გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ჟურნალ "ბომონდის" პუბლიკაციიდან
"ბავშვობის მოგონებები არასდროს იშლება მეხსიერებიდან? - არა. უფრო მეტია... ის გარემო, სახლი, ოჯახი, ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, გაყალიბებს ისეთად, ვინც სინამდვილეში ხდები..." - მეუბნება ოლიკო ბაბლუანი.
ბავშვობის მოგონებებიც მეხსიერებას კადრებივით შემორჩა...
ოლიკოს მამა თემურ ბაბლუანი კინორეჟისორი გახლავთ, დედა... - ერთგული მეუღლე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ თემურს საყვარელი საქმე ეკეთებინა. ოთხივე შვილიც ასეთი სულისკვეთებით იზრდებოდა. მთელი ოჯახი კინემატოგრაფით ცხოვრობდა და მის წევრებს კინოსა და რეალობას შორის ზღვრის გავლება უჭირდათ.
"მამა ნამდვილი ხელოვანია, ამ სიტყვის უნივერსალური გაგებით. არც კი ვიცი, ვის შევადარო, მაგალითად, ვან გოგს... შემოქმედს, რომელსაც საკუთარი შემოქმედების გარდა არაფერი აინტერესებდა. ბუნებასთან ახლოს იყო და ქმნიდა. ამავდროულად, მტკიცე და ცვალებადი ხასიათი ჰქონდა. სულ რაღაც ისტორიებს გვიყვებოდა. მახსოვს, ამის გამო ხშირად ღამეც კი გვაღვიძებდა" - იხსენებს ოლიკო.
მართალია, ოჯახში კინო მთავარი თემა გახლდათ, მაგრამ პატარა ოლიკო გულის სიღრმეში დედოფლობაზე ოცნებობდა. უნდოდა გულმოწყალე და სამართლიანი დედოფალი გამოსულიყო, რომ სამყარო მის გარშემო დატრიალებულიყო. მისი "სამეფო" საბნის ქვეშ მდებარეობდა. იქ მთელი სამყარო იყო. და-ძმებს ჰპირდებოდა, ვინც დაიმსახურებდა, ამ სამყაროში შეიყვანდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ვერ დაიმსახურეს...
ასე კოწიწდებოდა პატარა გოგონას პარალელური სამყარო იქ, სადაც...
...რეალობა - მკაცრი და დაუნდობელი იყო. მისმა ბავშვობამ 90-იან წლებში გაიარა. 90-იანი წლები... ამით ყველაფერი ნათქვამია. ომი, გაჭირვება, იარაღით მოსიარულენი... ესეც ერთგვარი კინო იყო, სადაც ყველა რაღაც როლს თამაშობდა. ცნობისმოყვარე ბავშვი გახლდათ, რეალობას არასდროს აღიქვამდა მხოლოდ ერთი მხრიდან. წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობდა და ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა იმის იქით, მაგალითად: როგორ ცხოვრობდა მასწავლებელი? ჰყავდა თუ არა ოჯახი? როგორ სახლში ცხოვრობდა? რას მიირთმევდა? რა აწუხებდა? რატომ აირჩია პედაგოგის პროფესია? ადამიანებს კინოს პერსონაჟებად აღიქვამდა და მათ ყოველთვის გარკვეულ სიტუაციაში ათავსებდა.
პარიზი
... და ჩავიდა ოლიკო საოცრებათა ქვეყანაში... მოხვდა მშვიდ, გაწონასწორებულ გარემოში, სადაც ერთმანეთის პიროვნებას უდიდეს პატივს სცემენ. ქართული ექსტრემიდან ფრანგული ცხოვრების პოეზიამდე გრძელი მანძილი უნდა გაევლო. იქ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებები დახვდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, ადამიანებთან ურთიერთობები. და არა ისეთი, აქ რომ იციან - ყველაფერი ჯგუფურად.
"პირველ რიგში საკუთარი თავისგან უნდა გავთავისუფლებულიყავი. ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ ძალადობით იმდენი მეგობარი დავკარგე, ამ მუხტს საკუთარ თავში ვატარებდი. იქაც სრულიად საპირისპირო სისტემის ნაწილი გახლდით. ეს გახლდათ გარემო, სადაც ადამიანს მისი ნაკლოვანებებითა თუ დადებითი მხარეებით, ისეთს გიღებენ, როგორიც ხარ. საკუთარ თავთან "ძალადობით" მივაღწიე შედეგს. ადამიანებთან ურთიერთობის ეთიკის სწავლა დავიწყე." - იხსენებს ოლიკო.
ამასთან, ფრანგული კულტურა ნამდვილი ცუნამივით შეიჭრა მის ცნობიერებაში. ახალი და მისთვის უცნობი გარემოს შეცნობაში კითხვაც ძალიან დაეხმარა და... დაიწყო საკუთარი თავის შეცნობისა და დამკვიდრების პროცესი: ძალიან მოკლედ რომ ახსნას, ეს გახლდათ ეგზისტენციური კითხვები, რომელსაც ყოველდღიურად უსვამდა საკუთარ თავს - ვინ ვარ? რა მინდა?
