ავტორი:

"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა

"რეჟიმის დროს ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი -  ხვალ თავისუფალი ადამიანები შემოვუძახებთ ერთმანეთს" - ირაკლი ზარქუა

ჩვენ არ ვითვლით არც თავებს და არც იმას, ვინ, რამდენი მოვა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ხვალინდელი შეკრება ოპოზიციისთვის იმის დემონსტრირება, თუ რამდენი ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, მსგავსი შეკრება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაანონსა.

„წინასაარჩევნოდ, მეორე ტურის წინ ჩვენ ვთქვით, რომ ერთი შემაჯამებელი აქცია იქნებოდა მეორე ტურამდე და სწორედ ეს არის. ასე იყო რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მეორე ტური გვქონდა. ბევრი ვართ, შევხვდებით, კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს, რომ მარტივია არჩევანის გაკეთება განვითარებასა და ნგრევას შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება შუღლსა და სიცოცხლით სავსე ქალაქს შორის. მარტივია არჩევანის გაკეთება სკოლების, ბაღების გაყიდვასა და პირიქით, რეაბილიტაცია-აშენებას შორის. არავინ არავის წინაღმდეგ არ არის. პირიქით, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ძალიან ბევრი ვართ. ჩვენ ვართ აქცენტირებული განვითარებასა და დედაქალაქის წარმატებაზე, ეს არის ჩვენი ხელწერა“,- განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, სწორედ ერთიანობით მოიპოვებს 30 ოქტომბერს ყველა ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებას პარტია „ქართული ოცნება“.

მან ასევე განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ხვალინდელ აქციაზე იძულებით გამოჰყავს ხელისუფლებას საჯარო მოხელეები. ზარქუას თქმით, მსგავსი ფაქტები წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„ეს რეჟიმის დროს იყო, ხელის გადაგრეხვით მოჰყავდათ ხალხი და ძალით აკრევინებდნენ ტაშს. გახსოვთ წაგებული ომის შემდეგ კონცერტით და სიმღერით რომ ართობდა მოსახლეობას, ეს იყო რეალობა და ფაქტი. ხვალ თავისუფალი ადამიანები კიდევ ერთხელ შემოვუძახებთ ერთმანეთს და ვეტყვით, რომ 30 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება მარტივია - განვითარებასა და ნგრევას შორის, სიძულვილის ენასა და საქმის კეთებას შორის“, - განაცხადა ზარქუამ.