ავტორი:

"არ არის გამორიცხული, რომ  ევროპამ სანქციები დაუწესოს როგორ ქვეყანას, ისე კონკრეტულ პირებს" - გზავნილები დასავლელი პარტნიორებისგან და საფრთხე, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეიძლება

"არ არის გამორიცხული, რომ  ევროპამ სანქციები დაუწესოს როგორ ქვეყანას, ისე კონკრეტულ პირებს" - გზავნილები დასავლელი პარტნიორებისგან და საფრთხე, რომლის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეიძლება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოექცეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

ექსპრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მწვავე შეფასებებით ეხმიანებიან ევროპიდანაც.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განაცხადებით, სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და ეს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა.

ყველაზე მკაცრი მაინც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იყო, რომელიც მან ვებინარზე "ქართული ოცნების" მისამართით გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ისე შორსაა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. ევროპარლამენტარმა განცხადებაში ფინანსური სანქციებიც ახსენა: "საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი გობრონიძე არ გამორიცხავს სანქციების დაწესებას კონკრეტული პირების მიმართ, თუმცა იმედოვნებს, რომ ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

"მოვლენების განვითარებას მთლიანობაში რომ შევხედოთ, მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლიდან დღემდე, ქართულ მმართველ პოლიტიკურ ელიტას არ აღმოაჩნდა უნარი, მასზე უკეთესი ყოფილიყო და მორალურად უფრო მაღლა დამდგარიყო. ისინი ხომ ხელისუფლებაში, როგორც თვითონ ამბობენ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საუბრით, ძალადობის წინააღმდეგ, უკეთესი ქვეყნის აშენების დაპირებით მოვიდნენ და ამ დროს, ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ პერსონალური პოლიტიკური რევანშის შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაკავება არ არის ჩვეულებრივი დაკავება და, შესაბამისად, აქ საჭიროა დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს სახელმწიფომ იმიტომ, რომ როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ის ქვეყნის ყოფილი მმართველია და ყველა კითხვის ნიშანი უნდა მოიხსნას, რომ არ ხდება პოლიტიკური დევნა, ანგარიშსწორება. იმ ტიპის განცხადებები, როგორიც თავიდანვე კეთდებოდა - ჭკვიანად თუ არ იქნებოდა მუხლებს დავუმატებთ, დღეს წმინდა ბიძინას ხსენების დღეა და ამ დღეს ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებით გილოცავთ, თუნდაც ის მომენტი, როცა ღარიბაშვილმა ისიც კი ბრძანა, - ყველას აქვს თვითმკვლელობის უფლებაო და სხვა, იმაზე მიანიშნებს, რომ აქ სამართლის აღსრულებაზე და კანონის უზენაესობაზე აღარაა ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადგილი აქვს პერსონალურ რევანშს. საზოგადოებაშიც არსებობს ასეთი განწყობა, რომ ნაწილი საზოგადოებისა მზად არის ამ ადამიანის ლინჩის წესით გასასამართლებლად, მეორე ნაწილი მზადაა ყველაფრის ფასად მის დასაცავად. აქაც ვხედავთ ემოციურ და არასამართლებრივ დამოკიდებულებას პრობლემისადმი. ეს არის ძალიან ცუდი მომენტი საზოგადოებისთვის“, - ამბობს პოლიტოლოგი.

კითხვაზე, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, გიორგი გობრონიძე პასუხობს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს მარტო პრეზიდენტს კი არა, ყველას ეხება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს, ამას ქვეყნის შიგნით, თუ - გარეთ, ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს.

"ნაციონალების" დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალი ფაქტი არ ამართლებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ აწესებს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს, თუნდაც პრეზიდენტყოფილთან მიმართებაში. წესით, სახელმწიფო უნდა ამაყობდეს იმით, რომ შექმნას მისი უფლებების დაცვის, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ის მაღალი სტადარტი, რომელიც არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც მოხსნის ამ შეკითხვებს. გარეშე თვალისთვის რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ბანალური შურისძიების აქტი და მეტი არაფერი. ვინც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა და ამბობს, ეს კაცი სასიკვდილოა, ეს ერთი მხარეა ბანალური შურისძიების, მეორე ცალკე მომენტია ის, რომ ქვეყანა ამ ყველაფერს სადამდე მიჰყავს და შეიძლება მიიყვანოს. როდესაც ვხედავთ, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.

