თბილისელი კოლორიტი გიორგი კორკოტაშვილი ოთხი შვილის მამაა, ოთხივე ერთადერთი ოჯახისა და დიდი სიყვარულის ნაყოფია. ტრადიციული მიდგომა აქვს ოჯახის რამდენჯერმე შექმნა-დანგრევასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ ცხოვრებაში რამდენჯერმე ჰყვარებია, სიყვარულისთვის სისულელეებიც ჩაუდენია. ახლა ყველაზე მეტად მეუღლე უყვარს და შვილებზე ფიქრობს და დარდობს.
კორკოტას, ასე იცნობენ თბილისელები, ყოველ დილით რადიო "უცნობში", როგორც თავად იტყოდა, ჯიგრული ეთერი აქვს და ჯიგრულ სტუმრებთან ერთად მიმართავს მსმენელს.
- ჩემი მშობლების პირველი შვილი ვიყავი. მამა იურისტი იყო, დედა ინჟინერ-ტექნოლოგი. ერთად მუშაობდნენ მანქანათმშენებელ ქარხანაში და იმის გამო, რომ საბავშვო ბაღისთვის პატარა ვიყავი და შინაც ვერავისთან დამტოვებდნენ, ბებიასთან, მარიამ თუშიშვილთან წამიყვანეს კარდენახში. იქ ვიზრდებოდი. ბებიაჩემი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. 1937 წლებში ქალაქიდან გასახლებული იყვნენ პაპაჩემის გამო. პაპა მალე გარდაიცვალა და ოთხი შვილი ბებიამ მარტომ გაზარდა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, საოცრად მზრდიდა. კარდენახის სახლიდან ძალიან კარგად ჩანს ალაზნის ველი და კავკასიონი. ბებია სპეციალურად მაღვიძებდა, რომ მზის ამოსვლა მენახა კავკასიონზე. მაშინ პატარა ვიყავი.
მეძინებოდა და არც მესმოდა, რატომ უნდა გამეღვიძა დილის ექვს საათზე. მაგრამ იმდენად მიყვარდა ბებია, უარს ვერ ვეუბნებოდი. როცა სილამაზის აღქმის უნარი გამიჩნდა, მერე კი მივხვდი რატომ მაღვიძებდა ასე ადრიანად. ვენახში დავყავდი ბებიას, მახსოვს, როგორ უფრთხილდებოდა იქ მომუშავე ადამიანებს. საჭმელი მიჰქონდა მათთვის, ამოთხრილ მიწაში კოკურას დებდა, რომ სასმელი გრილად ყოფილიყო. მახსოვს, როგორ აკრავდნენ თონეში პურებს. ერთი სიტყვით, სოფლის ცხოვრებას ბებიაჩემმა მაზიარა. გარდა ამისა, რუსული მასწავლა. სამი წლის ვიყავი, როცა პუშკინისა და ლერმონტოვის ლექსებს ვამბობდი.
- რუსულის მასწავლებელს უყვარდით ალბათ სკოლაში.
- რა თქმა უნდა, გიჟდებოდა ჩემზე, გენიოსი ქალბატონი, ასიკო აბაშიძე, 68-ე სკოლა დავამთავრე, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ.
- მშობლებზე არაფერი გითქვამთ.
- მშობლები ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ სოფელში. მახსოვს, პირველად მამამ პაპაჩემის საფლავზე რომ ამიყვანა, ბალახი ერთად მოვგლიჯეთ საფლავზე. ამით დამოკიდებულება გამიჩინა იმ წინაპართან, რომელიც არც მახსოვს, არც მინახავს. მიყვებოდა მის საგმირო საქმეებს, ვიცი ისიც, რომ ბაფთიან გიტარაზე უკრავდა თურმე. ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაილექა ჩემში და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნა კორკოტა. რა ჯიგარიც მაქვს, მამაჩემის დიდი დამსახურებაა.
- დედამ რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში?
- საქართველოს ორი უკიდურესობაა ჩემში, კახეთი, კარდენახი და ბუკისციხე გურიის მხრიდან. ჩოხატაურის რაიონია, ასეთ ლამაზ სოფელს იშვიათად ნახავთ. დედა იქიდან იყო და არდადეგების მეორე ნაწილს ყოველთვის იქ ვატარებდი. მე ვგრძნობ ამ ორი მხარის ხასიათს ჩემში. კახური სიდინჯეც მახასიათებს და ზოგჯერ ისეთი ფეთქებადი ვარ, დედაჩემი მახსენდება ხოლმე.
- მკაცრი იყო?
