ავტორი:

თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?

თბილისში ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის სპორტსმენი დააკავეს - რა ვერსიები სახელდება მკვლელობის სავარაუდო მოტივად?

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახველდიანის ქუჩაზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ბიჭი, კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია. საქმის მასალების თანახმად, მან მასაჟის სალონში ტაილანდის 38 წლის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა.

ბრალდებული მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში დასაქმებულ ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, "ტვ პირველი“ ერთ-ერთ ვერსიად ტრანსფობიურ ნიადაგს ასახელებს. კერძოდ, ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო. კიდევ ერთი ვერსიით კი, მხარეები მომსახურების საფასურზე ვერ შეთანხმდნენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის სპორტსმენი დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ვაჩე ცაკაშვილის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ "ტვ პირველს" განუცხადა, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

"ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს და დუმილის უფლებას იყენებს. ეს რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობითაა დაწყებული, თუმცა დღეს უკვე დანამდვილებით გვეცოდინება 108-ე მუხლია თუ სხვა დამამძიმებელი გარემოება. კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც განზრახ მკვლელობას დაადასტურებდა, საქმეში არ არის, თუმცა ბრალდების მხარეს შეუძლია კვლავ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ერთობლიობაში ვინმეს გაუჩნდეს ვარაუდი, განზრახ მკვლელობისა. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით მას საუბარი არ სურს"- აცხადებს ცაკაშვილის ადვოკატი "ტვ პირველთან". ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქმის მასალებში მრავლად არის ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლითაც მტკიცდება, რომ ცაკაშვილი მკვლელობის დროს მასაჟის სალონში იმყოფებოდა.