როდესაც პანდემია გვაქვს და ამ ფონზე ვხედავთ იმას, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყოფნის იმის კეთილგონიერება, რომ მრავალათასიანი დემონსტრაციები არ მართოს. თავი დავანებოთ ოპოზიციას, არასერიოზულია ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ აქციას აქციით უპასუხო, როცა პანდემიას უნდა ებრძოლო. მერე გვიკვირს შედეგები, რატომ ავედით 6000 კაცზე სტატისტიკაში, რატომ გვყავს 75 გარდაცვლილი დღეში. ეს არავის აინტერესებს და საბოლოო ჯამში, პანდემიაც, რეგიონული გამოწვევებიც, ეკონომიკაც გადაფარა იმან, საკვები დანამატი იყო თუ არა ფაფის ჭამა, კვება არის თუ არა ფაფის ჭამა, იშიმშილა თუ არა და ძაან მოშივდა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს...

პრობლემა ის ხომ არ არის, რა ჭამა, როგორ ჭამა და რამდენი ჭამა, პრობლემა ისაა, როგორი იქნება ამ ადამიანის მიმართ რეალიზებული სამართლიანი სასამართლოს ჯანდაცვისა და სიცოცხლის უფლება დაცული იმიტომ, რომ როგორც არ უნდა გვიყვარდეს ეს ადამიანი ან გვეზიზღებოდეს, ის იყო სახელმწიფოს მმართველი და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილ იქნას“.

რაც შეეხება ევროპარლამენტისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებებს, ამის მიზეზად პოლიტოლოგი პროცესის გაუმჭვირვალობას და ხელისუფლების რიტორიკას მიიჩნევს.

"საქართველოს მიმართ არსებობს ბევრი კითხვა. ჩვენ არ ვართ ჯერ კონსოლიდირებული დემოკრატია, ვართ ფასადური დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და არ გვაქვს მიღწეული თუნდაც სასამართლოს დამოუკიდებლობის იმ ხარისხისთვის, ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტებისთვის, რათა პრეზიდენტის გარშემო ამდენი კითხვა არ იყოს. ელემენტარულად, რაში უნდა გვჭირდებოდეს მსჯავრდადებულის ან საზოგადოების მოტყუება, იქ ვერტმფრენის გამოჩენა, თუ ყველაფერი კარგად არის სახელმწიფოში?

რაც უფრო ნაკლებ გამჭვირვალეა ეს პროცესი, მით მეტ კითხვას აჩენს, რაც მეტია კითხვა, უფრო დაბალია ნდობა როგორც შიდა, ისე, საერთაშორეისო არენაზე. სააკაშვილის დაკავების დღიდან, სახელმწიფოს მეტი სერიოზულობა მართებდა, მოზომილი პოლიტიკური განცხადებები და მეტი გამჭვირვალობა იყო საჭირო. ეს ყველაფერი ჩვენს მიმართ ნდობაზე ძალიან ცუდად აისახება იმიტომ, რომ ჩვენ ობიექტურად ჰიბრიდული რეჟიმი ვართ, სადაც ისედაც ძალიან მაღალია პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხე და ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ელიტა არც ცდილობს უარყოს, რომ გარდა სამართლებრივი საკითხებისა, აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთანაც.

რაც უნდა დამნაშავე იყოს, თუკი მას გადააქცევ პოლიტიკურ პატიმრად, ამით შენ უწყობ ხელს, რომ მოახდინო მისი რეაბილიტაცია, შექმნა მისგან ხელახალი გმირი და მოუწყო კათარზისი. იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან არ გასულიყო და ყოფილიყო მშრალად სამართლებრივად ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ თავიანთი რიტორიკით, ქცევით და გაუმჭვირვალე პროცესით, ადამიანი დამნაშავედან შურისძიების მსხვერპლად აქციეს. მთავრობა ასე თუ გააგრძელებს, არ ვიცი, რა ბედი ელის ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება სახელმწიფოსთვის, ამ ადამიანს (გარდაცვალებას აღარ ვამბობ) ჯანმრთელობაც თუ შეერყევა დაწესებულებაში. ეს იქნება ლაქა, რომელიც სახელმწიფომ უნდა ჩამოირეცხოს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა იყოს ყველაფერი ისე, როგორც წერია კანონში და არა ისე, როგორც ვიღაცას უნდა რევანში, სადღაც ვიღაცამ უნდა გაწყვიტოს ეს რევანშის ძაფი, რომელიც მუდმივად მიჰყვება ჩვენს სახელმწიფოს და მუდმივი სამოქალაქო დაპირისპირების ფანტომი არ უნდა ედგეს თავზე ქართულ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ვართ სახელმწიფო და საზოგადოება, ვინც 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გამოიარა და ეს სამოქალაქო ომის ფანტომი, სამწუხაროდ, არსად წასულა და ყველა პოლიტიკურ პროცესი მუდმივად ამის რისკია, ერთი პოლიტიკური ჯგუფი ამით აშანტაჟებს დანარჩენებს. ვიდრე ქართულ პოლიტიკაში კეთილგონიერება და კომპრომისი სისუსტედ არის აღქმული, მანამდე ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე.