ამ გზაზე თემურთან "ვატერლოოს ბრძოლის" გადატანაც კი მოუხდა, მაგრამ ერთადერთი გზა გახლდათ, რომელიც ოლიკოს პიროვნულად ჩამოაყალიბებდა და ისწავლა მთავარი, - ადამიანად ყოფნა არ ეზარება. სინამდვილეში არ ეზარება პასუხისმგებლობები, რომელიც ნამდვილ მეგობრობას, ნამდვილ სიყვარულსა და საქმიანობას ახლავს.
იოლი არა, მაგრამ საინტერესო გზა იყო. ისედაც, იოლი არასდროს აინტერესებდა. ამბობს, რომ ამ გზაზე სიცოცხლის ფასი ისწავლა. საქართველოში ხომ ყველაფერი ხანმოკლე ეჩვენებოდა, მათ შორის სიცოცხლე. საფრანგეთში კი "ამ სიცოცხლეში ყოველდღიური სიამოვნების ფასი" გაიგო.
"ცამეტი"
გელამ სცენარი რამდენიმე კინოკომპანიაში მიიტანა, მაგრამ უარი მიიღო - ო, ლა-ლა... ფილმს ძალადობაზე ვერ დაგიფინანსებთო. გელას, როგორც ნამდვილ ბაბლუანს, მებრძოლი ხასიათი აქვს და არასდროს იხევს უკან. აღარ დაელოდა დაფინანსებას და საქმეს ქართულად მიუდგა, - ერთი კომერციული სვლა გააკეთა: ერთ-ერთ დიდ კომპანიაში პლაზმურ ტელევიზორებზე ფასდაკლება იყო გამოცხადებული. იყიდა პროდუქცია და შედარებით ძვირად, დაწესებულებებს მიჰყიდა. მოგებული თანხით ფილმის ლინგი გადაიღო. ეს ეპიზოდები კინოწარმოებაში რომ ნახეს, ისე მოეწონათ, დაფინანსებაზე პროდიუსერების რიგი დადგა.
"დავიწყეთ როლებზე ქასთინგის ჩატარება, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. თავიდან არ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ მთავარ როლზე ჩვენს უმცროს ძმას, გიორგის ავიყვანდით. ეს მხოლოდ გადაღებების წინადღეს გადაწყდა. ამ სიტუაციაში ყველაზე გარიყული თემური აღმოჩნდა. გადაღებებს დამასწარით და ხმას არ ამოვიღებო - გვეხვეწებოდა. ეს არ ნიშნავდა, რომ მისი პერსონა თუ ავტორიტეტი ხელს გვიშლიდა, უბრალოდ, გვინდოდა დამოკიდებულება გვეგრძნო. ამ პერიოდში თემურმა სიგარეტს თავი დაანება, - ნეტავი ყველაფერი კარგად წარიმართოს და ერთ ღერსაც არ მოვწევო. ძალიან სასაცილო იყო, როცა გადაღებების დროს, იმ ეპიზოდში, როცა გიორგის გმირი სახლის სახურავზეა ამძვრალი და ცოლ-ქმრის საუბარს ყურს უგდებს, ქვემოდან როგორ ეჩურჩულებოდა: "გიორგი, მამა, ერთი ღერი მომაწევინეო". "თავი დამანებე, ვმუშაობ" - გიორგიც ჩუმად ეჩხუბებოდა. ბოლოს საკუთარი თავი დააფიცა. ისე ციოდა, ჯგუფის წევრები იყინებოდნენ და მათი ჩურჩულით ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა.
ფილმის მონტაჟზეც გელამ იმუშავა. ერთი რამ გვაერთიანებს ბაბლუანებს - მუშაობის დროს არ ვჭამთ, არ გვძინავს, არ ვისვენებთ და იმავეს მოვითხოვთ ჯგუფის სხვა წევრებისგან. - ამბობს მსახიობი.
ოჯახი
უფროსი გოგონა, ლიკუნა 16 წლისაა და ქართულად ლაპარაკობს. პატარა, ნასტასიამ არ იცის ქართული და ძალიან სახალისოა მისი და ბაბუა თემურის ურთიერთობა. ოლიკოს ხშირად დაუყენებია ნასტასიას ადგილას თავი, რომელსაც ბაბუ დიდ, საოცარ არსებად წარმოუდგენია, რაღაც სხვა ენაზე მოსაუბრე, თან არასდროს რომ ანებებს თავს: "ბაბუ, ტელევიზორის ყურებაში ხელს ხომ არ გიშლი?" ან "რამე ხომ არ მოგიტანო, ბაბუ?" - "ბაბუუუუ... ბაბუუუუ..." - ამ ფრაზით ხშირად ამოუოხრია პატარა ფრანგ ქალბატონს.
ხშირად გადაღებებზე უარს ამბობს, რომ შვილებს მეტი დრო დაუთმოს. ძალიან უნდა მათ ის ფასეულობები გადასცეს, რაც ოჯახიდან მოჰყვება. გადასაცემი კი ძალიან, ძალიან ბევრი აქვს...
სრული მასალა იხილეთ ჟურნალ ”ბომონდის” ნოემბრის ნომერში.
ქეთი დარჩია
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"