- შინსახკომს ვეძახდით მე და ჩემი ძმა. სულ უნდოდა სცოდნოდა, სად მივდიოდი, ვისთან ერთად, როდის დავბრუნდებოდით უკან. მაშინ ბარათაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ღამის პირველი საათის შემდეგ რთული იყო გადაადგილება ქალაქში, ტაქსიც იშვიათად დადიოდა. ღამის 3-4 საათზე რომ მოვიდოდი სახლში, ბალიში ედო დედას ფანჯრის რაფაზე, ზედ თავი და ასე მიცდიდა. დედაჩემის სიყვარულისა და მზრუნველობის მომენტი ყველაზე მძაფრად მაშინ დავაფიქსირე, ოთახში მის ლოცვას რომ შევესწარი შემთხვევით, როგორ ავედრებდა უფალს შვილებს. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი. მეც მშობელი ვიყავი და ბოლომდე გავისიგრძეგანე მისი დამოკიდებულება. პირველად დედაჩემმა წამიყვანა ეკლესიაში, პატარა ვიყავი, მახსოვს, მამა რომ გვარიგებდა, წადით, მაგრამ ჩაკოსტუმებულ და ჰალსტუხგაჭერილ, ლამაზად ჩაცმულ ბიძებს ნუ მოხვდებით თვალშიო.
- როგორი მოსწავლე იყავით?
- წარჩინებული. რვა კლასი ფრიადებზე დავამთავრე, თუმცა ყოფაქცევაში მიწერდნენ ორებს. ანცი ვიყავი, წესებს ვერ ვემორჩილებოდი. ერთხელ მამაჩემი დაიბარეს სკოლაში და გეტყვით რატომ, პუშკინის ქუჩაზე ურჩი მოსწავლეები ბავშვთა ბიბლიოთეკის დასალაგებლად წაგვიყვანეს. დირექტორი არ დაგვხვდა და უნდა დავლოდებოდით. ჯიბეები მოვიჩხრიკეთ და იქვე ლუდხანაში შევედით. ლუდი იმდენად არ გვაინტერესებდა, პიონერები ვიყავით, ჩვენ იქ უფრო 8-კაპიკიანი ღვეზელებისთვის შევედით, ახლაც ნერწყვი მადგება, რომ მახსენდება, ისეთი მაგარი იყო. შევედით შიგნით და პიონერხელმძღვანელი გარეთ დაგველოდა. ოთხნი ვიყავით. 2-2 ღვეზელი და 4 ლიმონათი მოგვივიდა შეგროვილი ფულით. გვერდით მაგიდაზე ყველასთვის ცნობილი გიჟი მარინა იჯდა, ისეთი პურმარილი ჰქონდა წინ დაყრილი...
შევეცოდეთ, მიგვიპატიჟა, ქაბაბი შეუკვეთა და ლუდიც მოატანინა. ძალიან გვიხაროდა, რომ კოლორიტ გიჟ მარინასთან ერთად ვიდექით. სხვათა შორის, ხშირად იყენებდა ბილწ სიტყვებს, მაგრამ არა ჩვენთან, ბავშვებთან. რომ შეგვაგვიანდა, პიონერხელმძღვანელმა შემოიხედა. გიჟი მარინა რომ დაინახა, გაცეცხლდა, ახლავე გამოდით გარეთო. შევეწინააღმდეგეთ, დაიძაბა სიტუაცია, გაკაპასდა პიონერხელმძღვანელი და გამოეთრიეთო, გვიბრძანა. ეს მარინას არ მოეწონა და ბილწსიტყვაობის ისეთი კასკადი გაუშვა... პიონერხელმძღვანელმა იტირა და გაიქცა. ამის გამო დაიბარეს მამაჩემი სკოლაში.
- ფიზიკურად თუ გიშრომიათ?
- როგორ არა, მე-10 კლასში რომ გადავედი, ძმაკაცებთან ერთად იალტაში ერთ-ერთ კურორტზე მინდოდა დასვენება. დავიწყე მუშაობა ქარხანაში მუშად. საწერ-კალმებს აკეთებდნენ, ჩემი მშობლების მეგობარი იყო საამქროს უფროსი და მან მიმიყვანა. 150 მანეთი იყო ხელფასი, მაგრამ მე 250 მომცეს მამაჩემის ხათრით. მამამაც დამიმატა ფული, ცოტა დედაჩემმა ჩამიკუჭა ჯიბეში და წავედით იალტაში, იქიდან მოვყევით შავი ზღვისპირეთს და ჩამოვედით სოხუმამდე. ზოგი მატარებლით ვიმგზავრეთ, ზოგი კომეტით. კომეტა გენიალური ტრანსპორტი იყო. საოცარი მოგონებები მაქვს ამ ტურისტული მარშრუტიდან, გოგონები, გართობა.
- როგორია სიყვარულის თქვენეული განმარტება?
- სიყვარული აფრენილი ორბია, თუ დაგეცა, ატომური ბომბია.
- როდის დაგეცათ ეს ბომბი პირველად?
- რამდენჯერმე დამეცა და უკანასკნელმა დამაზიანა კიდეც. არ დაიჯეროთ, რომ სიყვარული ერთხელ მოდის. ბევრჯერ მოდის, ბევრჯერ! მე თუ მკითხავ, სულ შეყვარებული უნდა იყოს ადამიანი.
