ავტორი:

"ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" - გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ იმყოფებოდეს

"ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" - გიული ალასანია არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ იმყოფებოდეს

"ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, მისი შვილი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არ იმყოფებოდეს.

"დღეს უნდა შევსულიყავით ციხეში ჩემი შვილის სანახავად ოჯახის წევრები. საგანგებოდ ჩემი შვილიშვილი იყო ჩამოსული, რომელიც ღამე უკვე უნდა გაფრინდეს. ვფიქრობდი, რომ ეს მარტივად მოხერხდებოდა. ეს იყო მესამე შემთხვევა როცა უნდა შევსულიყავი ციხეში და მენახა ჩემი შვილი. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა სწრაფად, ოპერატიულად. ამჯერად რაღაც სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ჩვენ მივედით, აღმოჩნდა, რომ ვიღაცები არიან ჩემს შვილთან ამიტომ არ შეიძლება, რომ მაშინვე შეგვიყვანონ. მოვიდა ინფორმაცია რომ კონსილიუმი მიმდინარეობს და ესეც გასაგები და მისაღები იყო. შემდეგ უკვე დავინახეთ, რომ მოვიდა აკო მინაშვილი და შევიდა. გვითხრეს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა და ჯერ ის შევა, მას შემდეგ შევალთ ჩვენ. ეს გაგრძელდა დიდხანს.

დავინახეთ კიდეც, რომ გამოვიდა ბატონი პარლამენტარი და მაინც, ჩვენ არავინ არ გვანახეს. გავიდა კიდევ დრო და ისევ არაფერი ჩვენთან არ ხდება, ვიღაცამ მოიტანა ჩვენამდე(ამბავი), რომ პირადი ექიმია შესული, ნუ ესეც მისაღები იყო, მაგრამ ისევ გაგვიკვირდა, რატომ, რადგანაც მთელი ოჯახი ველოდებოთ მოსაცდელში, ასე გაგრძელდა თითქმის ექვს საათამდე, არადა, ვიცოდით, რომ მიღება არის ექვს საათამდე.

უცებ ვიგებთ, რომ გავიდა ორი ბრონირებული მანქანა ტერიტორიიდან.

ცოტა ხნის შემდეგ დავინახეთ ვერტმფრენი და უკვე ამოძრავდა ხალხი და უკვე ნათელი გახდა რაც მოხდა. ფაქტობრივად ჩემი შვილი აღარ იყო უვე ტერიტორიაზე. აღმოჩნდა უცებ, რომ არავინ არ იცის, სად არის მიხეილ სააკაშვილი.

მერე სხვადასხვა ინფორმაცია მოდიოდა ჩემამდე. მერე ეს ოფიციალური ინფორმაცია გლდანის ციხეზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ იმდენჯერ მოვიდა დეზინფორმაცია, რომ უკვე აღარ ვიცი რა დავიჯერო და არა.

ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე სად იმყოფება ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი დღეს, და ასევე ჩემი თხოვნაა, მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და ადამიანის უფლებების დამცველი, ნინო ლომჯარია.

შეიძლება არც იყოს გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში, არ გამოვრიცხავ, რომ არც იყოს. ვერაფერს ვერ ვვარაუდობთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - აცხადებს გიული ალასანია.