ავტორი:

"ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ დაველოდოთ - ვიდრე არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ დავიშალოთ"- ნიკა მელია

"ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ დაველოდოთ - ვიდრე არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ დავიშალოთ"- ნიკა მელია

"ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხი შეთავაზებაზე, დათანხმდება თუ არა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდეს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმაზე დეტალურად შემდეგ ისაუბრებენ.

"ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ: ჩვენი მეგობრები არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე, რომ ძვირფასია პირველ რიგში მისთვის, ეს ყველაზე კარგად მან იცის და მისი სიცოცხლე, რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. ამ ხელისუფლებას და რეჟიმს არ ვენდობი. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, პროტესტისა და ზეწოლის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა გაეკეთებინა განცხადება, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს. როგორც მან საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ოპოზიცია დღეს უმწვავესი, არაძალადობრივი საპროტესტო აქციის თაობაზე გეგმის წარდგენას გეგმავდა.

ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია სწორი იქნება.

"კონკრეტული გეგმით ვიყავი წარმოდგენილი, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის, გეგმა, რომელიც იქნებოდა უმწვავესი ფორმით, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

გორის ჰოსპიტალში ამ ადამიანის გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავის ციხიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც არანაირი ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობებიც კი არ არსებობდა, ეს სამმა განსხვავებულმა კონსილიუმმა დაამტკიცა. თქვენმა არაძალადობრივმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება პრაქტიკულად საათობრივად აკეთებს მხარდამჭერ განცხადებებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. "ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში ჩავეთრიეთ და პროცესები ძალადობრივად წარმართულიყო მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და ადგილობრივი საზოგადოების თვალში "ქართულ ოცნებას“ თავი აქვს მოჭრილი. მთელი მორალური უპირატესობა არის საზოგადოების მხარეს და ოლიგარქს აღარაფერი დარჩა, გარდა თოფიანი ადამიანებისა. ისინი ეძებდნენ საბაბს, როგორ გამოეყენებინათ ძალა, კიდევ უფრო უმძიმეს პირობებში ემყოფებინათ მიხეილ სააკაშვილი იქ, სადაც ახლა დატყვევებული ჰყავთ, მაგრამ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. არ ავყევით რეჟიმს ძალადობრივ პროცესებში და სისხლი არ დავაღვრევინეთ.

"რუსული ოცნება“ მორიგ ჯერზე არ ავუხდინეთ ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო, სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს“,-განაცხადა მელიამ.