- გაგვაცანით თქვენი ამჟამინდელი სიყვარულის ობიექტი...
- ეს უკვე ჩემს სულში ხელის ფათურია და არ მინდა (იცინის)... ერთს გეტყვით, ჩემი მეუღლე მიყვარს ყველაზე ძალიან.
- ყოველთვის გიმართლებდათ სიყვარულში?
- გაწბილებული არ ვყოფილვარ. ისე შემეძლო მიმეწოდებინა სიყვარული საწინააღმდეგო სქესისთვის, რომ უარს ვერ იტყოდნენ. რაც მთავარია, ყალბი არასდროს ვყოფილვარ. ალბათ გულწრფელობის გამო ჩემი გრძნობა ყოველთვის წარმატებული იყო. ბევრი სისულელეც მიკეთებია სიყვარულისთვის. ერთხელ სადარბაზოს კარი დაკეტილი დამხვდა, ჩემი შეყვარებული მეოთხე სართულზე ცხოვრობდა, მეორე სართულიდან "კაშნე" ჩამომიგდო ვიღაც ბიჭმა, ვთხოვე და იმით ავძვერი ამ ბიჭის სახლში, გავედი სადარბაზოში და ისე ავედი მეოთხეზე.
- რა პროფესიის ხართ?
- მშენებელ-ინჟინერი გახლავართ. რკინაბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი. ცვლის უფროსი ვიყავი. ვამზადებდით ბეტონს, რომლითაც ძალიან ბევრი მეტროსადგური აშენდა.
- გარდა ამისა, რაში შეგიძლიათ დაიკვეხნოთ გამოცდილებით?
- არაფერში და აგიხსნით რატომ. გული არ დაბერებულა. ფეხბურთის თამაში კიდევ მინდა და ვეღარ ვთამაშობ. ამის გამო შეიძლება, ტვინში სისხლი ჩამექცეს. რაგბიმ მომცა ძალიან ბევრი რამ, გუნდურმა ცხოვრებამ. ბიჭებთან ერთად ვცხოვრობდი, ბევრ რამეზე მიწევდა ფიქრი, მარტო არ ვიყავი. დიდი გამოცდილება მივიღე იმ პერიოდში.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს?
- შვილებთან ლიბერალი ვარ. პირველი ორი შვილის პროფესიის არჩევანში არ ჩავერიე. მივუშვი და ვფიქრობ, შევცდი. ელენესა და სანდროს უფრო მკაცრად მოვექეცი ამ მხრივ, საშუალებაც მივეცი, უფრო მეტი განათლება მიეღოთ, ძვირად ღირებულ სკოლებში ვასწავლე და ვხედავ კიდეც შედეგს. ორივეს უყვარს წიგნთან ურთიერთობა. ეს მახარებს. სალომე და ვაჟიკო უფრო რბილად გავზარდე, დღეს ამის გამო მსაყვედურობენ კიდეც.
- რატომ, არ ხართ კმაყოფილი სალომეს კარიერით?
- როგორ არა, უბრალოდ, მინდოდა მეტი მუსიკალური განათლება ჰქონოდა. ვერ ავუხსენი შვილებს, რომ შეიძლება, 24 საათი ისე გაანაწილო, რომ ოქრო იყო ძმაკაცებშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც და ოჯახშიც.
- ოთხი შვილის მამა ხართ. ოთხივე ერთი დედის შვილები არიან?
- ჰო, მე ამ მხრივ ძალიან ტრადიციული ქართველი გამოვდექი. არ მომწონს, რამდენჯერმე რომ ქმნიან და ანგრევენ ოჯახს. ცოლს გაშორდე და კიდევ ცოლი მოიყვანო (იცინის)?!
- თქვენს შეცდომებზე რას მეტყვით?
- უამრავი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში. სხვის შეცდომაზე არასდროს მისწავლია. ჯიუტი ვარ, სანამ თვითონ არ გამოვცდი, არ დავიჯერებ. ამპარტავნობა მჭირს. ეს სიტყვა სულ სხვანაირი მეგონა და სხვანაირი ყოფილა. შენ თუ საკუთარ თავში არ დაინახავ ამპარტავნობას, შანსი არ არის, სხვაში დაინახო.
- თუ არ ხარ ამპარტავანი?
- გამორიცხულია. გარკვეული დოზით ეს თვისება ყველა ადამიანშია. ჩემშიც, უბრალოდ, ვცდილობ, ამ თვისების დოზა შევამცირო, რომ არ შეგაწუხოთ თქვენ, გარე სამყარო.
- წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, შეცვლიდით რამეს თქვენს ცხოვრებაში?
- არა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ღვთისაგან მაქვს, ეს ჯვარი ჩემი სატარებელია. ერთ დასკვნამდე კი მივედი, ზოგჯერ არასწორად გაკეთებულმა სიკეთემ შეიძლება, ბოროტებამდე მიგიყვანოს ადამიანი.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)