ავტორი:

"სპეციალურად გავიკეთე, რათა ხალხი დავარწმუნო - მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს“ ვადა გაუვიდა" - ამირან გამყრელიძე "ბუსტერ“ დოზით აიცრა

"სპეციალურად გავიკეთე, რათა ხალხი დავარწმუნო - მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს“ ვადა გაუვიდა" - ამირან გამყრელიძე "ბუსტერ“ დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ“ დოზით აიცრა. ამირან გამყრელიძემ აცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. გამყრელიძემ "ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.

"დღეს სპეციალურად გავიკეთე "ფაიზერი“, რათა ხალხი დავარწმუნო. ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს“ ვადა გაუვიდა.

"ფაიზერს“ გამოშვებიდან 9 თვე აქვს ვადა, თუ -60, -90 გრადუს ტემპერატურაზე ინახება. გალღობის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე",- აღნიშნავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი გააქტიურდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია.

"დღეს დაახლოებით 900 ათასამდე დოზა "ფაიზერია“ ქვეყანაში, აქედან უმრავლესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვადა მარტის ბოლომდე აქვს. დაახლოებით 200 ათასს იანვრის და თებერვლის ბოლომდე. დოზა ყველასთვის საკმარისია, "ბუსტერისთვისაც“. მიხარია, დღეს დილით 7 ათასზე მეტი აცრა გვაქვს უკვე. ჩვენ ეს ნოემბრის განმავლობაში აღარ გვქონია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ის იმედოვნებს, რომ ახალი ინიციატივები, რაც 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტის“ შემოღებას და 60 წლის ზემოთ მოქალაქეების აცრაზე მათ ფულად წახალისებას ითვალისწინებს, ვაქცინაციის ტემპს გააუმჯობესებს. ამირან გამყრელიძის განმატებით, ასევე აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანია და მეტი ტრენინგი.

"თბილისში მოზრდილი მოსახლეობის უკვე 50%-იანი მოცვა გვაქვს. რაჭა-ლეჩხუმში დაახლოებით 50%-იანი მოცვა გვაქვს და ასევე, აჭარის რეგიონში. ამ სამ რეგიონში აუცილებლად 60%-იან მოცვაზე უნდა გავიდეთ, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი შევამციროთ, რაც არის სიკვდილიანობა. რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იკლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვთ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი იმუნიზაცია შეაჩერებს. სხვა ამ პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ყველას, მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით, 2 მილიონ ნახევარი დოზაა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა. ის ყველასთვის საკმარისია“, - განაცხადა გამყრელიძემ.