წამოახურებს (ე.წ. ალები), აღენიშნება დეპრესია და სხვა უსიამოვნო შეგრძნებანი. ჩვენ კი ამ სიმპტომოკომპლექსს კლიმაქსის სახელწოდებით ვიცნობთ. თუკი ამ პერიოდში ძლიერ ”გაწუხებთ” მენსტრუალური სისხლდენა, დაგეხმარებათ ჭინჭარი, ფარსმანდუკი, წიწმატურა და წალიკა. ამათგან ნაყენი მზადდება ზემოთ მოყვანილის ანალოგიურად. მიღებული ნაყენი დალიეთ მენსტრუაციის პერიოდში სისხლდენის შეწყვეტამდე.
ხოლო თუკი კლიმაქსი ”წამოხურებითა” და ფსიქოემოციური დარღვევებით მიდის, მაშინ გამოიყენეთ თავშავას, წიწმატურასა და სვიის გირჩები. ეს ნაყენი მიიღეთ 2-3 თვის განმავლობაში.
*ინფექციების წინააღმდეგ
ზოგიერთი ინფექციური აგენტი (უხშირესად ვირუსი) ახალშობილთა პათოლოგიების ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. ასე, მაგ: ციტომეგალოვირუსი, ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადების განვითარების მიზეზია. მას არ ჩამოუვარდება ჰერპესის ვირუსი, ქლამიდიოზის და ტოქსოპლაზმოზის გამომწვევნიც.
თუკი ქალს ეჭვი აქვს, რომ იგი რომელიმე ამ ”ვერაგი” ვირუსის მსხვერპლია, შეუძლია, ”საშველად” მცენარეებს მიმართოს (ოღონდ არა ფეხმძიმობის პერიოდში): წყლის პერი დაგეხმარებათ. გამოაშრეთ იგი, მის 4-5 ს/კ-ს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და მთელი ღამე თერმოსში დააყენეთ. მიღებული ნაყენი დღიური ნორმაა.
*მკერდის გასაზრდელად!!!
ფიტოესტროგენები -ეს ის მცენარეებია, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის, ანალოგიურ ნივთიერებას შეიცავს. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება: სვიის გირჩები და მწვანე ლობიო. თუკი თვეების მანძილზე ჩაის მაგივრად სვიის გირჩების ნაყენს დალევთ, ხოლო საკვებად მწვანე ლობიოს გამოიყენებთ (დღეში 200-300 გრამი), მკერდი შესამჩნევად გაგეზრდებათ.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)