ავტორი:

"შეიძლება გადარჩეს, მაგრამ დარჩეს ძალიან მძიმე ხეიბარი" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

"შეიძლება გადარჩეს, მაგრამ დარჩეს ძალიან მძიმე ხეიბარი" - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეჟიმს არ მოაკვლევინებენ.

როგორც ის ამბობს, ექსპრეზიდენტი რთულ პირობებში იმყოფება, რასაც ემატება შიმშილობა, რომელმაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიღოს.

"უნდა ვეცადოთ, რომ როგორც ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არ მოვაკვლევინოთ რეჟიმს. გასაგებია რა გეგმასთან გვაქვს საქმე. იცით, რომ მამა, დედა, ახლობლები ექიმები მყავს და ამიხსნეს რამხელა საფრთხესთან გვაქვს საქმე.

შეიძლება გადარჩეს, მაგრამ დარჩეს ძალიან მძიმე ხეიბარი. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და გულის შეტევა. ეს ორი გამოწვევა ხელის გულზე დევს და ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს.

"ოცნება" შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება სააკაშვილი გადარჩეს, მაგრამ ის იქნება მთელი ცხოვრება ხეიბარი. ამას არ დავუშვებთ" - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეს საღამოს დამძიმდა. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათთან შეხვედრის დროს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა.

ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმატოლოგის თქმით, ოქსიგენაციის, სუნთქვისა და სხვა პარამეტრები ნორმაშია.

"ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იყო ჰიპერტენზია, როდესაც გავსინჯეთ, 180 ჰქონდა წნევა. ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. აბსოლუტურად კონტაქტურია. მპასუხობს ყველა კითხვაზე, მე მას ვიცნობ დიდი ხანია" - ამბობს რეანიმატოლოგი.