ავტორი:

"ამ ტანსაცმელში ცოლი ვერ მიცნობდა, მაგრამ ყველა პატიმარი მიხვდა, რომ მე ვარ... გინება ციხის ადმინისტრაციის მიერაა მოწყობილი" - გვარამია სააკაშვილის ნახვის შემდეგ

"ამ ტანსაცმელში ცოლი ვერ მიცნობდა, მაგრამ ყველა პატიმარი მიხვდა, რომ მე ვარ... გინება ციხის ადმინისტრაციის მიერაა მოწყობილი" - გვარამია სააკაშვილის ნახვის შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს „ადვოკატებთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა წართმეული აქვს“.

ამის შესახებ გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განმარტა, რა ვითარებაში უწევთ ადვოკატებსა და სხვა მნახველებს სააკაშვილთან კომუნიკაცია.

გარდა ამისა, გვარამიას თქმით, ციხის პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მუდმივად, მათ შორის ღამის განმავლობაშიც ისმის.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, პატიმრებმა ის სამედიცინო ეკიპირებაშიც იცნეს და შესაბამისად, "გინება, რომელიც ციხის ადმინისტრაციის მიერაა მოწყობილი, მარტივად იშიფრება“.

"ყველა კორპუსის პატიმარი მიხვდა, რომ მე ვარ, სანამ შევიდოდი. პირობას ვიძლევი, ამ ტანსაცმელში ჩემი ცოლი ვერ მიცნობდა, შესაბამისად გინება, რომელიც ციხის ადმინისტრაციის მიერაა მოწყობილი, ასე მარტივად იშიფრება. გინება გრძელდება მუდმივად, ამას შეესწრნენ ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლები. იმედია ამას ანგარიშებში ასახავენ. გინება ისმის იმ ოთახშიც, სადაც შეგვიყვანეს. სააკაშვილს, პირველ რიგში, წართმეული აქვს ეფექტური დაცვის განხორციელების უფლება, ჩვენ არ გვაქვს ეს შესაძლებლობა. სააკაშვილი შიმშილობს, მარტივად არ გადაადგილდება, ჩვენ მასთან პალატაში არ გვიშვებენ. სააკაშვილი 5 სართულს უნდა ჩამოვიდეს, შემოვიდეს ოთახში, სადაც ერთი მხარეს არის ხმაგაუმტარი მინა, ჩემთან ერთად არის მეორე ადვოკატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი. მე მესაუბრება ტელეფონით, მე ვეუბნები სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს ან მეორე ადვოკატს, შემდეგ ის მეუბნება კითხვას, რომელიც სააკაშვილს უნდა დავუსვა და ა.შ. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რადგან ასე ფაქტების დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების ეფექტიანი კომუნიკაცია შეზღუდულია - ეს ერთი.

მეორე - გულდასაწყვეტია, რომ განსაცდელში მყოფები ადამიანები სხვა, ასევე განსაცდელში მყოფ ადამიანს, სააკაშვილს ვგულისხმობ, ასე იქცევიან. უნდა ვკითხო მათ - რა შუაშია სააკაშილი, ივანიშვილის პატიმრები ხართ, რომელ კუთხეში გადაეკვეთეთ სააკაშვილს? მაგრამ, არის სააკაშვილის დედის გინება და უმძიმესი ტექსტები - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გიული ალასანია რომ მოვიდეს ან მისი შვილები, როგორ უნდა გაიარონ ეს გზა. ასევე ადვოკატებისთვისაც არ არის მარტივი. ადვოკატი ამ სტრესის მერე რომ შედის მის დასაცავ პირთან, რომელიც ასევე სტრესია, თვითონაც სტრესი შეაქვს, ქვეითდება მისი პროფესიული შესაძლებლობები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთის გავლას ჰგავს მათთვის, ვინც ამას მიუჩვეველია. პლიუს ამას, პალატაში ეს ხმა სულ ისმის და სააკაშვილი იძულებულია ტელევიზორის ხმას ბოლომდე აუწიოს. ეს არის უწყვეტი, მუდმივადაა ხმაური, ღამის განმავლობაშიც. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ამყოფებენ სააკაშვილს.

ეს არის დაცვის უფლებაზე უარი, ასევე ოჯახის წევრების შესვლის შეუძლებლობამდე მიყვანა, არ მგონია დეპუტატებისთვის მარტივი იყოს ამის გადატანა, ასევე ექიმებისთვისაც. ან ევროპარლამენტარებმა რომ ჩაიაროს, ვინმე ვინმეს გააჩუმებს? აქაც შეგნებულად აყვირებენ. ვინ აყვირებს ამ პატიმრებს ჩვენთვის ცნობილია, ზუსტად ის „ჩიტო“ კაცი. ამის მომწყობიც ის არის“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.