ავტორი:

"ვაკეთებთ ყველაფერს - ჩვენი შრომის დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ" - კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას დედის მიმართვაზე

"ვაკეთებთ ყველაფერს - ჩვენი შრომის დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ" - კელი დეგნანი ელენე ხოშტარიას დედის მიმართვაზე

"დიპლომატიური საზოგადოება, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატები ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი შრომის დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რათა ვითარება მოგვარდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია"- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედის, ირინა გუნცაძის მიმართვის საპასუხოდ განაცხადა.

ელჩის თქმით, ელენე ხოშტარიას გაცხადებული აქვს, რომ ის შიმშილობს, რადგან სჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ელენე ხოშტარიას მდგომარეობითაც. ჩვენ ვიცით, რომ ის 2 კვირაზე მეტია შიმშილობს. ელენე ხოშტარიას გაცხადებული აქვს, რომ ის შიმშილობს, რადგან სჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას. ვფიქრობ, ის იმედოვნებს, რომ ეს გააერთიანებს ადამიანებს, რათა შედგეს გარკვეული დიალოგი, რომელიც გადაჭრის იმ ღრმა პოლარიზაციას, რომელიც ამ ქვეყნის პარალიზებას იწვევს. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის იღებს კარგ სამედიცინო მომსახურებას, რომ ის არ აყენებს საკუთარ თავს უკიდურესი რისკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ ის არის დარწმუნებული მიზანში. ვიმედოვნებ, რომ, ასევე, სხვა მოშიმშილეები, რომლებიც აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას რისკის ქვეშ საკუთარი შეხედულებებისა და რწმენისთვის, იღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ცხადია, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, მაგრამ შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ რისკის ქვეშ არიან. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დიპლომატიური საზოგადოება, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატები, ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენი შრომის დიდ ნაწილს თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რათა ვითარება მოგვარდეს იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე შესაბამისად ზრუნავენ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.