ავტორი:

"შეიძლება ღამით ცუდად გახდეს, ვერც მიუსწროს ადამიანმა" - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ

"შეიძლება ღამით ცუდად გახდეს, ვერც მიუსწროს ადამიანმა" - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავენ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღურად და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. შესაბამისად მედიკოსები ფიქრობენ, რომ ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.

„უკვე 26 დღეა, რც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად მძიდება, შეიძლება ითქვას კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. დღეს ჩვენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას - არც ახლა და არც არასდროს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24 საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზე შეთანხმდა კონსილიუმი. ეს რესურსი ციხის სამკურანალო დაწესებულებას არ გააჩნია, რაც სახალხო დამცველმაც თქვა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ეკატერინე მხეიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საგანგაშო ვითარებაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.

„26 დღეა შიმშილობს და მხოლოდ სითხეებს იღებს, ეს ძალიან დიდი რისკია. შეიძლება ღამით, როდესაც საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს და პათოლოგია ისეთი დამძიმებული ფორმით განუვითარდეს ამ ფონისა და შიმშილობის გამო, ვერც მიუსწროს ადამიანმა, რომ რეანომობილით სადღაც გადაიყვანონ. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, საგანგაშო მდგომარეობაა, ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაცის თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღეთ ეს, როგორც უკიდურესი საგანგაშო გაფრთხილება, მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში უკვე მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს“, - განაცხადა მხეიძემ.

ექიმის განმარტებით, ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოველ წამს დამძიმდეს.

„შეიძლება გზაშიც ისეთი მდგომარეობა განვითარდეს, რომ უკუქცევადი პროცესები დაიწყოს. მოგმართავთ თხოვნით და გაფრთხილებთ, ეს ისეთი რისკია, გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24 საათიანი მეთვალყურეობა, მონიტორინგი, ანალიზების საშუალება, დაკვირვება“, - განაცხადა მხეიძემ.

ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტის, ვატო სურგულაძის თქმით, დღეს ჩვენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გვაქვს.

“ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს გამოცხადებული სიკვდილის, უფრო სწორედ მკვლელობის ქრონიკა. დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ არაფერი არ არის დაცული. ადამიანს ძალით ვერ აჭმევ და ვერ უმკურნალებ, მაგრამ მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა მონიტორინგისა და მკურნალობის სურვილი. ამ შემთხვევაში ზუსტად ის კლინიკა სჭირდება. „ვივამედის“ კლინიკა არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი, მულტიპროფილურია და აქვს იუსტიციის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება. ყოველთვიურად 500-მდე პაციენტი გადადის იქ ციხეებიდან. რა პრობლემა გახდა ასეთი?!“,-განაცხადა სურგულაძემ.