ავტორი:

"წაიყვანონ და დაიტოვონ თბილისში... ეტყობა, რომ ქართველების სამეგობროში გაიზარდა" - რატომ გააკრიტიკეს სოხუმელებმა აფხაზი ბლოგერი?

"წაიყვანონ და დაიტოვონ თბილისში... ეტყობა, რომ ქართველების სამეგობროში გაიზარდა" - რატომ გააკრიტიკეს სოხუმელებმა აფხაზი ბლოგერი?

რამდენიმე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ ერთხელ აღწევს პიკს, მწვავე კამათის საგანია ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერის, "დაუდის" ვიდეო-მიმართვა, რომელშიც ის ქართველებსა და აფხაზებს შერიგებისკენ მოუწოდებს.

"ამ ვიდეოს ვუძღვნი მათ, ვისთვისაც ჩემმა გზავნილებმა, მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა ყველას, ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, მაგრამ მე როგორც აქამდე ვიარე, იმავე გზას გავყვები - ხალხებს შორის ურთიერთობების დალაგების, შერიგებისა და მეგობრობისკენ. ყოველდღე სულ უფრო ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში. რადგან ჩემი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება, როგორც აფხაზეთში, ასევე, საქართველოში (!)... მტრები აღარ უნდა ვიყოთ. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც მხარს მიჭერს. თქვენი თანადგომა მაძლიერებს და უფრო მეტად ვრწმუნდები იმ გზის სისწორეში, რომლისკენაც მივდივარ" - ამბობს ახალგაზრდა აფხაზი ბიჭი ვიდეოგზავნილში. იმავე ვიდეოში საუბრობს ქართველი ბლოგერი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზი მეგობრის პათოსს იზიარებს.

"შერიგების განწყობა უკვე ჰაერშიც ტრიალებს და ეს შესამჩნევია, თბილისსა და კავკასიის სხვა ქალაქებში... დაუდთან ერთად უნდა გავაგრძელო ხალხების დაახლოება, უნდა გავუგოთ ერთმანეთს და შევაჩეროთ ის სიძულვილი და ნეგატივი, რომელიც ბოლო ოცდაათი წელია ტრიალებს... როგორც დაუდი ამბობს - მშვიდობა მსოფლიოს!" - ამბობს ქართველი ახალგაზრდა ბლოგერი. მისი თქმით, შმაგი ჰქვია და თბილისელია.

ინტერნეტში გავრცელებული მიმართვა მაშინვე აიტაცეს აფხაზებმა და ახალგაზრდა ბლოგერი სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ნაწილი განსაკუთრებით გააღიზიანა მიმართვის იმ ნაწილმა, სადაც ის ამბობს, რომ მას უამრავი მხარდამჭერი და თანამოაზრე ჰყავს აფხაზეთშიც და შერიგება გარდაუვალია.

აფხაზების ნაწილი ახალგაზრდა ბლოგერის პოზიციის მიმართ შედარებით ლოიალურია და წერენ, რომ ახალგაზრდები ნამდვილად გრძნობენ ცვლილებების აუცილებლობას და ხვალ-ზეგ შერიგება გარდაუვალია, თუმცა, რა ფორმით იქნება ეს, პოლიტიკური ხასიათის თუ საზოგადოებრივი განწყობის საფუძველზე - ცალკე საკითხია...

"4 ნოემბერს, ანუ ხვალ, ვეტერანები ყველას მოუწოდებენ სოხუმში, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბონ და შს მინისტრის, დბარის გადადგომას მოითხოვონ.

ამ დღეებში მათ გარშემო ძალიან ცოტა ადამიანი იკრიბებოდა. არადა, უვადო შიმშილობა აქვთ გამოცხადებული და ამდენი დღეა ფეხს არ იცვლიან. ეს ერთი ათი წლის წინ რომ მომხდარიყო, ვეტერანებს რომ ეთქვათ, ქართველებს არ ვუცემივართ ასე ფეხებით, ომის დროს, როგორც ჩვენებმა გაგვიმეტესო, აუცილებლად მთელი ქვეყანა შეიკრიბებოდა, მაგრამ ახლა ფაქტია, განწყობები შეიცვალა ვეტერანების, მთავრობის, არსებული რეალობის, მომავლის მიმართ. გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, ძვრები დაწყებულია... დანარჩენს თქვენ დაარქვით სახელი, ვიდრე ამ პატარა ბიჭს მოღალატეს უწოდებდეთ!" - წერს იანა ჩამბა.

"ეს დაუდი აფხაზეთში არც ცხოვრობს, ალბათ სულ რამდენჯერმე იქნება სამშობლოში ნამყოფი და ეტყობა, ქართველების სამეგობროში გაიზარდა, თბილისში ხშირად ეპატიჟებიან, ხინკალი და ქართული ლუდი შეაყვარეს. არ ვიცი, ვის გულისხმობს, როდესაც ამბობს, ბევრი მხარდამჭერი მყავსო, მაგრამ აფხაზეთში მას არავინ იცნობს, თორემ ასე არ ილაპარაკებდა..." - მიაჩნია ვლადიმირ გაბუნიას.

"წაიყვანონ და დაიტოვონ თბილისში. ასეთების მეტი რა ჰყავთ იქ. იქიდან რომ გვარიგებენ ჭკუას, რუსეთი გაგგუდავთ, ასიმილაცია გარდაუვალიაო. ეს ის აფხაზები არიან, საზღვარგარეთ ქართველებთან რომ მეგობრობენ და მერე თავიანთი ნარატივის დამკვიდრებასა და ჩვენი სახელით ლაპარაკს ცდილობენ. თუმცა, ასეთ პატრიოტებს მინდა ვურჩიო, ქართველებს თქვენთვის არ სცალიათ, ჯერ ერთმანეთში ერკვევიან, პრეზიდენტი ციხეში ჰყავთ, ყოველდღე აქციებს მართავენ. დანის წვერზე დადიან..." - წერს ამირა კვარჩია.

"თუ ჩვენი ხელმძღვანელობა დამოკიდებულებას არ შეცვლის და ეროვნულ კადრებს არ ავირჩევთ, ასეთი მიმართვები მოხშირდება, რადგან ხალხი იმედგაცრუებულია, ისინი ხედავენ, რომ ჩვენს გარშემო ყველა ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს, ჩვენ კი, წლებია, შევყურებთ ამ რუსეთს. ჩვენი პრეზიდენტი ყოველ კვირა მოსკოვშია და ვინ იცის, რა გარიგებები ხდება კრემლის დარბაზებში, როგორ მიუბრუნდება ჩვენს მომავალ თაობას..." - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს ლაშა დოჩიას.