ავტორი:

"მთვარეზე იმდენი ჟანგბადია, რომ 8 მილიარდ დედამიწელს 100 ათასი წელი ეყოფა" - რას გეგმავენ მეცნიერები?

"მთვარეზე იმდენი ჟანგბადია, რომ 8 მილიარდ დედამიწელს 100 ათასი წელი ეყოფა" - რას გეგმავენ მეცნიერები?

ავსტრალიურ გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულია საინტერესო სტატია, სათაურით: "მთვარეზე იმდენი ჟანგბადია, რომ 8 მილიარდ დედამიწელს 100 ათასი წელი ეყოფა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

დედამიწელთა გეგმები კოსმოსის ათვისებაზე პირდაპირ არის დაკავშირებული ახლოს მდებარე პლანეტების ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან. პირველ რიგში, ეს შეეხება მთვარეს, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა: როგორ უნდა იქნეს მოპოვებული ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ჟანგბადი, რომელიც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი მომავალი კოლონისტებისათვის.

მართალია, ჩვენი ციური თანამგზავრის ატმოსფერო უკიდურესად გაიშვიათებულია (თითქმის არ არის) და მასში მხოლოდ წყალბადი, ნეონი და არგონია, სამაგიეროდ, იქ ძალიან ბევრია რეგოლიტი, ანუ ზედაპირული ქანები და მტვერი, რომლებიც 45% ჟანგბადს შეიცავს. რასაკვირველია, არა სუფთა სახით, არამედ რკინის, მაგნიუმის და ალუმინის ორჟანგებში (დიოქსიდებში). მათგან რომ ჟანგბადი მივიღოთ, სრულიად საკმარისია ელექტროლიზის მეთოდიც. დედამიწაზე ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა წარმოებებში, მაგალითად, თუ ალუმინის ორჟანგში დენს გავუშვებთ, ვიღებთ როგორც სუფთა მეტალს, ასევე ჟანგბადს, გვერდითი პროდუქტის სახით. მთვარეზე ყველაფერი პირიქით იქნებოდა - მთავარი პროდუქტი გახდებოდა ჟანგბადი, გვერდითი კი - ალუმინი.

პროცესი თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ ძალზე დიდი ენერგოდანახარჯებით. სამწუხაროდ, მთვარეზე ელექტროსადგურებს ვერ ააშენებ და ვერც მზის ბატარეები გამოგვადგება - მათგან მიღებული დენი ელექტროლიზისთვის საკმარისი არ იქნება..

თუმცა, როგორც ამ წლის დასაწყისში ბელგიურმა კომპანიამ Space Applications Services-მა განაცხადა, დაიწყო ექსპერიმენტული რეაქტორების მშენებლობა ჟანგბადის მისაღებად, ელექტროლიზის მეშვეობით, ელეტროენერგიის მცირე რაოდენობის მოხმარებით. და თუ ახალი ტექნოლოგია გაამართლებს, ასეთი რეაქტორები უკვე 2025 წლისათვის შეიძლება მთვარეზე წავიღოთ, ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დედამიწის თანამგზავრის რესურსების გამოყენებას (ISRU).

  • ამრიგად, რჩება მთავარი კითხვა: რამდენი ჟანგბადის მოცემა შეუძლია მთვარეს?

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიადაგმცოდნე ჯონ გრანტი, რომელმაც კვლევით ლაბორატორიაში შესაბამისი გათვლები გააკეთა, გვთავაზობს, რომ მთვარის გრუნტს ღრმად ნუ გავთხრით, ვისარგებლოთ მხოლოდ ზედაპირით. რეგოლიტის ყოველი კუბმეტრი შეიცავს დაახლოებით ტონანახევარ სხვადასხვა მინერალს, მათ შორის თითქმის 630 კილოგრამ ჟანგბადს (დიოქსიდების სახით).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ ადამიანს დღეში სუნთქვისათვის მხოლოდ 800 გრამი ჟანგბადი ჭირდება, მას 630 კილოგრამი მაცოცხლებელი ელემენტი ორ წელიწადს უნდა ეყოს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეგოლიტის სისქე მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 10 მეტრს შეადგენს (რაც მნიშვნელოვნად აიოლებს მის მოპოვებას), მთელი პლანეტის მასშტაბით მისგან მიღებული ჟანგბადი საკმარისი იქნება 8 მილიარდი ადამიანისათვის 100 ათასი წლის განმავლობაში!

ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ, რომ პერსპექტივა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ... განა უფრო იოლი და მარტივი არ იქნება ჩვენს პლანეტას - დედამიწას გავუფრთხილდეთ და მისი ჟანგბადით მდიდარი ჰაერი გაჭუჭყიანებისგან დავიცვათ? განა უმჯობესი არ არის, რომ სუფთა ჰაერით აქ, მშობლიურ გარემოში ვისუნთქოთ?

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