გიორგი გობრონიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მიერ ვალდებულებების უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ევროპამ სანქციები დაუწესოს ქვეყანას ან კონკრეტულ პირებს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონკრამონის განცხადებას, ეს მოსალოდნელიცაა.

"ჩვენ უნდა ველოდოთ სანქციებს და აქ არის რთული მომენტი. თავის დროზე, როცა ამერიკელი სენატორები აკეთებდნენ კრიტიკულ განცხადებებს, ახლაც, როცა ევროპარლამენტარები აკეთებენ ამას, სამწუხაროდ, მთავრობის პოზიცია არის შემდეგი, რომ ამდენი ევროპარლამენტარიდან 4-5 კაცმა რაღაცა თქვა და ეს არ არის მნიშვნელოვანიო. ევროპარლამენტში სულ 4-5 კაცი მუშაობს საქართველოს თემაზე, არ არის ევროპარლამენტი მოცლილი, რომ სრული შემადგენლობით ჩვენზე იმუშაოს. ვინც მუშაობს, ის აკეთებს განცხადებას და კეთილი ინებე და მოუსმინე ამ განცხადებებს, თუ ეს პარტნიორობა ღირებულია შენთვის. თუ არ არის, მაშინ რატომ ვიტყუებთ თავს?

ეს განცხადებები უფრო გამკაცრდება, რაც უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივეცით პარტნიორებს იმის საფუძველი, რომ ბოლომდე გვენდობოდნენ. რომელი დაპირება გავეცით, როგორც სახელმწიფომ და შევასრულეთ? მით უმეტეს, ევროკავშირის მისამართით. ჯერ იყო და, დანიელსონი ლამის გადმოსახლდა საქართველოში, მერე შარლ მიშელი იყო უშუალოდ ჩართული პროცესებში და რა გავაკეთეთ? ევროკავშირს შევეშვათ, ამერიკელებიც გავიხსენოთ - ანაკლიის პორტზე დაპირება იყო, ექსპრემიერ ბახტაძის მიერ გაკეთებული მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დროს, და რომელი დაპირება შესრულდა?

დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში, თანამშრომლობასა და პარტნიორობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობას და იმას, რამდენად ფასი აქვს ჩვენს სიტყვას. ჩვენ თუ ვამბობთ და მერე არ ვასრულებთ, აღარ გვენდობიან. ეს არის ძალიან ცუდი.

პოლიტიკური ცხოვრება იმდენად უხარისხოა, მის ევროპულობაზე ლაპარაკი დღეს, ამ პირობებში ძალიან გადაჭარბებულია. ლოგიკურია ის, რომ იქნება კრიტიკა პარტნიორებისგან და ჯობია, ამ კრიტიკას მოუსმინონ. ნუ ექნებათ ილუზია, რომ ევროპარლამენტი სრული შემადგენლობით გააკეთებს განცხადებას. რა უნდათ, მაინც და მაინც ყველა დეპუტატის ხელმოწერილი კოლექტიური წერილი ჩამოვიდეს, თუ მაინც და მაინც სანქციები დაგვიწესონ? დიპლომატიის წარმატებად იმას რომ ვთვლით, ამერიკა და ევროპა სანქციებს არ გვიწესებსო, უკაცრავად და, ჩრდილოეთ კორეას, ირანს და ბელარუსს უწესებენ სანქციას და მაინც და მაინც ამ ზომამდე უნდა მივიდეთ? არ ვამბობ, რომ სანქციები დაგვიწესდება, არ მინდა, ეს რომ მოხდეს იმიტომ, რომ ჩვენ იმავე ნიშნულზე გვაქვს ურთიერთობა დასავლეთთან, როგორც ამ ქვეყნებს. ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნება და ნუ მიიყვანენ აქამდე საქმეს. მახსოვს ის პერიოდიც, სიამაყით ამბობდნენ, აი, სანქციები არ განიხილებაო. პარტნიორს უძახი და პარტნიორისგან სანქციას უნდა ელოდებოდე? მთლიანობაში, ჯერ კიდევ არ არის გვიანი და იმედია, ეყოფათ იმის კეთილგონიერება, რომ პროცესები დააბრუნონ ნორმალურ, ლეგალურ ჩარჩოში, ქვეყანას ნუ აიგდებენ და ისე უპატივცემულოდ ნუ მოექცევიან, რომ ამ ქვეყანაში ნომერ პირველი თემები ის იყოს, რომ საკვები დანამატის მიღება კვებაა, თუ - არა და ერთხელ და სამუდამოდ გააკეთონ ყველაფერი ისე, როგორც კანონში წერია, დაიცვან ადამიანის უფლებები და ნუ აჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი დაბალი დონის შურისძიების აქტს ჰგავს. ეს არ არის პასუხისმგებლიანი ქცევა და ევროპული ქვეყნები ასე არ იქცევიან".