მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი სამსახურებიდან მედიკოსების დათხოვნას და მათი სამუშაო პირობების უფლებების დარღვევებს აპროტესტებს.
როგორც დღეს აღნიშნული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა ჯონი ჯანაშიამ განაცხადა, შესაძლოა, თემქაზე მდებარე პედიატრიული კლინიკა ხელმეორედ გაიყიდოს, რომლის საფუძველზეც 59 ექიმი, 61 ექთანი და 72 დამხმარე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება.
ჯანაშიას განაცხადებით, თემქაზე მდებარე მე-5 სამშობიაროს ხელმძღვანელად 26 წლის სტომატოლოგი დანიშნეს, რომელმაც სამსახურიდან 80 თანამშრომელი უკვე დაითხოვა.
ასევე, მედიკოსთა უფლებები ირღვევა თბილისის მე-4 კლინიკაში, სადაც ხელფასები დროულად მხოლოდ მენეჯმენტს ურიგდება.
როგორც ჯონი ჯანაშიამ განაცხადა, დღეიდან გაუქმდა ავჭალაში მდებარე სანატორიუმი "გაზაფხული", სადაც მენჯ-ბარძაყის პრობლემების მქონე ბავშვებს მკურნალობდნენ.
"ამ სანატორიუმში 100-დან 90 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელებული მიდიოდა სახლში. თვის ბიუჯეტი, ყველა ხარჯით, 7000 ლარია. სამწუხაროდ, ეს მიზერული თანხა პრობლემური გახდა, სანატორიუმი რომ შენარჩუნებულიყო. კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ, რომ "გაზაფხულმა" ფუნქციონირება გააგრძელოს", - განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.
სანატორიუმის წარმომადგენლის შორენა გახოკიძის განცხადებით, "გაზაფხულის" გაუქმების შესახებ ბრძანება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაფინანსება შეწყდება, თანამშრომლებმა უკვე იციან.