საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიაროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტამპლიერთა, ასევე, სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისათვის უცხო და მიუღებელია.

"როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ინგლისში ყოფნის პერიოდში თბილისში დაფუძნდა ტამპლიერთა ორდენი, რომელსაც ფართო რეკლამა გაუწია მედიამ. გავრცელდა აზრი იმის შესახებაც, თითქოს ეს ორგანიზაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ამის დასამტკიცებლად გარკვეული კადრებიც იყო გამოყენებული. გვინდა განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსათვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისთვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ტამპლიერთა ორდენი XIV საუკუნის დასაწყისში პაპის მიერვე ანათემას გადაეცა და აიკრძალა.

ამ დროიდან მოყოლებული ევროპის ეკლესიებს ამ ორდენთან არანაირი იერარქიულ-სტრუქტურული ურთიერთობა არ აქვთ.

შევნიშნავთ, რომ საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. მათ რიცხვს მიემატა სწორედ ტამპლიერთა ორდენიც, რომლის წარმომადგენლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და თავის წევრთა რიცხვის ამ გზით გაზრდას", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"